ძუძუმწოვართა გადაშენების მაჩვენებელი უპრეცედენტოდ ჩქარდება და ამაში მთავარი დამნაშავე ადამიანები არიან — #1tvმეცნიერება
ძუძუმწოვართა გადაშენების მაჩვენებელი უპრეცედენტოდ ჩქარდება და ამაში მთავარი დამნაშავე ადამიანები არიან — #1tvმეცნიერება

ადამიანი ცხოველებისთვის იმაზე დიდი საფრთხე აღმოჩნდა, ვიდრე წარსულისა თუ ამჟამინდელი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გარემოს შეცვლა. ამის შესახებ ახალი კვლევა ვარაუდობს.

ამ კვლევის მიხედვით, ძუძუმწოვართა გადაშენება 126 000 წლის წინ იღებს სათავეს და ამ პროცესზე ადამიანებმა უფრო დიდი უარყოფითი გავლენა მოახდინეს, ვიდრე წარსულის კლიმატურმა ფაქტორებმა.

კიდევ უფრო უარესი კი ის არის, რომ როგორც გათვლები მიუთითებს, ადამიანთა არსებობის ეს გვერდითი პროდუქტი არის ფენომენი, რომელიც ძუძუმწოვართა სახეობების გადაშენებას ისე აჩქარებს, როგორც არასდროს ისტორიაში; ამავე დროს, გათვლები ასევე მიუთითებს, რომ ეს პროცესი 22-ე საუკუნის მოახლოებასთან ერთად უფრო აჩქარდება.

„ამჟამინდელ ტენდენციებზე დაყრდნობით, ვპროგნოზირებთ ახლო მომავლის მაჩვენებლის უპრეცედენტოდ ზრდას“, — განმარტავს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც შვედეთის გეტებორგის უნივერსიტეტის კომპიუტერული ბიოლოგი ტობიას ანდერმანი ხელმძღვანელობდა.

ბაიესის მოდელირების გამოყენებით, მკვლევრები ცდილობდნენ სტატისტიკურად შეეფასებინათ, უფრო რომელ ფაქტორებთან არის დაკავშირებული გასული 126 000 წლის განმავლობაში მიმდინარე ძუძუმწოვართა სახეობების გადაშენებები — ანთროპოგენულთან თუ კლიმატურთან.

დროის ამ მონაკვეთში გადაშენდა ძუძუმწოვართა სულ მცირე 351 სახეობა, რომელთაგან დაახლოებით 80 სახეობა ნახევარ ათასწლეულში ამოწყდა, ახ. წ. 1500 წლის შემდეგ.

ახალ გამოთვლებზე დაყრდნობით, ჯგუფი ამბობს, რომ გადაშენების ამჟამინდელი მაჩვენებელი დაახლოებით 1700-ჯერ მაღალია, ვიდრე 126 000 წლის წინ, გვიანდელი პლეისტოცენის ხანის დასაწყისში იყო.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ დღევანდელი მაჩვენებლით, თუ ძუძუმწოვართა 351 სახეობის გადაშენებას 126 000 წელიწადში დასჭირდა, ახლა ამას მხოლოდ 810 წელი დასჭირდება.

როგორც მონაცემები მიუთითებს, ამ პერიოდის გადაშენებათა ერთადერთი უდიდესი ჰიპოთეტური მიზეზი არის ადამიანის სახეობა; თანაც, ადამიანთა პოპულაციის სიმჭიდროვე ძუძუმწოვართა გადაშენების მახასიათებლებს 96-პროცენტიანი სიზუსტით ხსნის, ადამიანთა მიერ მიწის დაკავება კი გადაშენებებს 97,1-პროცენტიანი სიზუსტით პროგნოზირებს.

„მეორე მხრივ, კლიმატურ პროგნოსტიურ ფაქტორებს ძალიან დაბალი სიზუსტე აქვს, მაგალითად, გლობალურ ტემპერატურას 63,6-პროცენტიანი სიზუსტე, ტემპერატურის ცვლილების მაჩვენებელს კი 60,2-პროცენტიანი“, — წერენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, სინამდვილეში, გადაშენებათა მიზეზები გაცილებით კომპლექსურია და მთლიანად ერთ ცვლადზე დამოკიდებული არ არის. თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ როგორც მათი შედეგები მიუთითებს, ადამიანთა პოპულაციის ზრდას და მასთან დაკავშირებულ პროცესებს ძლიერი ეფექტი აქვს ძუძუმწოვართა გადაშენებაზე, მაშინ, როდესაც გლობალურ კლიმატურ მახასიათებლებს, მათ შორის ბოლო გამყინვარების მაქსიმუმს გადაშენების მაჩვენებელზე სტატისტიკურად ხელშესახები კვალი არ დაუმჩნევია.

მართალია, ჯგუფი აცნობიერებს, რომ ძალიან მარტივია სცადო და ერთ ცხად ფაქტორზე დაიყვანო ისეთი კომპლექსური ბიოლოგიური ფენომენი, როგორიც გადაშენებაა, მაგრამ ისინი მაინც მიდიან დასკვნამდე, რომ მიზეზების გარკვევისას ადამიანის გავლენას არსებითი პროგნოზირებადი ძალა აქვს.

მკვლევართა აზრით, პროცესში შეიძლება ჩართული იყოს რამდენიმე ანთროპოგენული ფაქტორი, მათ შორის, ნადირობა, მიწათსარგებლობა, ეკოსისტემების შეცვლა და სხვა კასკადური ეფექტები.

ყველაზე საგანგაშო შედეგები კი მკვლევრებმა მაშინ მიიღეს, როდესაც სავარაუდო მომავლის მოდელი შექმნეს. როგორც ამ მოდელმა მიუთითა, 21-ე საუკუნის დასასრულამდე გადაშენდება 558 ახალი სახეობა და გადაშენების მაჩვენებელი შეიძლება 30 000-ჯერ უფრო აჩქარდეს, ვიდრე ის გვიანდელი პლეისტოცენის ხანის დასაწყისში იყო.

„ჩვენი პროგნოზით, 2100 წლისთვის, დედამიწის ყველა ზონა გადაშენების მეორე ტალღაში შევა“, — წერენ მკვლევრები და შენიშნავენ, რომ მსოფლიოს ზოგიერთი ნაწილში ამ ფაზაში შესვლა უკვე აშკარაა.

„გასულ ათწლეულებში მომხდარ გადაშენებებზე დაყრდნობით დავადგინეთ, რომ ავსტრალია და კარიბის ზღვის აუზი გადაშენების მეორე ტალღაში უკვე შესულია. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ რამდენად შოკისმომგვრელიც არ უნდა იყოს ჩვენი პროგნოზები ბიომრავალფეროვნების დაკარგვის შესახებ, ისინი რეალურია, რადგან ვხედავთ, რომ მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში მომავლის სცენარები უკვე დღეს ხდება“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

ამ სიმულაციათა ძლიერ აბსტრაქტული ბუნებიდან გამომდინარე, ყველა ამ პროგნოზის ასრულება მოსალოდნელი არ არის. მკვლევართა მიერ მიღებული შედეგები მხოლოდ მათემატიკურ კალკულაციებზე დაფუძნებული შეფასებებია.

თუმცა, გადამწყვეტია, რა მასშტაბებს მიაღწევს სინამდვილეში ეს საშინელი ციფრები და ამ დროს, მოქმედების დაწყების გადადება დანაშაულია. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა ეს ყველაფერი რეალობად არ იქცეს.

„უფრო მიზანმიმართული და ეფექტიანი საკონსერვაციო სტრატეგიებით, შეგვიძლია გადაშენებისგან დავიცვათ ასობით სახეობა“, — ამბობს კვლევის ავტორი, შვედეთის გეტებორგის უნივერსიტეტის კომპიუტერული ბიოლოგი ტობიას ანდერმანი.
მისივე თქმით, ამისათვის პირველ რიგში საჭიროა კოლექტიური ცნობიერების გაზრდა ბიომრავალფეროვნების კრიზისის შესახებ და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ გლობალურ საგანგებო მდგომარეობასთან საბრძოლველად.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი