კომპლექსური სიცოცხლე დედამიწაზე შეიძლება იმაზე გაცილებით ადრე აღმოცენდა, ვიდრე აქამდე გვეგონა — #1tvმეცნიერება
კომპლექსური სიცოცხლე დედამიწაზე შეიძლება იმაზე გაცილებით ადრე აღმოცენდა, ვიდრე აქამდე გვეგონა — #1tvმეცნიერება

დედამიწაზე სიცოცხლე მის ადრეულ ისტორიაში, სავარაუდოდ სულ ერთი ნაპერწკლიდან აღმოცენდა. გარკვეული ხნის შემდეგ, ის გამრავალფეროვნდა, დაიტოტა სხვადასხვა ხაზებად, რაც მას გადარჩენაში დაეხმარა.

სამეცნიერო საზოგადოებაში კამათის საგნად რჩება, ზუსტად როდის მოხდა ეს მომენტები, მაგრამ ახალი კვლევა მიუთითებს, რომ ორივე ეს ნაბიჯი შეიძლება იმაზე ადრე მოხდა, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევართა მიერ ჩატარებული კვლევა ეფუძნება მრავალფეროვანი მიკრობული სიცოცხლის კვალს, რომელიც კანადაში, კვებეკის პროვინციაში, მუშტის ზომის ქვის ნატეხში აღმოაჩინეს. ეს ნამტვრევი დაახლოებით 3,75 – 4,28 მილიარდი წლის წინანდელია.

2017 წელს, მისმა აღმომჩენმა მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ქვაში არსებული სტრუქტურები — ციცქნა ფილამენტები (ძაფის მსგავსი ხაზები), კოპები და მილაკები, უძველესი ბაქტერიების მიერ იყო დატოვებული.

თუმცა, ყველა არ იყო დარწმუნებული, რომ ეს სტრუქტურები, რომლებსაც დედამიწაზე სიცოცხლის პირველი ნიშნების გამოჩენა 300 წლით უკან, წარსულში უნდა გადაეწია — ბიოლოგიური წარმოშობის იყო.

მიუხედავად ამისა, ქვისთვის ჩატარებული ფართო ანალიზების შემდეგ, მკვლევართა ჯგუფმა მასში კიდევ უფრო დიდი და კომპლექსური სტრუქტურები აღმოაჩინა. ეს იყო ღეროს მსგავსი სტრუქტურა ერთ მხარეს თითქმის სანტიმეტრის სიგრძის პარალელური განშტოებებით, ასევე ასობით დამახინჯებული სფერო, იგივე ელიფსოიდები მილაკებისა და ფილამენტების გასწვრივ.

„ეს იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლე დედამიწის წარმოქმნიდან სულ რაღაც 300 მილიონი წლის შემდეგ უნდა აღმოცენებულიყო. გეოლოგიური თვალსაზრისით, ეს საკმაოდ მოკლე პერიოდია, მზის დაახლოებით ერთი გარშემოვლა გალაქტიკის ცენტრისთვის“, — ამბობს კვლევის ავტორი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის გეოქიმიკოსი დომინიკ პაპინო.

პაპინოსა და მისი ჯგუფის მთავარი კითხვა იყო, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ ეს სტრუქტურები ისეთი ქიმიური რეაქციების შედეგად წარმოქმნილიყო, რომლებიც ცოცხალ არსებებთან არ იყო კავშირში.

კვლევის მიხედვით, ზოგიერთი პატარა სტრუქტურა სავარაუდოდ მართლაც აბიოტური (არაცოცხალი) რეაქციების შედეგი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლად გამოვლენილი ხის მსგავსი ღერო დიდი ალბათობით ბიოლოგიური წარმოშობისაა, რადგან მხოლოდ ქიმიური რეაქციებით წარმოქმნილი ასეთი სტრუქტურა აქამდე ნაპოვნი არ არის.

გარდა სტრუქტურებისა, მკვლევრებმა ქვაში გამოავლინეს მინერელიზებული ქიმიური ნივთიერებებიც, რომლებიც სხვადასხვა სახის მეტაბოლური პროცესების ქვეპროდუქტები უნდა იყოს.

