წითელი სინათლის მკრთალმა, ციცქნა ნათებამ, რომელმაც კოსმოსურ განთიადში, დაახლოებით 13 მილიარდი წლის წინ გაიელვა, რეკორდსმენი გახდა — წარმოადგენს ყველაზე ადრეული სუპერნოვა ამ დრომდე დაფიქსირებულთა შორის.
ის დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 720 მილიონი წლის შემდეგ მოხდა, ძლიერი აფეთქება რეიონიზაციის ეპოქაში და დაჯაბნა წინა რეკორდსმენი — სუპერნოვა, რომელიც მაშინ მოხდა, როცა სამყარო 1,8 მილიარდი წლის იყო.
არის ერთი ძალიან საინტერესო მომენტი — ახალი რეკორდსმენის სინათლე სივრცე-დროის მასიური გრავიტაციული გამრუდებითაც კი არ ყოფილა გაძლიერებული, რაც როგორც წესი, საჭიროა ხოლმე ასე შორეული სინათლის გასადიდებლად.
თუმცა, ყველაფერი კიდევ უფრო უცნაურია. ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ახალი ანალიზების თანახმად, მოვლენა სრულიად ნორმალური, სტანდარტული სუპერნოვა იყო, არ გააჩნდა რაიმე განსაკუთრებულობა, რომელიც მას ჩვეულებრივზე მეტად კაშკაშას გახდიდა.
აღმოჩენა დაიწყო ფრანგულ-ჩინურმა თანამგზავრმა SVOM-მა, რომელიც ცას დედამიწის გარშემო ორბიტიდან აკვირდება და ეძებს სამყაროს ყველაზე კაშკაშა მოვლენებს — გამა-გამოსხივების ანთებებს. გამა-რადიაციის ეს ძლიერი აფეთქებები რამდენიმე წამში იმაზე მეტ ენერგიას გამოყოფს, ვიდრე მზე მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში.
2025 წლის 14 მარტს, SVOM-ის ინსტრუმენტებმა დააფიქსირა სინათლის ციმციმი, რომელიც ახლოდან შემოწმებისას ჰგავდა მხოლოდ გამა-გამოსხივების ხანგრძლივი ანთების სიკაშკაშის პიკს დიდ მანძილზე, სინათლის მრუდის უფრო მკრთალი დაბოლოებები აღემატებოდა დაფიქსირების ზღვარს.
შემდეგ დაკვირვებებში ჩაერთო სხვადასხვა ინსტრუმენტი, მათ შორის NASA-ს ობსერვატორია Swift-ი, ნორდიკული ოპტიკური ტელესკოპი და ევროპის კოსმოსური სააგენტოს ძალიან დიდი ტელესკოპი (VLT), რომლებმაც დაადასტურეს ამ აფეთქებამდე მანძილი — GRB 250314A დაფიქსირდა 7,3 წითელი წანაცვლებით, ანუ დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 720 მილიონი წლის შემდეგ.
„ბოლო 50 წელიწადში აღმოჩენილ გამა-გამოსხივების ანთებებს შორის, მხოლოდ რამდენიმეა ისეთი, რომელიც დიდი აფეთქებიდან პირველ მილიარდ წელში მოხდა. ეს კონკრეტული მოვლენა ძალიან იშვიათი და ძალიან საინტერესოა“, — ამბობს ნიდერლანდების რედბუდის უნივერსიტეტის ასტრონომი ენდრიუ ლევანი.

ამ დროს წარმოიქმნება სინათლე ტალღის სხვადასხვა სიგრძეში, რომელიც პიკს აფეთქებიდან გარკვეული ხნის, როგორც წესი, რამდენიმე კვირის შემდეგ აღწევს.
ამიტომ, მას შემდეგ, რაც GRB 250314A გამოვლინდა და დადასტურდა მისი მანძილი სივრცე-დროში, ასტრონომებმა ჯეიმს ვებს მიმართეს, რათა დაკვირვებოდა ზუსტად მაშინ, როცა ცალკეული სუპერნოვას აფეთქება პიკს უნდა აღწევდეს.
თუმცა, სამყაროს გაფართოება წარმოქმნის კოსმოსური დროის გაჭიმვის ეფექტს, რაც მკვლევრებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ; ეს კი იმას ნიშნავს, რომ სუპერნოვას პიკის დაფიქსირება შესაძლებელი იყო თავდაპირველი გამა-გამოსხივების ანთების შემჩნევიდან რამდენიმე თვის შემდეგ.
„მხოლოდ ვებს შეეძლო იმის პირდაპირ ჩვენება, რომ ეს სინათლე სუპერნოვას ეკუთვნოდა — კოლაფსირებულ მასიურ ვარსკვლავს. ამ დაკვირვებებმა ასევე აჩვენა, რომ ვების გამოყენება შეგვიძლია იმ პერიოდის ცალკეულ ვარსკვლავთა საპოვნელად, როცა სამყარო ამჟამინდელი ასაკის მხოლოდ ხუთი პროცენტის ხნის იყო“, — ამბობს ლევანი.
მკვლევართა გასაკვირად, ჯეიმს ვების დაკვირვებებმა გამოავლინა სუპერნოვა, რომელიც ძლიერ ჰგავდა ჩვენს ახლომახლოს დაფიქსირებულ სუპერნოვებს.
„საკითხს ცივი გონებით მივუდექით. და აი, ვებმა აჩვენა, რომ ეს სუპერნოვა ზუსტად თანამედროვე სუპერნოვების მსგავსია“, — ამბობს ბრიტანეთის ლესტერის უნივერსიტეტის ასტრონომი ნიალ ტანვირი.
ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მოვლენა სამყაროს ისტორიის კრიტიკულ მომენტში მოხდა, როცა ვარსკვლავებისა და გალაქტიკების რადიაცია ჯერ კიდევ იონიზაციის პროცესში იყო ადრეული სამყაროს ნეიტრალური წყალბადის სქელ, გაუმჭვირვალე ნისლში; იონიზაციის პროცესმა სივრცე გამჭვირვალე გახადა და სინათლეს მასში თავისუფლად გაღწევის საშუალება მისცა.
დიდი ხანია, მეცნიერებს სურთ გაარკვიონ, როგორ გამოიყურებოდა ეს იონიზებადი ვარსკვლავები და გალაქტიკები და რით შეიძლება ყოფილიყვნენ ისინი განსხვავებული მოგვიანებით წარმოქმნილი ვარსკვლავებისა და გალაქტიკებისგან.
მოვლენა GRB 250314A-ს წარმომქმნელი სუპერნოვა მიუთითებს, რომ რეიონიზაციის ეპოქის სულ მცირე ზოგიერთი ვარსკვლავი უფრო მოგვიანებით გაჩენილთა მსგავსი იყო.
აღმოჩენა ასევე მიუთითებს, რომ ადრეულ სამყაროში სულაც არ უნდა ველოდოთ ბოლოდროინდელ გამა-გამოსხივების ანთებებზე გაცილებით კაშკაშა ასეთ მოვლენებს. ამან კი თავის მხრივ შეიძლება მიგვიყვანოს კოსმოსის უშორეს, ბნელ ხანაში უფრო მეტი ასეთი მოვლენის აღმოჩენასთან.
კვლევა Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა ორ პუბლიკაციად, აქ და აქ.
მომზადებულია esawebb.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.



