შორეულ გალაქტიკაში გიგანტური ვარსკვლავი უეცრად გაქრა და არავინ იცის, სად — #1TVმეცნიერება
შორეულ გალაქტიკაში გიგანტური ვარსკვლავი უეცრად გაქრა და არავინ იცის, სად — #1TVმეცნიერება

მასიური ვარსკვლავები თქვენი მანქანის გასაღები არ არის, რომ სადმე დაგეკარგოთ. თუმცა, ერთი მასიური ვარსკვლავი, რომელსაც ასტრონომები ათი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, ახლა სრულიად გაქრა.

ეს ვარსკვლავი სიცოცხლის ძალიან გვიანდელ ეტაპზე იმყოფებოდა და 2001-2011 წლებში ძალიან კაშკაშებდა, როდესაც მას ასტრონომთა სხვადასხვა ჯგუფები რეგულარულად აკვირდებოდნენ, რათა უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ ვარსკვლავების სიცოცხლის დასასრულის შესახებ. თუმცა, 2019 წელს მიმდინარე დაკვირვებებისას, ვარსკვლავის ნიშნები საერთოდ გაქრა.

ამის შემდეგ, საიდუმლო კიდევ უფრო გაღრმავდა. როდესაც ვარსკვლავის გაქრობის რაიმე მიზეზის საპოვნელად მკვლევრებმა 2011 და 2016 წლების საარქივო მონაცემებს ჩახედეს, აღმოჩნდა, რომ 2011 წელს მისი სინათლე ჩანდა, 2016 წელს კი უკვე აღარ. 2011 წლის შემდეგ, ვარსკვლავი როგორღაც, კვალის გარეშე გამქრალიყო.

არსებობს ნამდვილად საინტერესო შესაძლებლობა — ვარსკვლავი შავ ხვრელად კოლაფსირდა, სუპერნოვად აფეთქების გარეშე, რაც აქამდე ასეთი მოვლენის აუცილებელ კომპონენტად მიიჩნეოდა.

„თუ ეს მართლაც ასეა, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პირდაპირ დავაფიქსირეთ, რომ ასეთმა მონსტრმა ვარსკვლავმა სიცოცხლე ამ სახით დაასრულა“, — ამბობს დუბლინის ტრინიტის კოლეჯის ასტროფიზიკოსი ენდრიუ ალენი.

თუმცა, ცოტა უფრო რთულია იმის გარკვევა, რა მოხდა სინამდვილეში. ეს ყველაფერი ჩვენგან 75 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე ჯუჯა გალაქტიკა PHL 293B-ში ხდება. ასეთ მანძილზე ინდივიდუალურ ვარსკვლავთა გამორჩევა შეუძლებელია, რადგან ამის ტექნოლოგია უბრალოდ არ გაგვაჩნია.

თუმცა, არსებობს ვარსკვლავთა ტიპი, რომელსაც კაშკაშა ცისფერ ცვალებადებს უწოდებენ და მათ სინათლის ადვილად შეცნობადი ხელწერა აქვთ. ეს ვარსკვლავები მასიურია სუპერგიგანტის და ჰიპერგიგანტის მასშტაბებზე და სიცოცხლის მიწურულს. შედეგად, ისინი უკიდურესად კაშკაშა და არასტაბილურია; მათი სინათლე დრამატულად იცვლება როგორც სიკაშკაშეში, ისე სპექტრში, რადგან ახასიათებთ ანთებები და ამოფრქვევები.

ჯუჯა გალაქტიკაზე ჩატარებული ადრეული დაკვირვებებისას ასეთი ხელწერა შენიშნეს, რაც მიუთითებდა, რომ ამ ვარსკვლავის სიკაშკაშე მზისას 2,5 – 3,5-მილიონჯერ აჭარბებდა. 2019 წელს, ასტრონომებმა მისკენ ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ძალიან დიდი ტელესკოპის (VLT) ოთხივე ტელესკოპი მიმართეს, მაგრამ ნამდვილი შოკი მიიღეს, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ვარსკვლავი აღარსად ჩანდა.

