ვარსკვლავი, რომელიც აფეთქდა, მაგრამ გადარჩა და 60 წლის შემდეგ ისევ აფეთქდა - საოცარი აღმოჩენა
ვარსკვლავი, რომელიც აფეთქდა, მაგრამ გადარჩა და 60 წლის შემდეგ ისევ აფეთქდა - საოცარი აღმოჩენა

როგორც წესი, როდესაც ვარსკვლავი სუპერნოვა ხდება, ეს უკვე განაჩენია. იგი მკვდარია, მშვიდობით. თუმცა, ახალმა აღმოჩენამ შეიძლება სრულიად შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა ვარსკვლავის სიკვდილზე.

ასტრონომებმა აღმოაჩინეს ვარსკვლავი, რომელიც სუპერნოვა გახდა, მაგრამ ისევ შეიკუმშა და 60 წლის შემდეგ, კვლავ სუპერნოვას სტადიაში გადავიდა.

სუპერნოვა სახელწოდებით iPTF14hls, 2014 წელს აღმოაჩინეს; ერთი შეხედვით, ძალიან ჰგავდა სხვა სუპერნოვებს და II-P ტიპის კლასიფიკაცია მიანიჭეს.

ამ ტიპის სუპერნოვებში, მასიური ვარსკვლავის ბირთვი ნეიტრონულ ვარსკვლავად კოლაფსირდება, შოკურ ტალღებს გზავნის წყალბადით მდიდარ გარე საბურველში, რომელსაც ის კოსმოსში ტყორცნის. გამოტყორცნილი მატერია იონიზებულია შოკური ტალღების მიერ; მოგვიანებით, ის ცივდება და და კვლავ რეკომბინირდება.

სუპერნოვა iPTF14hls-ის სპექტროგრაფიული მახასიათებლები II-P ტიპის სუპერნოვას იდენტური იყო. მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ, მან ჩაიდინა რაღაც ისეთი, რაც როგორც წესი, სუპერნოვებს არ ახასიათებთ — ხელახლა აკაშკაშდა.

600-დღიანი დაკვირვების განმავლობაში, იგი რამდენჯერმე ჩაბნელდა და კვლავ აენთო — სულ მცირე ხუთჯერ სამ წელიწადზე ნაკლებ პერიოდში. როგორც წესი, სუპერნოვა სიკაშკაშის პიკს აღწევს, ანათებს რამდენიმე თვის მანძილზე, შემდეგ კი სტაბილურად ბნელდება.

საარქივო მონაცემებთან დაბრუნებისა და შესწავლისას, ლას-კუმბრესის ობსერვატორიის მკვლევრებმა რაღაც გასაოცარს მიაგნეს — 1954 წელს, აფეთქება ფიქსირდებოდა ზუსტად იმავე ადგილას.

„ეს სუპერნოვა აცამტვერებს ყველაფერს, რაც გვეგონა, რომ მათი მოქმედების პრინციპის შესახებ ვიცოდით“, — ამბობს სანტა-ბარბარას კალიფორნიის უნივერსიტეტისა და ლას-კუმბერსის ობსერვატორიის წამყვანი მკვლევარი ლაირ არსავი.

„ეს გახლავთ უდიდესი გამოცანა მათ შორის, რასაც კი ვარსკვლავურ აფეთქებათა ათწლიანი კვლევის განმავლობაში შევხვედრივარ“.

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ დოკუმენტში, მკვლევრებმა გამოთვალეს, რომ iPTF14hls-ის თავდაპირველი ვარსკვლავი დიდი ყოფილა — ჩვენს მზეზე სულ მცირე 50-ჯერ მასიური და სავარაუდოდ, მასზე ბევრად ვრცელი.

„სინამდვილეში, სუპერნოვა iPTF14hls შეიძლება ყველაზე მასიური ვარსკვლავური აფეთქება იყოს ამ დრომდე დაფიქსირებულთა შორის“, — ამბობს სანტა-ბარბარას კალიფორნიის უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, მკვლევარი ლარს ბილდშტენი.

