აღმოჩენილია სრულიად ახალი ტიპის უცნაური, პულსირებადი ვარსკვლავი
აღმოჩენილია სრულიად ახალი ტიპის უცნაური, პულსირებადი ვარსკვლავი

ასტრონომებმა აღმოაჩინეს ძალიან პატარა ტიპის ძალიან ცხელი ვარსკვლავი, რომელიც ყოველ რამდენიმე წუთში ბნელდება და კვლავ კაშკაშდება, რადგან მისი გარე ფენები წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობს. მათი განცხადებით, ეს ვარსკვლავი შესაძლოა, მეცნიერებისთვის აქამდე სრულიად უცნობი ტიპის ვარსკვლავთა წინაპარი იყოს.

ამ ვარსკვლავებს ქვეჯუჯა პულსატორებს უწოდებენ და შეიძლება, დაკავშირებული იყვნენ ბოლო დროს აღმოჩენილ კიდევ ერთ იშვიათ და იდუმალ ტიპთან, რომელსაც დიდი ამპლიტუდის ცისფერ პულსატორებს უწოდებენ.

საინტერესოა, რა უცნაურობები ახასიათებს ამ პულსირებად ვარსკვლავებს?

კალიფორნიის უნივერსიტეტის ფიზიკოსის, თომას კუპფერის განცხადებით, პულსირება მრავალ ვარსკვლავს ახასიათებს, მათ შორის ჩვენს მზესაც; იმ ვარსკვლავებს, რომლებსაც სიკაშკაშის დიდი ცვლილება ახასიათებთ, რადიალურ პულსატორებს უწოდებენ და ისინი მთლიანი ვარსკვლავის ზომის ცვლილებასთან ერთად „სუნთქავენ“.

მართალია, ჩვენი მზეც პულსირებს, მაგრამ მისი ციკლი 11-წლიანია და ამ პერიოდის განმავლობაში სიკაშკაშე მხოლოდ 0,1 პროცენტით იცვლება. შესაბამისად, იგი პულსატორი ვერ იქნება.

ზომისა და ტემპერატურის ცვლილების გამო, პულსატორების სიკაშკაშე შეიძლება შეიცვალოს 10 პროცენტით.

Zwicky Transient Facility-ს პროგრამის მიერ შეგროვებულ მონაცემებში ასტრონომებმა ოთხი ახალი ვარსკვლავი აღმოაჩინეს, რომლებიც ყოველ 200-475 წამში პულსირებენ, რა დროსაც მათი სიკაშკაშე 5 პროცენტით იცვლება.

სიკაშკაშის ასეთი ცვლილების წარმოქმნა შეუძლიათ ჩაბნელებად ბინარებს (ორმაგი ვარსკვლავური სისტემა) და შესაბამისად, პირველ რიგში საჭირო იყო ასეთი შემთხვევის გამორიცხვა, სანამ მათ ახალი ტიპის კლასიფიკაციას მიანიჭებდნენ. როცა ასეც მოხდა, მკვლევართა ჯგუფი მიხვდა, რომ შესაძლოა, საქმე ჰქონდათ ქვეჯუჯა B ვარსკვლავების ახალ კლასთან.

ქვეჯუჯა B ვარსკვლავები ნამდვილად საინტერესოა. ისინი საკმაოდ პატარებია, ზომაში დაახლოებით მზის 10 პროცენტი, მაგრამ აქვთ საკმაოდ მაღალი სიმკვრივე. ასეთ პატარა დიამეტრში თავმოყრილია მზის მასის 20-50 პროცენტი.

ისინი ძალიან ცხლად იწვიან, ცისფერ სპექტრში, 20 000-40 000 გრადუს ცელსიუსზე. შესაბამისად, ისინი ძალიან, ძალიან კაშკაშაა. მიჩნეულია, რომ ისინი წარმოიქმნენ მზეზე რვაჯერ მეტი მასის მქონე ვარსკვლავთა ევოლუციურ გზაზე, მათი სიკვდილისას.

როდესაც ეს ვარსკვლავები ბირთვში ამოწურავენ სინთეზისთვის საჭირო წყალბადს, იწყებენ ჰელიუმის სინთეზს და წითელ გიგანტად იბერებიან. ქვეჯუჯა B ეწოდება ეტაპს, როცა წითელ გიგანტს წყალბადის გარე ფენები შემოეცლება და სანამ დაიწყება ჰელიუმის სინთეზი. ამ ყველაფერზე სავარაუდოდ გავლენას ახდენს ბინარული კომპანიონი ვარსკვლავი, მაგრამ ზუსტი მექანიზმი მაინც უცნობია.

შედეგად, რჩება ციცქნა, ცხელი, მკვრივი ცისფერი ვარსკვლავი. ზოგიერთი მათგანი პულსირებას იწყებს.

V361 Hya კლასს ახასიათებს წნევის რყევების რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ პულსაციებს წარმოქმნის ვარსკვლავის შიდა წნევის რყევები. V1093 Her კლასი გრავიტაციული რეჟიმის პულსატორებია, ანუ მათ პულსირებას გრავიტაციის ტალღები (არ უნდა აგვერიოს გრავიტაციულ ტალღებში) წარმოქმნის.

ცხელი ქვეჯუჯა პულსატორების რყევების მამოძრავებელ ზუს მექანიზმს მკვლევრები ამ დრომდე ეძებენ, მაგრამ სჯერათ, რომ ის შეიძლება იყოს არასტაბილური რადიალური რეჟიმები, რასაც ე. წ. კაპას მექანიზმი წარმოქმნის. ამ დროს ვარსკვლავის რკინის შემადგენლობა წარმოქმნის ენერგიის ფენას, რაც პულსაციას იწვევს.

მათივე რწმენით, კიდევ ერთ განსხვავებას უნდა განაპირობებდეს მათ ბირთვებში მიმდინარე პროცესები. მიჩნეულია, რომ ქვეჯუჯა B ვარსკვლავები ასინთეზირებენ ჰელიუმს, როგორც ბირთვში, ისე ბირთვის გარშემო არსებულ ქერქში. მკვლევართა აზრით, ცხელი ქვეჯუჯა პულსატორები თავიანთ გარე საფარს იქამდე კარგავენ, ვიდრე ჰელიუმი საკმარისად ცხელი და მკვრივია სინთეზისთვის.

მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ პულსაცია წააგავს დიდი ამპლიტუდის ცისფერი პულსატორებისას, რომლებიც მხოლოდ 2017 წელს აღმოაჩინეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვარსკვლავთა ეს ორი ტიპი შეიძლება, ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული.

კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.ucsb.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი