ცხოველთა პირველი მასობრივი გადაშენება დედამიწაზე იმაზე ადრე მოხდა, ვიდრე აქამდე გვეგონა — #1tvმეცნიერება
ცხოველთა პირველი მასობრივი გადაშენება დედამიწაზე იმაზე ადრე მოხდა, ვიდრე აქამდე გვეგონა — #1tvმეცნიერება

538,8 მილიონი წლის წინ, დედამიწაზე კამბრიული აფეთქება მოხდა — პერიოდი, როდესაც გაჩნდა დღეს არსებულ ცხოველთა მრავალი ტიპი (ფილუმი). მას შემდეგ, პლანეტაზე ხუთი დიდი მასობრივი გადაშენება მოხდა, რომლებმაც ყველა ქმნილების, დიდის თუ პატარის ბიომრავალფეროვნება საგრძნობლად შეამცირა.

ამერიკელმა მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთი ასეთი გადაშენება საკმაოდ ადრე, 550 მილიონი წლის წინ, ე. წ. ედიაკარულ პერიოდში მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ ოკეანეები სავსე იყო ჩვენთვის ცნობილი რამდენიმე სახეობით, მაგალითად, ზღვის ღრუბელებით და მედუზებით, ბიოლოგიური ისტორიის ამ ადრეულ პერიოდში არსებული სიცოცხლის ფორმების უმეტესი ნაწილი ჩვენთვის სრულიად უცხო უნდა ყოფილიყო. მრავალი ცხოველი რბილსხეულიანი იყო. ზოგიერთი უფრო ადგილზე გაჩხერილ მცენარის ტოტებს ჰგავდა. ზოგსაც გარკვეული სახის ნიჟარა ჰქონდა.

ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის პალეობიოლოგმა სკოტ ევანსმა და მისმა კოლეგებმა ედიაკარული პერიოდის უიშვიათეს ნამარხთა მონაცემები შეაგროვეს. შედეგად დაადგინეს, რომ აქამდეც შემჩნეული ბიომრავალფეროვნების უეცარი ცვლილებები, უბრალოდ ნიმუშების შერჩევის მიკერძოებით არ იყო გამოწვეული.

იმის გამო, რომ რბილი სხეული ისე კარგად არ განმარხდება, როგორც მყარი, უფრო მინერალიზებული ანატომიის მქონე, მეცნიერები ძირითადად ეჭვობდნენ, რომ ედიაკარული პერიოდის გვიანდელ ეტაპებზე რბილსხეულიან ცხოველთა სიმწირე სწორედ ამით უნდა ყოფილიყო განპირობებული — მათმა სხეულებმა განმარხება ვერ შეძლო.

თუმცა, გლობალურად არსებული ნამარხები სხვა რამეზე მიუთითებს.

ჯგუფმა დაადგინა, რომ ედიაკარული პერიოდის ადრეულ და შუა ეტაპებზე ბიომრავალფეროვნების ზოგადი ზრდა შეინიშნებოდა; ამ ეტაპებს ავალონს (575 – 560 მლნ წლის წინ) და თეთრი ზღვის ეტაპებს (560 – 550 მლნ წლის წინ) უწოდებენ.

„აღმოვაჩინეთ მნიშვნელოვანი სხვაობები კვების რეჟიმს, სიცოცხლის ჩვევებს, ეკოლოგიურ დონესა და სხეულის მაქსიმალურ ზომებში ავალონისა და თეთრი ზღვის ეტაპებს შორის“, — წერენ მკვლევრები.

დროის ამ ორ პერიოდს შორის გამოჩნდა უფრო პატარა, მობილური ცხოველები, რომლებიც ზღვის ფსკერზე გაბატონებული მიკრობული ხალიჩებით იკვებებოდნენ. იქამდე, მრავალი ცხოველი ადგილზე ჩაჭედილი ფოლტრატორი იყო (ორგანიზმები, რომლებიც ფილტრაციის მეთოდით იკვებებიან).

კვების რეჟიმი არ შეცვლილა თეთრი ზღვისა და ბოლო ეტაპს, სახელად ნამას (550 – 539 მლნ წლის წინ) შორის. ამის ნაცვლად, ედიაკარიული პერიოდის ამ ორ ეტაპს შორის სახეობათა წარმოუდგენლად დიდი რაოდენობა, 80 პროცენტი ამოწყდა.

წარსულში ჩატარებული კვლევები მიუთითებდა, რომ სახეობების ასე შემცირების მიზეზი შეიძლება ყოფილიყო მობილური ცხოველები, რომლებიც სოროები ან ნამარხების კვალი დატოვეს, რომლებმაც სიღრმისეულად შეცვალეს გარემო და თანდათან ჩაანაცვლეს ერთ ადგილას ჩაჭედილი მფილტრავი ცხოველები. მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ასე არ ყოფილა.

ასეთ დანაკარგებს კვების ყველა რეჟიმი და ცხოვრებისეული ჩვევამ განიცდიდა; ნამას ეტაპზე კიდევ ჩანდა ადრეული თეთრი ზღვის ეტაპის 70 ცნობილი ჯგუფიდან 14 გვარი. თუ უფრო ახლად ჩამოყალიბებული სახეობები გაბატონდებოდნენ, ასევე მოხდებოდა დროებითი გადაფარვა ახალ და ძველ სახეობებს შორის. ჯგუფის მტკიცებით, ასეთი რამ არ შეიმჩნევა, რაც გამორიცხავს ბიოტურ ჩანაცვლებას.

„ეტაპებს შორის მრავალფეროვნების შემცირება მიანიშნებს გადაშენების მოვლენაზე, რომლის დროსაც გვარებმა პროცენტულად იმდენივე დანაკარგი განიცადეს, რაც ზღვის უხერხემლოებმა მე-5 მასობრივი გადაშენებისას“, — წერენ მკვლევრები.

თეთრი ზღვის ეტაპის მრავალი ცხოველი, რომელიც გადაშენებას გადაურჩა და ნამას ეტაპამდე მიაღწია, იყო დიდი, ფოთლისმაგვარი ორგანიზმი, დიდი ზედაპირით და მოცულობით. ეს შეიძლება იმის ნიშანი იყო, რომ ცხოველები ოკეანეში ჟანგბადის დონის შემცირებას ეგუებოდნენ.

„ზღვის წყალთან პირდაპირ კონტაქტში მყოფი უჯრედების შედარებითი პროპორციის მაქსიმალურად გაზრდით, დიდი ზედაპირის მქონე არსებები შედარებით უკეთესად უნდა მორგებოდნენ და გადარჩენილიყვნენ ცოტა ჟანგბადის შემცველ გარემოში“, — განმარტავენ მკვლევრები.

ამ მოსაზრებას მხარს უჭერს ბოლოდროინდელი გეოქიმიური მტკიცებულებებიც. 2018 წელს ჩატარებული კვლევისას აღმოაჩინეს ოკეანის დიდი ანოქსიის (ჟანგბადის შემცირება) ნიშნები, რომელიც ედიაკარიული პერიოდის ბოლოს ზღვის ფსკერის 20 პროცენტზე მეტს მოიცავდა.

„ამრიგად, ჩვენი მონაცემები მხარს უჭერს კავშირს ედიაკარულ ბიოტურ ბრუნვასა და გარემოს ცვლილებას შორის, ისეთს, როგორიც გეოლოგიურ ჩანაწერებში სხვა დიდი გადაშენებებისასაც ფიქსირდება“, — ასკვნის ჯგუფი.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.