2015 წლის ივლისში, პროგრამა Breakthrough Initiatives-მა გამოაცხადა, რომ იწყებდა ათწლიან ინიციატივას, არამიწიერი გონიერი სიცოცხლის ძებნის (SETI) უმსხვილეს პროექტს.
ამ ინიციატივას Breakthrough Listen უწოდეს და აერთიანებს მოწინავე პროგრამულ უზრუნველყოფას და დაკვირვებებს, რომელთა მიზანიც არამიწიერი ტექნოლოგიების აქტივობათა (ტექნოხელწერა) პოვნაა.
ბოლო წლებში Breakthrough Listen-მა ორჯერ გამოაქვეყნა მონაცემები და დააანონსა ნასასთან თანამშრომლობა ეგზოპლანეტების მძებნელ ტელესკოპ TESS-ის გამოყენებით.
ცოტა ხნის წინ კი, Breakthrough Listen-მა გვამცნო, რომ გამოაქვეყნებს კატალოგს, სახელად „ეგზოტიკას“ — იმ ობიექტთა მრავალფეროვან სიას, რომლებიც ტექნოხელწერებისა და გონიერი არამიწიერი სიცოცხლის მძებნელი ასტრონომების ინტერესის საგანი უნდა იყოს.
ამ კატალოგის გამოქვეყნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შეიცავს ობიექტებსა და გარემოებს, სადაც შეიძლება ყვაოდეს სიცოცხლის ჩვენთვის უცნობი ფორმები.
თუმცა, Breakthrough Listen-ი და ამ დრომდე ჩატარებული SETI-ს ყველა პროექტი ფოკუსირებულია სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილ ფორმაზე. მთლიანად გამორიცხულია აქცენტი სიცოცხლის სხვა ფორმების ძებნაზე.
ამ პრობლემის ნაწილი ისტორიულად იყო ჩვენი ხელსაწყოები. სამყარო წარმოუდგენლად უზარმაზარია, იქნებ უსასრულოც. ყველაზე საუკეთესო შეფასებებით, სამყაროს დაკვირვებადი ნაწილის დიამეტრი სავარაუდოდ 96 მილიარდი სინათლის წელია.
ამავე დროს, რისი დანახვაც შეგვიძლია, წარმოადგენს აინშტაინის ფარდობითობის სპეციალური თეორიის საგანს, რომლის მიხედვითაც, სინათლე არა მხოლოდ მუდმივია, არამედ კოსმოსური აბსოლუტიც.
ამის გამო, აუცილებელია, რომ ასტრონომები კოსმოსს ძალიან ფრთხილად დააკვირდნენ, რათა განსაზღვრონ, რა შეიძლება იყოს სიცოცხლის ან აქტივობის ნიშნები ფონური ხმაურის ფონზე.
გარდა ამისა, პრობლემაა ჩვენი დამოწმების სისტემაც. მიუხედავად იმისა, რომ მოწინავე კოსმოსური კვლევები თითქმის საუკუნეა მიმდინარეობს, დედამიწა ჯერ კიდევ ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი ადგილია, სადაც სიცოცხლეა, ადამიანები კი ტექნოლოგიურად მოწინავე სახეობის ერთადერთი მაგალითია.
თუმცა, იქნებ გონიერი არამიწიერი სიცოცხლე სულაც არ ჰგავს კაცობრიობას და ცხოვრობს ეგზოტიკურ გარემოში, რომელიც ჩვენი სტანდარტების მიხედვით ექსტრემალურია? მათ შორის შეიძლება იყოს უკიდურესი ტემპერატურის მქონე გარემო, მაგალითად, ცხელი იუპიტერების ატმოსფეროს მსგავსი, ანდაც ვარსკვლავის სისტემის შორეული მისადგომების ყინულოვანი გარემო.
მათ შორის ასევე შეიძლება იყოს ნეიტრონულ ვარსკვლავთა უკიდურესი გრავიტაცია, გალაქტიკური ბირთვებისა და ვარსკვლავთგროვების ძლიერი რადიაცია.
სწორედ ეს გახლავთ Breakthrough Listen-ის კატალოგ „ეგზოტიკას“ მშვენება — 700-ზე მეტი შორეული სამიზნის კოლექცია დაკვირვებად სამყაროში.
სიაში იხილავთ კომეტებს, გალაქტიკებსა თუ სამყაროს უიშვიათეს და სასტიკ ფენომენებს. საბოლოო ჯამში, ამ კატალოგის მიზანია კვლევების თვალსაწიერის გაფართოება.