„ძლიერ უჩვეულოა, რომ ასეთი ვარსკვლავი სუპერნოვას კაშკაშა აფეთქების გარეშე გაქრეს“, — ამბობს ალენი.

თუმცა, ბოლო წლებში გაჩნდა მტკიცებულებები, რომ ასეთ ვარსკვლავებს პირდაპირ შავ ხვრელად კოლაფსირება შეუძლიათ, სუპერნოვად აფეთქების გარეშე. 2017 წელს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც ასეთივე ფენომენს აღწერდა ჩვენგან 22 მილიონი სინათლის წლით დაშორებულ გალაქტიკაში — წითელი გიგანტი ვარსკვლავი, რომელიც უცბად აკაშკაშდა, შემდეგ კი საერთოდ გაქრა, რამაც ასტრონომებს აფიქრებინა, რომ ვარსკვლავმა განიცადა წარუმატებელი სუპერნოვა, შემდეგ კი კოლაფსი.

დაკვირვებებზე დაყრდნობით, ჯგუფს მიაჩნია, რომ ვარსკვლავი PHL 293B 2001-2011 წლებში ამოფრქვევის მდგომარეობაში იყო. ამის შემდეგ კი, არსებობს ორი მთავარი შესაძლებლობა.

პირველი გახლავთ ის, რომ ვარსკვლავი თანდათან ჩაბნელდა, შემდეგ კი მის მიერვე ამოტყორცნილი მატერიის ღრუბელმა დაჩრდილა, რომელიც მიმდებარე სივრცეში გროვდებოდა; დიდი ალბათობით, სწორედ ასეთმა მტვრის ღრუბელმა დაჩრდილა ირმის ნახტომის წითელი გიგანტი ბეტთელგეიზე 2020 წლის დასაწყისში. ამ სცენარის მიხედვით, მტვრის ამ ღრუბლის მიღმა მოქცეული ვარსკვლავი ამოფრქვევას უნდა აგრძელებდეს, მაგრამ ჩვენ მას უბრალოდ ვეღარ ვხედავთ.

2009-2019 წლებში მიმდინარე ახლო ინფრაწითელმა დაკვირვებებმა გამორიცხა ცხელი მტვრის ღრუბელი, მაგრამ ჯერ არ ჩატარებულა შუა ინფრაწითელი დაკვირვებები, რომელსაც შეუძლია დაადასტუროს ან გამორიცხოს ცივი მტვრის ღრუბლის არსებობა; შესაბამისად, ეს სცენარი კვლავ განიხილება.

მეორე სცენარის მიხედვით, ამოფრქვევა შეიძლება ყოფილიყო ვარსკვლავის „სასიკვდილო კრუნჩხვა“, რომელიც 2011 წლის შემდეგ უცბად დასრულდა, რადგან ვარსკვლავი შავ ხვრელად კოლაფსირდა. ვარსკვლავის თავდაპირველი მასა 85-120 მზის მასას შეადგენდა, რაც ოდნავ დაბლაა წყვილურ-არასტაბილური სუპერნოვას დიაპაზონისთვის, რომელშიც ვარსკვლავი კოლაფსის ნაცვლად ნამსხვრევებად იქცევა.

არ არის გამორიცხული, რომ ვარსკვლავმა გადაიტანა დაუფიქსირებელი სუპერნოვა, მაგრამ ასეთ მასიურ კაშკაშა ცისფერ ცვალებადს უნდა წარმოექმნა სუპერნოვას შემდგომი ნათება, რომელიც ცაში აფეთქების შემდეგ სულ მცირე ხუთი წლის განმავლობაში კაშკაშებს.

ამჟამინდელი მონაცემებით რაიმე საბოლოო დასკვნის გამოტანა შეუძლებელია. გაუჩინარებული ვარსკვლავის საიდუმლოს ამოხსნა მხოლოდ შემდგომ დაკვირვებებს შეუძლია, ტალღის სიგრძეთა სხვადასხვა დიაპაზონში.

კვლევა Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eso.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.