აღმოჩენილია სამი „ზომბი“ ვარსკვლავი, რომლებიც სუპერნოვად აფეთქების შემდეგ კვლავ გაცოცხლდნენ
აღმოჩენილია სამი „ზომბი“ ვარსკვლავი, რომლებიც სუპერნოვად აფეთქების შემდეგ კვლავ გაცოცხლდნენ

მიჩნეულია, რომ სუპერნოვად აფეთქების შედეგად სიკვდილის შემდეგ, ვარსკვლავებს სიცოცხლე აღარ უბრუნდებათ, მაგრამ ასტრონომებმა შენიშნეს სამი ვარსკვლავი, რომლებსაც სწორედ ასე დაემართათ. ისინი გადაურჩნენ კატასტროფულ აფეთქებას, რომელიც როგორც წესი, ვარსკვლავის სიკვდილსა და მისი ნარჩენების ახალ თავგადასავალს მოასწავებს.

ასტრონომთა აზრით, ეს „ზომბი“ ვარსკვლავები სავარაუდოდ ვარსკვლავთა სრულიად ახალ კლასს მიეკუთვნება.

ასეთი „ზომბი“ ვარსკვლავები იშვიათია, მაგრამ მათ შესახებ ცნობილია. 2017 წელს შენიშნეს მსგავსი კოსმოსური ობიექტი, სახელად LP 40-365. როგორც ჩანს, სამ ახალ ვარსკვლავს ამ უკანასკნელთან ბევრი რამ აქვს საერთო, მათ შორის შედარებით დიდი ზომა და მცირე მასა.

როგორც კვლევაში წერია, ახალი დაკვირვებების შედეგად ჩნდება მოსაზრება, რომ LP 40-365-ის მსგავსად, ახალი ვარსკვლავები ნაწილობრივ დამწვარი თეთრი ჯუჯებია, რომლებიც თერმობირთვულ სუპერნოვას გადაურჩნენ ერთჯერადი დეგენერირების სცენარით.

მეცნიერთა ვარაუდით, სუპერნოვას ახალი ტიპი, სახელად ტიპი Iax, თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის გარდა შეიძლება ტოვებდეს კიდევ რაღაცას და პირველად აფეთქებას სწორედ ის იწყებს, რის გამოც, საბოლოო აფეთქება სუსტი ან გარკვეულწილად სხვანაირია.

ასტრონომთა ჰიპოთეზის მიხედვით, Iax ტიპის სუპერნოვასთვის ორი ვარსკვლავი ერთიანდება და გადამწყვეტი ბირთვული სინთეზი ხდება მხოლოდ სპეციალურ ბუშტში, რაც იმას ნიშნავს, რომ მატერიის გარკვეული ნაწილი გარბის. ახლად აღმოჩენილი ვარსკვლავები ამ ჰიპოთეზას უფრო ამყარებს.

ახლად აღმოჩენილ ვარსკვლავებს ასტრონომებმა J1603−6613, J1825−3757, და J0905+2510 უწოდეს. აქვთ ატმოსფერო, რომელიც ძირითადად ნეონის, ჟანგბადისა და მაგნიუმისაგან შედგება. ეს ფაქტი საკმაოდ უჩვეულოა, მაგრამ კარგად ეთავსება იმას, რაც სუპერნოვას აფეთქების შედეგად გადარჩენილს უნდა ჰქონდეს. როგორც ჩანს, ვარსკვლავთა დიდი წილი დაიწვა, მაგრამ რაღაც მაინც დარჩა.

ასტროფიზიკოს ეშლი პანოტას განცხადებით, როგორც ჩანს, ისინი სუპერნოვად აფეთქებას ცდილობდნენ, რასაც ბოლომდე ვერ მიაღწიეს; მათ ცეცხლის ალები გამოუშვეს და შემდეგ სხვა მხარეს შებრუნდნენ.

ამ ზომბ ვარსკვლავთა შესახებ ჯერ არც ისე ბევრი რამ ვიცით, მათ შორის არც მათი ასაკი, მაგრამ აღმოჩენა ასტრონომებს ძლიერ აგულიანებს. ამ ტიპის ვარსკვლავებს ჯგუფი განსაკუთრებით ეძებდა — განსაკუთრებით დაბალი მასისა და მაღალი სიჩქარის მქონეებს. ამისათვის კოსმოსურ ტელესკოპ გაიასა და სხვა ინსტრუმენტების მიერ შეგროვებულ მონაცემებს იყენებდნენ.

სრულიად შესაძლებელია, სამყაროში ასეთი ვარსკვლავი კიდევ ძალიან ბევრი იყოს. ასტრონომთა განცხადებით, საჭიროა უფრო მეტი თეორიული მუშაობა და ახალი ღრმა დაკვირვებები, რათა გავარკვიოთ, წარმოადგენს თუ არა ეს ობიექტები ვარსკვლავთა მართლაც ახალ კლასს.

თუ ეს მართლაც ასეა, მეცნიერებს უკან დაბრუნება და სუპერნოვას აფეთქების შესახებ მეტი დეტალის გარკვევა მოუწევთ. პირველ რიგში საჭიროა დადგინდეს, რატომ შეიძლება ყოველთვის არ ინგრეოდეს თავდაპირველი ვარსკვლავის ყველა კვალი.

ასტრონომთა განცხადებით, ამ ვარსკვლავთა აღმოჩენა საკვანძო ცნობებს მოგვაწვდის სუპერნოვას აფეთქების მექანიზმის, პროპორციების, ბირთვული სინთეზის შემოსავლებისა და თერმობირთვული გაფართოების შესახებ.

კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.