ამ გზით ჯგუფი იმედოვნებს, რომ გაზრდის გონიერი არამიწიერი სიცოცხლის მტკიცებულებათა პოვნის ალბათობას, ხელს შეიწყობს ასტროფიზიკურ კვლევებს და შთააგონებს ამჟამინდელი დახასიათების სისტემებს.
„ასტრონომიაში მრავალი აღმოჩენა სულ არ ყოფილა დაგეგმილი. ზოგჯერ მნიშვნელოვანი ახალი აღმოჩენა ვერ კეთდება, რადგან არავინ იხედება შესაფერისი ადგილისკენ, იმიტომ, რომ მიაჩნიათ, იქ ვერაფერს იპოვნიან. ასე მოხდა ეგზოპლანეტების შემთხვევაში, რომელთა დაფიქსირებაც 1990-იან წლებამდეც იყო შესაძლებელი, თუკი ასტრონომები ვარსკვლავურ სისტემებს მზის სისტემისგან ძალიან განსხვავებულად შეხედავდნენ. ვეძებთ თუ არა ტექნოხელწერებს არასწორ ადგილებში? კატალოგი „ეგზოტიკა“ ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება“, — ამბობს კვლევის ავტორი, ბერკლის არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნის კვლევების ცენტრის ასტროფიზიკოსი ბრაიან ლაკი.
მოხერხებულობისათვის, კატალოგში ობიექტები დაყოფილია ოთხ კატეგორიად — პროტოტიპები, უმაღლესები, ანომალიები და საკონტროლო ნიმუში.
პროტოტიპთა სია მოიცავს ყოველი ცნობილი ციური ობიექტიდან სულ მცირე ერთს, რომელიც ღირებულად და რეალისტურად მიიჩნევა დაკვირვებათა სამიზნედ. მათ შორისაა პლანეტები და მთვარეები, ყველა ასაკის ვარსკვლავი (ახალგაზრდა, ბებერი, მთავარი მიმდევრობის, წითელი გიგანტი და ა. შ.), ვარსკვლავთგროვები, გალაქტიკები და კვაზარები.
უმაღლესთა კატეგორია მოიცავს ობიექტებს, რომლებსაც ყველაზე ექსტრემალური ან რეკორდული მახასიათებლები აქვთ. ზოგიერთი მაგალითია ცხელი პლანეტები, ლითონების უმაღლესი შემცველობის მქონე ვარსკვლავები, უშორესი კვაზარები, სწრაფად მბრუნავი პულსარები, უმკვრივესი გალაქტიკები და ა. შ.
ანომალიების კატალოგში თავმოყრილია სამიზნეები, რომელთა ქცევაც ჯერ აუხსნელია.
ამის მაგალითია ე. წ. ტაბის ვარსკვლავი და მისი იდუმალი ჩაბნელებების მახასიათებლები; ვარსკვლავთშორისი ობიექტი ოუმუამუა, რომელიც მზის სისტემაში 2017 წელს შემოიჭრა; სწრაფი რადიოსიგნალები (FRB), განსაკუთრებით განმეორებადები; ჭარბი ინფრაწითელი რადიაციის მქონე ვარსკვლავები, რისი მიზეზიც შეიძლება, მათ გარშემო არსებულ ვრცელ მეგასტრუქტურათა სიცხე იყოს.
საკონტროლო ნიმუშთა კატეგორიაში შედის ობიექტები, რომლებისგანაც რაიმე დადებით შედეგს არ უნდა ველოდოთ.
საბოლოო ჯამში, Breakthrough Listen-ი იმედოვნებს, რომ კატალოგ „ეგზოტიკას“ დახმარებით ასტრონომები შეძლებენ პასუხი გასცენ ზოგიერთ ურთულეს კითხვას არამიწიერ ცივილიზაციათა შესახებ. მაგალითად, იმედოვნებენ, რომ გარკვეულ სინათლეს მოჰფენენ ფერმის ყბადაღებულ კითხვას — „სად არის ყველა?“. ანდაც უფრო ზუსტად, რატომ ვერ ვიპოვეთ სამყაროში ვინმე სხვისი არსებობის რაიმე მტკიცებულება?
