ნამარხებით დადგინდა, რომ შორეულ წარსულში დედამიწაზე მოზრდილი ძაღლის ზომის მორიელები ბინადრობდნენ — #1tvმეცნიერება
ნამარხებით დადგინდა, რომ შორეულ წარსულში დედამიწაზე მოზრდილი ძაღლის ზომის მორიელები ბინადრობდნენ — #1tvმეცნიერება

415 მილიონი წლის წინ, დედამიწის ჭალებში რომ გეხეტიალათ, სხვა ვერცერთ ძუძუმწოვარს ვერ შეხვდებოდით, მაგრამ მოგიწევდათ, ფრთხილად ყოფილიყავით გიგანტურ მორიელთან, რომლის სიგრძეც მეტრს აჭარბებდა.

ნამარხების დეტალურტად შესწავლის შემდეგ, ბრიტანელმა მკვლევრებმა დაადასტურეს Praearcturus gigas-ის იდენტობა, რომელიც შეიძლება ისტორიაში უდიდესი მორიელი ყოფილიყო ჩვენთვის ცნობილთა შორის.

ამ ფეხსახსრიანის ნამარხი 1870 წელს ბრიტანეთში აღმოაჩინეს, მაგრამ მას შემდეგ არ შეწყვეტილა კამათი იმის თაობაზე, ზუსტად რა სახის ქმნილება იყო ის. მკვლევართა განცხადებით, ვიზუალიზაციის სხვადასხვა მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით, აღნიშნული დებატები დასრულებულია.

გარდა იმისა, რომ დაადასტურა უზარმაზარი მორიელის არსებობა, ეს კვლევა ბევრს გვასწავლის ხმელეთზე ადრეული სიცოცხლის შესახებ, იმ პერიოდში, როცა ის პატარა მცენარეებითა და სოკოებით იყი დაფარული, როცა ოკეანიდან პირველმა ცხოველებმა დაიწყეს ამოსვლა.

Praearcturus-ი მაშინ ბინადრობდა, როცა ხმელეთზე სიცოცხლე ის-ის იყო იწყებოდა და ქვეწარმავლების, ძუძუმწოვრებისა და ფრინველების წინაპრები ჯერ წყლიდან ამოსულიც არ იყვნენ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ეს სახეობები ასე დიდი ზომის შეიძლება იმიტომ გაიზარდნენ, რომ არ არსებობდნენ სხვა რაიმე დიდი მტაცებლები, რამაც მას საკუთარ გარემოში დომინირების საშუალება მისცა“, — ამბობს კვლევის ავტორი, ბრიტანეთის ბუნების ისტორიის მუზეუმის პალეონტოლოგი რიჩი ჰოვარდი.

ახალი ანალიზები მოიცავდა ლიუციდის კამერის ახალ კალკირებებს, კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანირებებს და შედარებებს ბრიტანეთში აღმოჩენილ სხვა ადრეული დევონური პერიოდის ნამარხებთან.

ახალ ნაშრომში ასევე გაითვალისწინეს კანადაში აღმოჩენილი უძველესი მორიელის, Eramoscorpius-ის ნამარხებზე 2015 წელს ჩატარებული კვლევა; ანატომიის შედარებები კი იმის დასამტკიცებლად გამოიყენეს, რომ P. gigas-იც მართლაც მორიელია.

თანაც რა მორიელი! მკვლევართა შეფასებით, მისი მარწუხების სიგრძე 16 სმ უნდა ყოფილიყო — ანუ უფრო დიდი, ვიდრე თანამედროვე მორიელთა მრავალი სახეობის მთლიანი სხეული.

ჯგუფმა ასევე გამოავლინა ტალღოვანი ზედაპირები მის კიდურებზე, რომლებსაც სავარაუდოდ ხმების გამოსაცემად იყენებდა — ტექნიკა, რომელსაც სტრიდულაციას უწოდებენ და სხვა გადაშენებულ მორიელთა სახეობებშიც გვხვდება.

ის იმ დროის ხმელეთზე ერთ-ერთი ყველაზე საზარელი მხეცი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მკვლევრებს აქვთ იმის მტკიცებულებაც, რომ ეს მორიელი დროის რაღაც ნაწილს წყალშიც ატარებდა.

„ხმელეთზე Praearcturus-ის მხარდამჭერი კომპლექსური ეკოსისტემის გარეშე, ეს ცხოველები ცხოვრების რაღაც ნაწილს სავარაუდოდ წყალში ნადირობაში ატარებდნენ. უელსში აღმოჩენილი ზოგიერთი ნამარხი აჩვენებს, რომ ფარფლის მსგავსი სტრუქტურები, იგივე ეპიმერები ჰქონდათ, რომლებიც დღეს ომარებსა და კიბორჩხალებში არსებულებს წააგავს“, — ამბობს ჰოვარდი.

ხმელეთზე ცხოვრება გაცილებით სხვანაირი უნდა ყოფილიყო მოგვიანებით გამოჩენილი ფეხსახსრიანებისთვის — წარმოიდგინეთ მანქანის ზომის მრავალფეხიანები და თანამედროვე მტაცებელი ფრინველების ზომის ჭრიჭინები. სახეტიალოდ მათ დიდი ტყეები ექნებოდათ, სადაც გაცილებით მეტი ცხოველის მონადირება შეეძლებოდათ.

მკვლევართა ვარაუდით, მსხვერპლისთვის კონკურენციის ზრდის კვალდაკვალ, P. gigas-ს ამ ნამარხების ეპოქიდან კიდევ 40 მილიონი წელი უნდა ეარსება, შემდეგ კი გამქრალიყვნენ.

შემდეგი კვლევები და ნამარხების ანალიზი მომავალში ქრონოლოგიას უფრო დეტალურად შეავსებს, რადგან ახლა უკვე დაზუსტებით ვიცით, რომ P. gigas-ი მართლაც მორიელი იყო.

შედეგები ასევე გამოსადეგი იქნება პალეონტოლოგებისთვის, რომლებიც სწავლობდნენ იმ პერიოდებს, როცა ცხოველები ოკეანეებიდან ხმელეთზე ამოვიდნენ.

იმის დადგენით, რომელმა უძველესმა ქმნილებებმა გაიარეს პირველად ხმელეთზე და როდის, უკეთესად შევისწავლით, როგორ ჩამოყალიბდა სხვადასხვა სახეობები.

კვლევა ჟურნალ Palaeontology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nhm.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.