არსებობს თუ არა გონიერი სიცოცხლე სხვა პლანეტებზე და რა შეიძლება იყოს ამის ნიშანი
არსებობს თუ არა გონიერი სიცოცხლე სხვა პლანეტებზე და რა შეიძლება იყოს ამის ნიშანი

1995 წელს, ორმა მეცნიერმა აღმოაჩინე მზის სისტემის გარეთ არსებული პლანეტა, რომელიც მზის ტიპის ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს. ამ აღმოჩენისათვის 2019 წელს მათ ფიზიკაში ნობელის პრემია გადაეცათ. მას შემდეგ, მეცნიერებმა უკვე 4000-ზე მეტი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, მათ შორის ზოგიერთი დედამიწის მსგავსია და შესაძლოა, მათზე სიცოცხლეც იყოს.

იმისათვის, რათა დააფიქსირონ, არის თუ არა პლანეტაზე სიცოცხლე, საჭიროა, მეცნიერებმა პირველ რიგში განსაზღვრონ, რა მახასიათებლები მიუთითებს სიცოცხლის არსებობაზე.

უკვე ათ წელიწადზე მეტია, მეცნიერები აქტიურად ცდილობენ გაარკვიონ, სიცოცხლის მარტივი ფორმების რა კვალი, ანუ „ბიოხელწერა“ შეიძლება არსებობდეს სამყაროში. თუმცა, რა ხდება, თუ უცხო პლანეტაზე არსებობს გონიერი სიცოცხლე, რომელმაც ტექნოლოგიური ცივილიზაცია შექმნა? იქნება თუ არა იქ იმ ცივილიზაციის მიერ წარმოქმნილი „ტექნოხელწერები“, რომელთა დაფიქსირებაც დედამიწიდანაც შესაძლებელია? ან იქნება თუ არა ეს ტექნოხელწერები ბიოხელწერებზე უფრო ადვილად დასაფიქსირებელი?

როჩესტერის უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის პროფესორმა ადამ ფრანკმა ნასასგან გრანტი მიიღო, რომელიც მას ამ კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალებას მისცემს. გრანტი დააფინანსებს მის კვლევას ტექნოხელწერების შესახებ; ტექნოხელწერა, იგივე ტექნომარკერი არის სხვა პლანეტებზე წარსულში ან ამჟამად გამოყენებული ტექნოლოგიების დაფიქსირებადი ნიშნები. ეს გახლავთ ნასას მიერ გაცემული პირველი გრანტი არა-რადიო ტექნოხელწერების საძებნელად, რაც არამიწიერი ცივილიზაციების ძებნის ახალი, ამაღელვებელი მიმართულებაა. კვლევაში ჩართული არიან მეცნიერები ფლორიდის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან, ჰარვარდისა და პენსილვანიის უნივერსიტეტებიდან.

„არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნა (SETI) აღმოჩნდა გამოწვევის წინაშე — სად ვეძებოთ? რომელი ვარსკვლავისკენ უნდა მივმართოთ ტელესკოპი სიგნალების საძებნელად? ახლა უკვე ვიცით, სად ვეძებოთ. გვაქვს ათასობით ეგზოპლანეტა, მათ შორის პლანეტები სასიცოცხლო ზონაში, იქ, სადაც სიცოცხლეს აღმოცნება შეუძლია. თამაშის წესები შეიცვალა“, — ამბობს ფრანკი.

შეიცვალა ძებნის ბუნებაც. ცივილიზაციას ბუნებრივად სჭირდება ენერგიის წარმოების გზების მოძებნა; როგორც ფრანკი აღნიშნავს, სამყაროში ენერგის ძალიან ბევრი ფორმაა და უცხოპლანეტელები ჯადოქრები არ არიან.

მართალია, სიცოცხლე შეიძლება მრავალი ფორმის იყოს, მაგრამ ის ყოველთვის დაფუძნებული იქნება იმავე ფიზიკურ და ქიმიურ პრინციპებზე, რაც სამყაროს უდევს საფუძვლად. იგივე კავშირი უნდა იყოს ცივილიზაციის ჩამოყალიბებაშიც; ნებისმიერი ტექნოლოგია, რომელსაც არამიწიერი ცივილიზაცია იყენებს, უნდა ეფუძნებოდეს ფიზიკასა და ქიმიას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მკვლევრებს შეუძლიათ გამოიყენონ ის, რაც დედამიწის ლაბორატორიებში ისწავლეს.

