ადგილები, სადაც შეიძლება, ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობი ცხოველები ბინადრობენ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ადგილები, სადაც შეიძლება, ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობი ცხოველები ბინადრობენ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

რუკების ძირითადი დანიშნულება უკვე ცნობილი ლანდშაფტების მოხაზვაა. თუმცა, კრიზისების დროს, უცნობი ცვლადების აღმნიშვნელი რუკები შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსი გახდეს.

სწორედ ეს იდეა უდევს საფუძვლად ახალ სამეცნიერო ძალისხმევას, რომლის მიზანიც არის დედამიწის ყველა იმ ადგილის რუკაზე დატანა, სადაც დიდი ალბათობით, ამ დრომდე აღმოუჩენელ ცხოველთა სახეობები ბინადრობენ.

მსოფლიოში ბიომრავალფეროვნების კრიზისი მძვინვარებს, რომელშიც საგანგაშო მაჩვენებლით ვკარგავთ ცნობილ თუ უცნობ სახეობებს; მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ კრიზისის წინააღმდეგ, ასეთი სპეკულაციური კარტოგრაფია შეიძლება ჩვენი ერთადერთი და საუკეთესო შანსი იყოს, რათა ცხოველები იქამდე აღვრიცხოთ, დავაკლასიფიციროთ და იქნებ გადავარჩინო კიდეც, ვიდრე სამუდამოდ გადაშენდებიან.

„კონსერვატიული შეფასებები მიუთითებს, რომ ამ დროისათვის ჩვენთვის ცნობილი შეიძლება იყოს ამჟამინდელ სახეობათა მხოლოდ 13-18 პროცენტი, მაგრამ ეს მაჩვენებელი შეიძლება კიდევ უფრო დაბალი, 1,5 პროცენტიც კი იყოს“, — წერენ იელის უნივერსიტეტის მკვლევრები ახალ პუბლიკაციაში.

მათივე განცხადებით, საკონსერვაციო გადაწყვეტილებების მიღებისა და საერთაშორისო ვალდებულებებში ჩართვის გარეშე, ეს [აღმოუჩენელი] სახეობები და მათი ფუნქციები შეიძლება სამუდამოდ, სრული იგნორის ფონზე დაიკარგოს.

ამ „ბიომრავალფეროვნების დეფიციტის“ აღმოსაფხვრელად, ეკოლოგებმა — მარიო მურამ და ვალტერ ჯეტზმა შექმნეს მოდელი, რომელიც ვარაუდობს, სად შეიძლება დღეს გავრცელებული იყოს ხმელეთის ხერხემლიანთა უცნობი სახეობები; ამისათვის მოდელი ეყრდნობა ბიოლოგებისთვის უკვე ცნობილ ხმელეთის ხერხემლიანთა 32 000 სახეობასთან დაკავშირებულ ბიოლოგიურ, გარემო და სოციოლოგიურ ფაქტორებს.

„სახეობები შორის თანაბარი არ არის ერთმანეთზე უფრო ადრე აღმოჩენისა და აღწერის შანსები“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ბრაზილიის პარაიბის ფედერალური უნივერსიტეტის მკვლევარი მარიო მურა.

მარტივად რომ ვთქვათ, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ფართო გეოგრაფიულ არეალში გავრცელებულ დიდ ცხოველებს ბევრი ისეთი მონათესავე სახეობა ჰყავდეთ, რომელთა შესახებაც დღეს არ ვიცით. თუმცა, საწინააღმდეგო ვითარებაა პატარა ცხოველებში, რომლებიც ციცქნა და მიუწვდომელ ზონებში ბინადრობენ და შეიძლება მრავალი ისეთი ხერხემლიანი მონათესავე სახეობა ჰყავდეთ, რომელთა შესახებ დღეს არაფერი ვიცით.

„მიდრეკილი ვართ, რომ ჯერ აღმოვაჩინოთ ‘აშკარა’, შემდეგ კი ‘ბუნდოვანი’. ტაქსონომისტებისთვის მეტი დაფინანსებაა საჭირო, რომ დანარჩენი, აღმოუჩენელი სახეობებიც იპოვონ“, — ამბობს მურა.

მკვლევართა მიერ შექმნილი მოდელის მიხედვით, რომელიც ჯგუფმაც იცის, რომ შეფასების ბუნებიდან გამომდინარე არაზუსტია, დღეისათვის ხმელეთის ხერხემლიანთა ყველაზე მეტი აღმოუჩენელი სახეობა ამფიბიებსა და რეპტილიებს შორის უნდა იყოს.

ამას გარდა, ყველაზე მეტი აღმოუჩენელი ხერხემლიანი სახეობა, სამომავლო აღმოჩენათა დაახლოებით მეოთხედი, უნდა ბინადრობდეს ბრაზილიაში, ინდონეზიაში, მადაგასკარზე და კოლუმბიაში. ამის მიზეზი ის არის, რომ როგორც მიჩნეულია, ნოტიო ტროპიკული ფართოფოთლოვანი ტყეების გარემო უცნობ სახეობათა თითქმის ნახევრის თავშესაფარია.

გამომდინარე აქედან, მომავალში შეიძლება ნებისმიერი ეს სახეობა აღმოვაჩინოთ ძებნის აჩქარების შემთხვევაში, თანაც, არა მხოლოდ ხერხემლიანები, არამედ მცენარეები, ზღვისა და უხერხემლო სახეობებიც, რომლებიც მკვლევართა სიაში უკვე შემდეგ მოდის.

ბევრი მეცნიერის აზრით, უკვე დაწყებულია ე. წ. მე-6 მასობრივი გადაშენება და ამ ცხოველთა დახმარებას უბრალოდ ვერ შევძლებთ, შეიძლება იქამდეც დაიხოცონ, ვიდრე ვიპოვით.

„ბიომრავალფეროვნების მკვლევართა და ტაქსონომისტების მიერ საუკუნეების განმავლობაში წარმოებულ კვლევების შემდეგაც კი, სიცოცხლის კატალოგში ჯერ კიდევ ბევრი ცარიელი ფურცელია“, — წერენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, ახალი მიდგომის სხვა ტაქსონებზე გავრცელებით, გაჩნდება პოტენციალი, რომ საფუძველი ჩაეყაროს ტაქსონომიურ კვლევათა ინიციატივებს, რომლებიც სახეობების იქამდე აღმოჩენაში დაგვეხმარება, ვიდრე ისინი სამუდამოდ დაიკარგებიან.

და ბოლოს, თუ მკვლევართა მიერ შექმნი რუკას ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ მათი შეფასებით, ძუძუმწოვრებისა და რეპტილიების აღმოუჩენელი სახეობები საქართველოს ტერიტორიაზეც უნდა ბინადრობდნენ.

კვლევა ჟურნალ Nature Ecology & Evolution-ში გამოქვეყნდა. აღმოუჩენელ სახეობათა ინტერაქტიული რუკა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მომზადებულია news.yale.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.