ეს ქიმიური ნივთიერებები შეესაბამება ენერგიის მოპოვების პროცესს იმ ბაქტერიებში, რომლებსაც შემცველობაში რკინა და გოგირდი უნდა ჰქონოდათ; ქიმიურ ხელწერათა ინტერპრეტაციაზე დაყრდნობით, მასში შეიძლება იყოს ფოტოსინთეზის ვერსიაზე მინიშნებებიც კი.

აღმოჩენა მიუთითებს შესაძლებლობაზე, რომ ადრეული დედამიწა, წარმოქმნიდან სულ რაღაც 300 მილიონი წლის შემდეგ, სხვადასხვა სახის მიკრობული სიცოცხლით იყო დაფარული.

ქვის ნატეხს ანალიზები ჩაუტარეს ოპტიკურ დაკვირვებათა კომბინაციით რამანის მიკროსკოპზე (რომელიც სინათლის გაფანტვას იყენებს ქიმიური სტრუქტურების განსაზღვრისთვის) და ქვის სექციები ციფრულად აღადგინეს სუპერკომპიუტერით, რომელმაც ორი მაღალრეზოლუციური ვიზუალიზაციის მეთოდით მიღებული ათასობით ფოტო დაამუშავა.

აღნიშნული ქვის ნატეხი პაპინო, 2008 წელს აღმოაჩინა კვებეკში, ნუვუაგიტუკის მწვანე ქვების სარტყელში, რომელიც ერთ დროს ზღვის ფსკერის ნაწილი იყო. ეს ქანები მოიცავს დედამიწაზე ჩვენთვის ცნობილ ერთ-ერთ უძველეს დანალექოვან ქანებს. ნამარხებით მდიდარი ქანები ასევე შეამოწმეს იშვიათმიწა ელემენტების დონეებზე და მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მათი შემცველობა იგივე დონეზეა, რას სხვა უძველეს ქანთა ნიმუშებში, რაც ადასტურებს, რომ ის ისეთივე ძველია, როგორც მიმდებარე ვულკანური ქანები.

ამ აღმოჩენამდე, სიცოცხლის მტკიცებულების ყველაზე ძველი ნამარხი დასავლეთ ავსტრალიაში იყო აღმოჩენილი, რომელიც დაახლოებით 3,46 მილიარდი წლის წინანდელია. თუმცა, მის შემთხვევაშიც არსებობს ეჭვი, არის თუ არა ეს ნამარხები ბიოლოგიური წარმოშობის.

ამ აღმოჩენის ყველაზე ამაღელვებელი მნიშვნელობა ალბათ ის არის, რას შეიძლება ნიშნავდეს იგი სამყაროში სიცოცხლის პოტენციური განაწილებისთვის. თუკი სიცოცხლემ აღმოცენება და განვითარება ადრეული დედამიწის სასტიკ გარემო პირობებში შეძლო, მაშინ კოსმოსში ის შეიძლება იმაზე მეტად იყოს გავრცელებული, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ.

„ეს აღმოჩენა გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ რამდენიმე ასეული მილიონი წელიწადია საჭირო სიცოცხლის აღმოცენებისა და ორგანიზებულ დონემდე განვითარებისთვის პირველყოფილ, სიცოცხლისთვის ხელსაყრელ პლანეტაზე“, — წერენ კვლევის ავტორები.

„გამომდინარე აქედან, ვასკვნით, რომ ასეთი მიკრობული ეკოსისტემები ისეთ სხვა პლანეტათა ზედაპირებზეც შეიძლება არსებობდეს, სადაც თხევადი წყალი ვულკანურ ქანებთან ურთიერთქმედებს. კვებეკში აღმოჩენილი ეს მიკრონამარხები მიუთითებს, რომ არამიწიერი სიცოცხლე შეიძლება სამყაროში იმაზე მეტად იყოს გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა“, — აღნიშნავენ მკვლევრები.

კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.