ნობელის პრემია ფიზიკაში მიიღეს მეცნიერებმა, რომლებმაც სამუდამოდ შეცვალეს ჩვენი წარმოდგენა კოსმოსზე
ნობელის პრემია ფიზიკაში მიიღეს მეცნიერებმა, რომლებმაც სამუდამოდ შეცვალეს ჩვენი წარმოდგენა კოსმოსზე

ნობელის პრემია ფიზიკაში წელს სამმა მეცნიერმა მიიღო, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს სამყაროს სტრუქტურისა და ისტორიის ახსნაში და შეცვალეს ჩვენი წარმოდგენა მასში დედამიწის ადგილის შესახებ.

პრინსტონის უნივერსიტეტის კანადელ-ამერიკელ ფიზიკოსს, ჯეიმს პიბლსს ნობელი გადაეცა „თეორიული აღმოჩენებისთვის ფიზიკურ კოსმოლოგიაში“. პრემიის მეორე ნახევარი შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ გადასცა შვეიცარიელ მეცნიერებს, მიშელ მაიორსა და დიდიე კელოს, „მზის მსგავს ვარსკვლავთან ეგზოპლანეტის აღმოჩენისთვის“. მაიორი ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორია, კელო კი ჟენევისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების პროფესორი.

ჯეიმს პიბლსმა გადამწყვეტი როლი შეასრულა კოსმოლოგიის გარდაქმნაში — ეს დარგი შეისწავლის სამყაროს წარმოშობასა და ევოლუციას. ნობელის პრემიის საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, მათ კოსმოლოგია სპეკულაციებიდან ნამდვილ მეცნიერებად გარდაქმნეს. მისი კვლევების საშუალებით დადგინდა, რომ ნორმალურ მატერიასა და ენერგიას სამყაროს მხოლოდ 5 პროცენტი უჭირავს, დანარჩენ 95 პროცენტს კი შეადგენს უხილავი მასალა, რომელსაც ფიზიკოსები ბნელ მატერიასა და ბნელ ენერგიას უწოდებენ.

რაც შეეხება მაიორსა და კელოს, 1995 წელს მათ პირველებმა აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა, ანუ მზის სისტემის მიღმა არსებული პლანეტა, რომელიც მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო მოძრაობდა. სპეციალურად დამზადებული ინსტრუმენტით, საფრანგეთის ზემო პროვანსის ობსერვატორიიდან, მათ აღმოაჩინეს 51 პეგასი b, იუპიტერის მსგავსი გაზის გიგანტი პლანეტა.

„ამ აღმოჩენით ასტრონომიაში ნამდვილი რევოლუცია დაიწყო. მას შემდეგ, ირმის ნახტომში უკვე 4000-ზე მეტი ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი“, — აღნიშნა ნობელის პრემიის საორგანიზაციო კომიტეტმა.

ჯეიმს პიბლსი 9 მილიონი კრონის ნახევარს (909 000$) მიიღებს, მეორე ნახევარს კი მაიორი და კელო გაიყოფენ.