„იმედი მაქვს, რომ ამ გრანტით შევაფასებთ ჩვენი მსგავსი ან გაცილებით მოწინავე არამიწიერი ტექნოლოგიური ცივილიზაციების კვლევის ახალ გზებს“, — ამბობს კვლევის მონაწილე, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ავი ლოები.

მკვლევრები პროექტს იმ ორი შესაძლო ტექნოხელწერის მოძებნით დაიწყებენ, რომლებიც შეიძლება, სხვა პლანეტაზე ტექნოლოგიური აქტივობის მანიშნებელი იყოს:

მზის პანელები. ვარსკვლავები ენერგიის ერთ-ერთი უდიდესი გენერატორებია სამყაროში. დედამიწაზე ენერგიას მოვიპოვებთ ჩვენი ვარსკვლავის მზისგან; შესაბამისად, ფრანკის აზრით, ვარსკვლავის ენერგიის გამოყენება საკმაოდ ბუნებრივი რამ უნდა იყოს სხვა ცივილიზაციისთვისაც. თუ ცივილიზაცია ბევრ მზის პანელს იყენებს, მათი პლანეტიდან არეკლილ სინათლეს გარკვეული სპექტრული ხელწერა, ანუ შთანთქმული ან არეკლილი ტალღის სიგრძეები უნდა ჰქონდეს, რაც იქ ასეთი კოლექტორების არსებობის მანიშნებელი იქნება. მკვლევრები აპირებენ განსაზღვრონ ვარსკვლავის ენერგიის ფართომასშტაბიანი პლანეტური კოლექტორების სპექტრული ხელწერა.

დამაბინძურებლები. კვლევის კიდევ ერთი მონაწილე, პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის პროფესორი ჯეისონ ვრაითი ამბობს, რომ გრძელი გზა გავიარეთ იმის გასარკვევად, როგორ შეიძლება სხვა პლანეტებზე დავაფიქსიროთ სიცოცხლე მათ ატმოსფეროში არსებული აირების საშუალებით. დედამიწაზე, შეგვიძლია დავაფიქსიროთ ჩვენს ატმოსფეროში არსებული ქიმიური ნივთიერებები მათ მიერ შთანთქმული სინათლის საშუალებით. ამ ნივთიერებებს შორის არის მეთანი, ჟანგბადი და ხელოვნური აირები, მათ შორის ქლოროფთოროკარბონები (CFC), რომლებსაც ერთ დროს გამაცივებელ დანადგარებში ვიყენებდით. ბიოხელწერის კვლევები ფოკუსირებულია ისეთ ქიმიურ ნივთიერებებზე, როგორიცაა მეთანი, რომელსაც სიცოცხლის მარტივი ფორმები წარმოქმნის. ფრანკი და მისი კოლეგები მოახდენენ ისეთ ქიმიურ ნივთიერებათა კატალოგიზაციას, რომლებიც ინდუსტრიული ცივილიზაციის არსებობის მანიშნებელი იქნება.

ინფორმაცია თავს მოიყრის ტექნოხელწერების ონლაინ-ბიბლიოთეკაში, რომელსაც ასტროფიზიკოსები შედარების ხელსაწყოს სახით გამოიყენებენ.

„ჩვენი საქმეა ვთქვათ, რომ ‘ტალღის სიგრძის ეს დიაპაზონი სწორედ ის არის, სადაც შეიძლება იპოვო გარკვეული ტიპის დამაბინძურებლები; ეს ტალღის სიგრძე კი ის არის, სადაც შეგიძლია იპოვო მზის პანელების მიერ არეკლილი სინათლე’“, — ამბობს ფრანკი.

მისივე თქმით, შორეულ ეგზოპლანეტებზე დამკვირვებელი ასტრონომები ამ გზით შეძლებენ გაარკვიონ, სად და როგორ ეძებონ ტექნოხელწერა.

როჩესტერის უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის პროფესორ ადამ ფრანკს ამ მიმართულებით ნამდვილად დიდი გამოცდილება აქვს. წარსულში მან შექმნა მათემატიკური მოდელი იმის საჩვენებლად, როგორ შეიძლება განვითარდეს ან კოლაფსირდეს ტექნოლოგიურიად მოწინავე მოსახლეობა და მათი პლანეტა; ენერგიის შეგროვების უნარის მიხედვით, მოახდინა ჰიპოთეტური „ეგზოცივილიზაციების“ კლასიფიცირება; და ფიქრობს ჩაატაროს ექსპერიმენტი, შეიძლება თუ არა დღემდე შესაძლებელი იყოს დედამიწაზე დიდი ხნის წინ გადაშენებული ტექნოლოგიური ცივილიზაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კვალის დაფიქსირება.

მომზადებულია rochester.edu-ს მიხედვით.