ირმის ნახტომში მალე ორმაგი ვარსკვლავი აფეთქდება და შესაძლოა, გამა-გამოსხივებაც წარმოიქმნას
ირმის ნახტომში მალე ორმაგი ვარსკვლავი აფეთქდება და შესაძლოა, გამა-გამოსხივებაც წარმოიქმნას

დედამიწიდან 8000 სინათლის წლის მანძილზე, ღრიანკალის (მორიელის) თანავარსკვლავედში, გაწოლილია კოსმოსური „გველი“, რომელიც კუდზე საიდუმლო ნესტარს მალავს. კაშკაშა ტალღოვან მტვერში ასტრონომებმა აღმოაჩინეს ბინარული (ორმაგი) ვარსკვლავური სისტემა, რომელიც ირმის ნახტომის ყველა სხვა ვარსკვლავისგან განსხვავდება.

ეს გახლავთ ბებერი, უიშვიათესი, არასტაბილური ვარსკვლავური წყვილი, რომელიც სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მოვლენის — სუპერნოვად აფეთქების პიკზე იმყოფება. როგორც მეცნიერებმა განსაზღვრეს, როცა ეს მოხდება, დიდი ალბათობით წარმოიქმნება რაღაც კიდევ უფრო უჩვეულო — გამა-გამოსხივების ჭავლები.

საქმე ეხება ამ დრომდე ჩვენთვის ცნობილ ყველაზე ენერგეტიკულ მოვლენას — გამა-გამოსხივების ფეთქებად ჭავლებს, რომლებიც სულ რაღაც 10 წამში იმაზე მეტ ენერგიას გამოყოფს, რასაც მზე ათ მილიარდ წელიწადში. აღსანიშნავია, რომ მეცნიერებს ირმის ნახტომში წარმოქმნილი გამა-გამოსხივების აფეთქება ჯერ არასდროს დაუფიქსირებიათ.

ვარსკვლავურ სისტემას, რომელიც შესაძლოა, ამ მხრივ პირველი იყოს, აპოპს უწოდებენ, ქაოსის ძველეგვიპტური ღმერთ-გველის მიხედვით.

გადაჭრით ძნელია იმის გარკვევა, რამდენად უცნაურია აპოპი. ბინარული სისტემის ეს ორი ვარსკვლავი ვოლფ-რაიეს ტიპის არის. ეს გახლავთ ძალიან ცხელი, კაშკაშა, ძალიან ბებერი ვარსკვლავები, რომლებსაც როგორც წესი, მზეზე 25-ჯერ მეტი მასა აქვთ.

ეს განსაკუთრებული წყვილი მასას წარმოუდგენლად დიდი მაჩვენებლით კარგავს და სასტიკი აღსასრულისკენ მიიჩქარის.

იმის გამო, რომ ვარსკვლავთა სიცოცხლის ეს ეტაპი დიდხანს არ გრძელდება, ვოლფ-რაიეს ვარსკვლავები საკმაოდ იშვიათია. ირმის ნახტომში ასტრონომებს მხოლოდ რამდენიმე ასეული ასეთი ვარსკვლავი აქვთ აღმოჩენილი ჩვენი გალაქტიკის დაახლოებით 400 მილიარდ ვარსკვლავს შორის.

სწორედ ამიტომ არის ვოლფ-რაიეს ვარსკვლავებისგან წარმოქმნილი ბინარული სისტემის აღმოჩენა წარმოუდგენლად ამაღელვებელი. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ისინი არც ისე იშვიათი იყოს სამყაროში, რადგან დადგენილია, რომ ვარსკვლავთა 85 პროცენტი სწორედ ორმაგ სისტემებს მიეკუთვნება.

ასტროფიზიკოს პიტერ ტიუთილის განცხადებით, მასიურ ვარსკვლავთა უმეტესობა, მათ შორის ვოლფ-რაის ტიპიც, სავარაუდოდ მრავლობით სისტემებში იბადებიან. თუმცა, ვოლფ-რაიეს ვარსკვლავები იმდენად კაშკაშაა, რომ ძნელია მათი კომპანიონების შემჩნევა.

საინტერესოა, რატომ ვერ მოხერხდა ჩვენგან ასე ახლოს მდებარე ასეთი კაშკაშა ვარსკვლავების აქამდე აღმოჩენა?

