იქამდე, ვიდრე დაახლოებით 450 მილიონი წლის წინ დედამიწაზე სიცოცხლის მრავალფეროვნება იფეთქებდა, ცხოველებში უკვე წარმოქმნას იწყებდა პირველი, პრიმიტიული ჩონჩხები.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს იმ პერიოდის ზღვის ღრუბელები, რომლებსაც მილისებური, თითის მსგავსი ფორმები აქვთ, აგებული არიან მყარი, მინერალიზებული ძაფებით; ეს ნიმუშები უძველეს ჩონჩხიან ნამარხებად მიიჩნევა.
ნამარხებში მხოლოდ სხვა რამდენიმე ადრეული ჩონჩხია შემორჩენილი, რომელთაგან უმეტესობამ რბილი ნაწილები დიდი ხნის წინ დაკარგა. შედეგად, ძნელია იმის დადგენა, როგორ გამოიყურებოდნენ დედამიწის პირველი ჩონჩხიანი არსებები ღრუ მილებს მიღმა, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ კლასიფიცირებაზე.
ჩინეთში შემთხვევით აღმოჩენილმა რამდენიმე ნამარხმა ამის შანსი გააჩინა და ახლა, არქეოლოგებს რეალურ სურათს სთავაზობს სიცოცხლის იმ ადრეული ფორმების შესახებ, რომლებიც დაახლოებით 514 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ.
ნამარხებში შემონახულია ჭიის მსგავსი ზღვის ოთხი არსების რბილი ქსოვილები, რომლებიც Gangtoucunia aspera-ს სახეობას მიეკუთვნებიან.
თავდაპირველად მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ეს გადაშენებული გვარი თანამედროვე რგოლოვანი ჭიების ნათესავები იყვნენ, რომლებიც ჰორიზონტალურად არიან სეგმენტირებული. თუმცა, ახალი შედეგები მიუთითებს, რომ Gangtoucunia უფრო ახლოს ენათესავება პოლიპ მსუსხავებს (კნიდარიები), მაგალითად, მედუზას, ზღვის ანემონებს და მარჯნის პოლიპებს.
ამ მილის მსგავს ორგანიზმთა პირი გარშემორტყმულია დაახლოებით 5 მილიმეტრის სიგრძის გასაშლელ-დასაკეცი საცეცებით; სავარაუდოდ, მათ მსხვერპლის დასაჭერად იყენებდნენ. ნაწლავი სხეულის უმეტეს ნაწილს იკავებს და დაყოფილია გრძივ ღრუებად.
ამ ქმნილებათა რეალური ფორმა გარედან არის ჩამოსხმული მინერალით, სახელად კალციუმის ფოსფატი, რომელიც ადამიანის ძვლებშიც გვხვდება.
„ისეთი აღმოჩენაა, მილიონში ერთხელ რომ ხდება. ეს იდუმალი მილები ხშირად გვხვდება ასობით ინდივიდისგან შემდგარ ჯგუფებად, მაგრამ ამ დრომდე ისინი „პრობლემურ“ ნამარხებად მიიჩნეოდა, რადგან არ გვქონდა მათი კლასიფიცირების საშუალება. ამ ახალი, გასაოცარი ეგზემპლარების წყალობით, ევოლუციურ ფაზლში ძირითადი ნაწილი მყარად ჩაჯდა თავის ადგილას“, — ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის პალეობიოლოგი ლუკ პერი.
ოთხივე ნამარხი მკვლევრებმა ჩინეთის იუნანის პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილში აღმოაჩინეს, სადაც ჟანგბადის ნაკლებობის გამო, რბილი ქსოვილები მშიერ ბაქტერიებს გადაურჩნენ.
ამ პრიმიტიული პოლიპების თავზე არსებული საცეცების გვირგვინი მხოლოდ პოლიპ მსუსხავებში გვხვდება, მათ შორის მედუზაშიც, ვიდრე ისინი თავისუფალი ცურვის ეტაპამდე განვითარდებოდნენ.
როგორც ახალგაზრდა პოლიპებს, მედუზებს ლარნაკის ფორმა აქვთ, ერთი ბოლო ზედაპირზეა მიბმული, მეორე კი ოკეანისკენ არის ღია. შესასვლელში არსებული საცეცები ხელს უწყობს მტაცებლის მომწყვდევას და პირისკენ წაღებას.
ამ შედეგების გათვალისწინებით, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ G. aspera უძველესი ზღვის ფსკერის პოლიპია, Medusozoa-ს სახელით ცნობილ მსუსხავთა ქვეკლადში ან მის სიახლოვეს.
ამ ქვეკლადის ცხოველთა უმეტესობას, ეგრეთ წოდებულ ნამდვილ მედუზებს (სკიფოზოები), საბოლოოდ უვითარდებათ თავისუფალი ცურვის უნარი, მაგრამ ზოგიერთი, მაგალითად, ჰიდროიდულების რამდენიმე სახეობა, მთელი ცხოვრება პოლიპებად რჩება. ჰიდროიდული პოლიპების კოლონიებიც წარმოქმნიან G. aspera-ს მსგავს ჩონჩხებს.
როგორც ავტორები შენიშნავენ, საინტერესოა, რომ ქვეკლადში არ არის აღმოჩენილი ახლო კავშირი Gangtoucunia-ებსა და კალციუმის ფოსფატის გარეთა ჩონჩხის მქონე სხვა Medusozoa-ებს შორის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მილების საშენ მასალას შეიძლება კომპლექსური ადრეული ევოლუციური ისტორია ჰქონდეს და შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს კონვერგენტული დანაკარგები და ჩონჩხებში კალციუმის ფოსფატის შემცირება, რადგან პალეოზოურ ხანაში ის ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გარე ჩონჩხები ალბათ ერთხელ კი არ გაჩნდა, არამედ რამდენჯერმე ჩამოყალიბდა მრავალ სხვადასხვა ხაზში.
ცხოველთა ჩონჩხის გამრავალფეროვნება შეიძლება თავად სიცოცხლის კამბრიული აფეთქების დიდი წარმმართველიც იყო. თუმცა, ნამარხებში სტრუქტურული მრავალფეროვნების უეცარი გამოჩენა ასევე შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, თუ რამდენად რთულია ბიომინერალების თხელი ძაფებისთვის დროის გამოცდის ჩაბარება.
მეცნიერთა მიერ აღმოჩენილი პატარა მტკიცებულებითაც კი აშკარაა, რომ მილის ფორმის ცხოველები იქამდე ჩნდებოდნენ, ვიდრე ცხოველთა მრავალფეროვნების ნამდვილი აფეთქება მოხდებოდა. უცნობი რჩება, რამ გამოიწვია მათი ასეთი ექსპანსია, მაგრამ სავარაუდოდ, ამის მიზეზი შეიძლება მტაცებლობა იყოს.
„სიცოცხლის მილისებური ფორმა ძლიერ გავრცელებული გახდა კამბრიულ პერიოდში, რაც შეიძლება ადაპტაციური პასუხი ყოფილიყო ადრეულ კამბრიულ პერიოდში სულ უფრო მზარდი მტაცებლობის წნეხზე. ეს კვლევა გვიჩვენებს, რომ შენარჩუნებული რბილი ქსოვილების ჩვენთვის გადამწყვეტია ამ უძველეს ცხოველთა შესასწავლად“, — ამბობს კვლევის ავტორი, ბრიტანეთის ექსეტერის უნივერსიტეტის პალეობიოლოგი სიაოია მა.
კვლევა Proceedings of the Royal Society B Biological Sciences-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ox.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.