ადამიანებმა ორ ფეხზე სიარული შესაძლოა, ახლომდებარე ვარსკვლავის აფეთქების გამო დაიწყეს - ახალი კვლევა
ადამიანებმა ორ ფეხზე სიარული შესაძლოა, ახლომდებარე ვარსკვლავის აფეთქების გამო დაიწყეს - ახალი კვლევა

ადამიანები ჩვენი წინაპარი პრიმატებისგან მრავალმხრივ განვსხვავდებით, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სხვაობა ორ ფეხზე სიარულის უნარია. თუმცა, კამათის საგანია, როდის გამოიმუშავეს ჩვენმა წინაპრებმა ეს თვისება. მეცნიერებს ახალი მოსაზრება აქვთ — შესაძლოა, ამის ერთ-ერთი მიზეზი ცაში მომხდარი გიგანტური აფეთქება იყო.

დამაინტრიგებლად ჟღერს, არა? ახალ კვლევაში ასტრონომთა მიერ წამოყენებული ჰიპოთეზის მიხედვით, სიცოცხლის ბოლო ეტაპზე აფეთქებულმა ვარსკვლავმა, მოვლენამ, რომელსაც სუპერნოვას უწოდებენ, დედამიწა შესაძლოა კოსმოსური რადიაციით დაბომბა; ეს პროცესი 8 მილიონი წლის წინ უნდა დასრულებულიყო და 2,6 მილიონი წლის წინ მინელებულიყო.

რადიაციას უნდა მოეხდინა დედამიწის ატმოსფეროს ქვედა ფენის იონიზაცია, რასაც საოცრად უნდა გაეზარდა მეხის ჩამოვარდნის შემთხვევები. ეს კი თავის მხრივ გაზრდიდა ტყის ხანძრებს, რაც მოსპობდა აფრიკის ტყეებს, საიდანაც პირველი ადამიანები მოდიან; შედეგად უნდა გაჩენილიყო არაერთი სავანა.

ორ ფეხზე სიარული (ბიპედალიზმი) ადამიანს მრავალ უპირატესობას ანიჭებს, განსაკუთრებით კი აფრიკის სავანებში, სადაც სიმაღლე სავანაში ხილვადობას ზრდის.

კანზასის უნივერსიტეტის ასტრონომისა და ფიზიკოსის, ადრიან მელოტის განცხადებით, მიჩნეულია, რომ ორ ფეხზე სიარულის გარკვეული ტენდენცია ჰომინინებში ამ მოვლენამდეც შეინიშნებოდა.

თუმცა, როგორც იგი აღნიშნავს, ისინი ძირითადად ხეებზე ცოცვაზე იყვნენ მორგებული. მას შემდეგ კი, რაც ტყეები სავანებად გარდაიქმნა, ერთი ხიდან მეორემდე მისასვლელად ჰომინინებს დიდი საძოვრების გავლა უწევდათ, შესაბამისად, უფრო დახვეწეს წელში გამართულად სიარული.

მკვლევართა განცხადებით, ამის შემდეგ ადამიანებს ბალახზე მაღლიდან ყურება და მტაცებლების დანახვაც შეეძლოთ. სავარაუდოა, რომ ტყეების სავანად გარდაქმნამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბიპედალიზმში (ორ ფეხზე სიარული).

სუპერნოვასა და სავანებს შორის კავშირი შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასტრონომებს საკმაოდ დამაჯერებელი მტკიცებულებები აქვთ.

რამდენიმე წლის წინ, უძველესი, გამქრალი ზღვის ფსკერზე ასტრონომებმა რკინა-60-ის იზოტოპების ფენა იპოვეს. ცნობილია, რომ დედამიწაზე ამ იზოტოპის წარმოქმნის ბუნებრივი მექანიზმი არ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უდავოდ კოსმოსიდან უნდა მოსულიყო. იმის გამო, რომ მას ნახევრად დაშლის პერიოდი აქვს, შესაძლებელია მისი ზუსტი დათარიღებაც.

ამ იზოტოპებში ორი სხვადასხვა მოვლენის კვალი აღმოჩნდა. პირველი მათგანი 6,5-8,7 მილიონი წლის წინ არის მომხდარი, მეორე კი 1,7-3,2 მლნ წლის წინ, დედამიწიდან 300 და 167 წლის მანძილზე.

რკინა-60-ის იზოტოპებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მელოტის ჯგუფმა გაარკვია, რა შეიძლება მომხდარიყო დედამიწაზე ამ რადიაციული ბომბარდირების დროს.

პირველ რიგში გამოთვალეს სუპერნოვადან წამოსული კოსმოსური გამოსხივების მიერ დედამიწის ატმოსფეროს იონიზაციის მაჩვენებელი.

მელოტის თქმით, ატმოსფეროს ქვედა ფენის იონიზაციის მაჩვენებელი 50-ჯერ უნდა გაზრდილიყო. როგორც წესი, ამ ფენის იონიზაცია არ ხდება, რადგან კოსმოსური სხივები ასე შორს ვერ აღწევენ. თუმცა, სუპერნოვას მსგავსი სასტიკი მოვლენების დროს გამოყოფილი სხივები ზედაპირამდეც კი აღწევს.

იონიზაცია ხდება მაშინ, როცა ატომები და მოლეკულები ელექტრონების მიღების ან დაკარგვის შედეგად იმუხტება. ამ შემთხვევაში, კოსმოსურ სხივებს ელექტრონების დაკარგვა უნდა გამოეწვია. თავის მხრივ, ელექტრონები ხელს უწყობდა მიწის ზედაპირზე მეხის დაცემას, ანუ ელექტრონების დაკარგვას ელვის წარმოქმნა გაცილები უნდა გაემარტივებინა.

როგორ უკავშირდება ეს პროცესი ტყის ხანძრებს? ნიადაგში აღმოჩენილია ნახშირის ძალიან ბევრი დეპოზიტი, რომლებიც ზუსტად ემთხვევა კოსმოსური რადიაციით ბომბარდირების პერიოდს.

მელოტის განცხადებით, დაკვირვებები მიუთითებს, რომ მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრია მილიონობით წლის წინანდელი ნახშირი და მური, ამ დრომდე კი ვერავინ ხსნის, როგორ გაჩნდა ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა კლიმატურ ზონაში. სუპერნოვა ამ ყველაფერს კარგად ხსნის.

რა თქმა უნდა, ეს შესაძლოა ერთადერთი ახსნა არ იყოს, რადგან ევოლუცია ძალიან კომპლექსური ფენომენია, მაგრამ მეცნიერთა ამ ჯგუფის კვლევა საინტერესო კავშირს ამყარებს კოსმოსსა და ჩვენს წინაპრებს შორის.

კვლევა Journal of Geology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.ku.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.