მათი აღმომჩენის, ასტრონომ ჯოზეფ კალინგჰემის თქმით, ცის ეს რეგიონი იმდენად რთულია და ისეა გადაჭედილი კაშკაშა ვარსკვლავებით, რომ თითქმის ყველა კვლევა მას ურთულეს რეგიონად მიიჩნევს და თავს არიდებს.

როცა კალინგჰემმა თავის თავდაპირველი აღმოჩენა პიტერ ტიუთილს აჩვენა, ეს უკანასკნელი საკმაოდ განაცვიფრა ობიექტის ექსტრემალურმა ინფრაწითელმა მახასიათებლებმა. მან, როგორც ვიზუალიზაციის სპეციალისტმა, კალინგჰემს ურჩია უფრო ახლო ინფრაწითელი დაკვირვებები ჩაეტარებინათ ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ძალიან დიდი ტელესკოპით (VLT).

მართლაც, წყვილმა რაღაც ძალიან განსაკუთრებული იპოვა.

ეს გახლდათ ბინარული წყვილის გარშემო ამოკვეთილი მტვრისა და გაზის ტალღოვანი ჭავლი. ეს არის ბზრიალას ნისლეულის სახელით ცნობილ ნისლეულთა იშვიათი ტიპი. იგი შემჩნეულია მრავალ ისეთ ვარსკვლავურ სისტემაში, რომელშიც ერთ-ერთი აუცილებლად ვოლფ-რაიეს ტიპის ვარსკვლავია.

ნისლეული იბადება ორი ვარსკვლავის მიერ წარმოქმნილი წარმოუდგენლად მძლავრი ვარსკვლავური ქარის შედეგად. ორი ქარის შერწყმის ადგილას, მტვრის სპირალთა ჭავლები გარე მიმართულებით იწყებს წასვლას, სათამაშო ბზრიალას მსგავსად.

გარდა ამ ყველაფრისა, აპოპის სისტემა განსაკუთრებულია კიდევ ერთი რამის გამო — ნისლეულში არსებული გაზი გადაადგილდება წარმოუდგენელი სიჩქარით — წამში 3400 კილომეტრით.

თუმცა, საგრძნობლად მცირეა მტვრის სიჩქარე — 570 კმ/სთ. ასე მაშინ ხდება, როცა ვარსკვლავი საკუთარი ღერძის გარშემო უკიდურესად სწრაფად ბრუნავს, საკუთარ თავს თითქმის ფლეთს და პოლუსებთან წარმოქმნის მაღალსიჩქარიან ქარებს. ამ დროს გაცილებით ნელი ქარები წარმოიქმნება ეკვატორთან.

აპოპის ვოლფ-რაიეს ვარსკვლავთაგან ერთ-ერთი სწორედ ასე, წარმოუდგენლად მაღალი მაჩვენებლით ბრუნავს, რაც იმას ნიშნავს, რომ როცა ის საწვავს ამოწურავს, მოხდება სერიოზული აფეთქება. ეკვატორზე ადრე კოლაფსირდება პოლუსები, რაც მკვლევართა აზრით, წარმოქმნის გამა-გამოსხივების წარმოუდგენელ ჭავლებს.

ტიუთილის თქმით, ამას არავინ ელოდა და აქამდე არც არავის უნახავს. უფრო მეტიც, ასტრონომთა დიდი ნაწილს ვერც კი წარმოედგინა, რომ ირმის ნახტომში შესაძლებელი იყო ამ მდგომარეობაში მყოფი ვარსკვლავის არსებობა.

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ყოველდღიურობაში გამოყენებად სიტყვებს ხშირად, კოსმოსური თვალსაზრისით ხშირად სხვანაირი მნიშვნელობა აქვთ. მაგალითად, როცა ასტრონომები ამბობენ, რომ ეს ვარსკვლავური წყვილი მალე აფეთქდება, ნიშნავს იმას, რომ მათი აფეთქება მოსალოდნელია… უახლოესი რამდენიმე ასეულ-ათასი წლის განმავლობაში.

მანამდე კი, მკვლევართა განცხადებით, ეს სისტემა კვლევებისთვის უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.