ასტრონომები ვარსკვლავის აფეთქებასა და ახალი ვარსკვლავის დაბადებას დააკვირდნენ
ასტრონომები ვარსკვლავის აფეთქებასა და ახალი ვარსკვლავის დაბადებას დააკვირდნენ

ვარსკვლავის აფეთქება, იგივე სუპერნოვა, შესაძლოა, იმდენად ძლიერი იყოს, რომ მთლიანად დაჩრდილოს მასპინძელი გალაქტიკა. ისინი თვეების ან წლების განმავლობაში კაშკაშებენ, ხანდახან კი აფეთქების გაზოვანი ნარჩენები წყალბადით მდიდარ გაზს ეჯახება და კვლავ კაშკაშს იწყებს. მაგრამ საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა, სიკაშკაშე ყოველგვარი გარე ჩარევის გარეშე შენარჩუნდეს?

აშშ-ის პურდიუს უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის პროფესორს, დენ მილისავლევიჩს სჯერა, რომ სწორედ ეს იხილა სუპერნოვა SN 2012au-ს აფეთქებიდან ექვსი წლის შემდეგ.

„ამ ტიპის, ასეთი გვიანი აფეთქება აქამდე არ გვენახა. ხილული დარჩა იქამდე, ვიდრე რაიმე სახის ურთიერთქმედება მოხდებოდა ვარსკვლავის მიერ აფეთქებამდე დატოვებულ წყალბადის გაზთან. მონაცემებში არ შეინიშნება წყალბადთან სპექტრული მოქმედება — ენერგია მას რაღაც სხვამ მიანიჭა“, — ამბობს დენ მილისავლევიჩი.

დიდი ვარსკვლავის აფეთქებისას, მისი წიაღი კოლაფსირდება წერტილამდე, რომელზეც მათი შემადგენელი ყველა ნაწილაკი ნეიტრონი ხდება. წარმოიქმნება ნეიტრონული ვარსკვლავი, რომელმაც მაგნიტური ველისა და საკმარისად სწრაფად ბრუნვის შემთხვევაში, შეიძლება, წარმოქმნას პულსარის ქარის ნისლეული, იგივე პლერიონი.

Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, დიდი ალბათობით, სწორედ ეს მოხდა SN 2012au-ს შემთხვევაში.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ სუპერნოვას აფეთქებები წარმოქმნიან ამ ტიპის სწრაფად ბრუნვად ნეიტრონულ ვარსკვლავებს, მაგრამ მათი არსებობის პირდაპირი მტკიცებულება დროის ასეთ უნიკალურ შუალედში, აქამდე არასოდეს გვქონდა ნანახი. ეს საკვანძო მომენტია, როცა პულსარის ქარის ნისლეული იმდენად კაშკაშაა, რომ ნათურასავით ანათებს აფეთქების შედეგად გამოტყორცნილ მატერიას“, — აღნიშნავს მილისავლევიჩი.

SN 2012au მეცნიერთათვის აქამდეც ცნობილი იყო თავის მრავალგვარი უცნაურობითა და ექსტრაორდინალურობით. მიუხედავად იმისა, რომ აფეთქება საკმაოდ ძლიერი არ იყო, რათა „სუპრკაშკაშა“ სუპერნოვა ეწოდოს, ის გახლდათ უკიდურესად ენერგიული და ხანგრძლივი, ჩაქრა სინათლის ნელი გამრუდების მსგავსად.

მილისავლევიჩის პროგნოზით, თუკი მკვლევრები უკიდურესად კაშკაშა სუპერნოვების ადგილების მონიტორინგს გააგრძელებენ, შესაძლოა, იგივე ტრანსფორმაციები იქაც იხილონ.

მისი თქმით, თუკი აფეთქებული ვარსკვლავის ცენტრში მართლაც პულსარი ან მაგნეტარის ქარის ნისლეულია, შესაძლოა ის გარეთ გამოვარდეს და გაზებიც კი ააჩქაროს. იგი დარწმუნებულია, რომ თუკი ასეთ მოვლენებს რამდენიმე წლის შემდეგ მივუბრუნდებით და ფრთხილად შევისწავლით, შესაძლოა, ვიხილოთ აფეთქებიდან უფრო სწრაფად გამომავალი ჟანგბადით მდიდარი გაზი.

სუპერკაშკაშა სუპერნოვა გარდამავალი ასტრონომიის ტოპ-თემაა. ისინი გრავიტაციული ტალღებისა და შავი ხვრელების პოტენციური წყაროებია. ასტრონომთა აზრით, ისინი შესაძლოა ასევე დაკავშირებული იყოს სხვა სახის აფეთქებებთან, მაგალითად გამა-გამოსხივების ან სწრაფ რადიოსიგნალთა აფეთქებებთან. მკვლევრებს ამ მოვლენათა მიღმა არსებულ ფუნდამენტურ ფიზიკაში გარკვევა სურთ, მაგრამ მათზე დაკვირვება უკიდურესად რთულია, რადგან იშვიათად ხდება და ისიც, დედამიწიდან ძალიან შორს.

ასეთ მოვლენებზე დეტალური დაკვირვება შესაძლებელი იქნება მხოლოდ შემდეგი თაობის უკიდურესად ძლიერი ტელესკოპებით.

„ეს სამყაროს ფუნდამენტური პროცესია. ასეთი აფეთქებების გარეშე ჩვენ არც კი ვიარსებებდით. სიცოცხლისთვის საჭირო ელემენტთა უმეტესობა სწორედ სუპერნოვების აფეთქების დროს არის წარმოქმნილი — ჩვენს ძვლებში არსებული კალციუმი, ჟანგბადი, რომლითაც ვსუნთქავთ, რკინა ჩვენს სისხლში. ვფიქრობ, ჩვენთვის, როგორც სამყაროს მოქალაქეთათვის, ამ პროცესებში გარკვევა უკიდურესად მნიშვნელოვანია“, — ამბობს კვლევის ავტორი, აშშ-ის პურდიუს უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის პროფესორი, დენ მილისავლევიჩი.

მომზადებულია purdue.edu-ს მიხედვით.

დატოვე კომენტარი