„ტექნოხელწერები ამ დრომდე ძირითადად ფოკუსირებულია „სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმების“ ძებნაზე — ახლომდებარე ვარსკვლავებზე, განსაკუთრებით ისეთებზე, რომლებთანაც ვიცით, რომ არის ზედაპირზე თხევადი წყლის პოტენციალის მქონე პლანეტები. ძებნის გაზრდილი შესაძლებლობები, რომლებიც Breakthrough Listen-მა გახადა შესაძლებელი, ტექნოხელწერათა ძებნის საშუალებას უფრო ფართო დიაპაზონში გვთავაზობს“, — ამბობს Breakthrough Listen-ის სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი, კალიფორნიის უნივერსიტეტის არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნის ცენტრის მკვლევარი ენდრიუ სიმიონი.
წლების განმავლობაში წარმოიშვა რამდენიმე თეორია იმის შესახებ, თუ რატომ ვერ იპოვა კაცობრიობამ ვერასოდეს არამიწიერ ცივილიზაციათა რაიმე მტკიცებულება.
ამის კლასიკური მაგალითია ჰარტ-ტიპლერის ვარაუდი (სახელი ეწოდა ასტროფიზიკოს მაიკლ ჰარტისა და მათემატიკოს/კოსმოლოგ ფრენკ ტიპლერის მიხედვით), რომელმაც პოპულარობა 1980-იან წლებში მოიპოვა. ამ თეორიის მიხედვით, ფერმის პარადოქსის ყველაზე მარტივი პასუხია — დიახ, ჩვენ სამყაროში ნამდვილად მარტონი ვართ.
სხვა თეორიების მიხედვით კი, პრობლემა მდგომარეობს ჩვენს ხელსაწყოებში და იმის წინასწარ შეფასებაში, სად შეიძლება აღმოცენებულიყო სიცოცხლე. კოსმოსის უსასრულო ზომებისა და შესაძლო ცივილიზაციებს შორის მანძილებიდან გამომდინარე, აზროვნების ეს სკოლა ირწმუნება, რომ არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნის მკვლევრებმა მოთმინება უნდა გამოიჩინონ და დაელოდონ ტექნოლოგიურ მიღწევებს.
კიდევ ერთი შესაძლებლობის მიხედვით, ჩვენ უბრალოდ სწორ ადგილებში არ ვეძებთ და უნდა გავაფართოვოთ პოტენციურ სამიზნეთა სია.
სწორედ ამას ემსახურება კატალოგი „ეგზოტიკა“ — „თვალსაწიერის გაფართოების“ სახელით ცნობილ კონცეპტს, რომლის მიხედვითაც, საკვლევ ობიექტთა გაფართოებამ შეიძლება დადებით შედეგებამდე მიგვიყვანოს.
ერთი მხრივ, ასტრონომებმა შეიძლება დაადგინონ, რომ ვარსკვლავურ სისტემებსა და გალაქტიკებს შიგნით არის „სასიცოცხლო ზონის“ უფრო ფართო დიაპაზონი, ანდაც გაარკვიონ, რომ ის, რაც ბუნებრივი ფენომენი გვეგონა, სინამდვილეში ხელოვნური წარმოშობისაა.
მეორე მხრივ კი, შეიძლება აღმოაჩინონ, რომ არსებობს ბუნებრივი მოვლენები ან ჩარევის ისეთი ტიპები, რომლებიც იმეორებენ იმ სახის ხელოვნურ სიგნალთა თვისებებს, რომლებზეც არამიწიერ ცივილიზაციათა მძებნელები ნადირობენ.
„როდესაც საქმე ეხება გონიერი არამიწიერი სიცოცხლის ძებნას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გახსნილი გონება. იქამდე, ვიდრე რაიმეს გავიგებთ სხვა ცივილიზაციებისა და მათი ტექნოლოგიების შესახებ, უნდა ვიკვლიოთ შესაძლო სამიზნეები. კატალოგიზაცია ამ მიზნისკენ მიმავალი პირველი ნაბიჯია“, — ამბობს Breakthrough Initiatives-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნასას ეიმსის კვლევითი ცენტრის ყოფილი დირექტორი პიტ ვორდენი.
ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ბოლო წლებში აღმოჩენილი ეგზოპლანეტების რაოდენობის, კოსმოსური ტელესკოპებისა და ობსერვატორიების დახვეწის წყალობით, „კოსმოსურ თივის ზვინში“ ნემსის პოვნა მხოლოდ დროის საკითხია.
ამასობაში კი, არ გვაწყენდა, რომ გადავხედოთ ჩვენს მეთოდებს და ტექნოხელწერების ჩვენეულ აღქმას. არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნაში გახსნილი გონება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მძლავრი ინსტრუმენტები.
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.