მკვლევართა აზრით, iPTF14hls-ის პოტენციური ახსნა ისაა, რომ იგი პულსაციური არასტაბილური სუპერნოვაა; თუკი ასეა, ეს იქნება მასზე დაკვირვების პირველი შემთხვევა.

ეს გახლავთ მოვლენა, რომელიც როგორც ჩანს, არის სუპერნოვა და რომელმაც არ გაანადგურა მასპინძელი ვარსკვლავი; როგორც წესი, ასეთი რამ 95-130 მზის მასის მქონე ვარსკვლავებში ხდება.

ამ ამოფრქვევების დროს, ვარსკვლავი კარგავს თავის გარე ფენას, იძრობს 1025 მზის მასას და მისი წონა 100 მზის მასის ქვემოთ ჩამოდის. მსგავსი მოვლენები შეიძლება განმეორდეს მანამ, სანამ ვარსკვლავი თანდათან შავ ხვრელად არ გადაიქცევა.

არსებობს ჰიპოთეზა, მაგრამ ჯერ დამტკიცებული არაა, რომ გემის ხერხემლის ეტა A-ს 1843 წლის ამოფრქვევა პულსაციური არასტაბილური სუპერნოვა იყო.

„აქამდე მიიჩნეოდა, რომ ასეთი აფეთქებები მხოლოდ ადრეულ სამყაროში ხდებოდა და დღეს აღარსად უნდა გვხვდებოდეს“, — ამბობს მკვლევარი ენდი ჰოუელი.

„დაახლოებით იგივენაირი აღმოჩენაა, დღეს რომ ცოცხალი დინოზავრი ვიპოვოთ. და თუკი იპოვით, აუცილებლად დასვამთ კითხვას — არის თუ არა ის ნამდვილად დინოზავრი“.
მაგრამ ამ ჰიპოთეზას თან ახლავს ერთი პრობლემა. პულსაციური არასტაბილური სუპერნოვას მოდელი მხედველობაში არ იღებს წყალბადის განუწყვეტლივ არსებობას.

1954 წლის აფეთქების შემდეგ, სუპერნოვა iPTF14hls-მა თავის გარსში ათობით მზის მასის ოდენობის წყალბადი შეინარჩუნა. გარდა ამისა, ვარსკვლავის ბოლო აფეთქებამ იმაზე მეტი ენერგია გამოიყენა, ვიდრე პულსაციური არასტაბილური სუპერნოვას შემთხვევაში უნდა ყოფილიყო.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ სუპერნოვა iPTF14hls ნამდვილად, ნამდვილად უცნაური პულსაციური არასტაბილური სუპერნოვაა ან რაღაც სრულიად ახალი. ჯგუფი მასზე დაკვირვებას განაგრძობს იმის იმედით, რომ დროთა განმავლობაში, მის საიდუმლოს ფარდას ახდიან.

„საქმე ეხება რაღაც გამოუცნობი ტიპის მოვლენას“, — ამბობს ლოურენს-ბერკლის ეროვნული ლაბორატორიის მკვლევარი პიტერ ნუჯენტი.

„თავდაპირველად ვიფიქრეთ, რომ ეს იყოს რულიად ნორმალური და მოსაწყენი მოვლენა. მაგრამ ამის შემდეგ, სიკაშკაშე არ იკლებდა, არ იცვლებოდა და ასე გრძელდებოდა თვიდან-თვემდე“.

„ერთად მოვუყარეთ თავი რამდენიმე ტელესკოპის მონაცემებს, არქივიდან ამოვიღეთ 1954 წლის მონაცემებიც და ნელ-ნელა დავიწყეთ იმის გარკვევა, თუ რასთან შეიძლება საქმე გვქონოდა“.

„ნამდვილად მსურს, სხვა ასეთი ობიექტიც ვიპოვოთ“.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

 

ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი სუპერნოვას — კასიოპეა A-ს ნარჩენები.

მომზადებულია keckobservatory.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი