დედამიწაზე სიცოცხლე შესაძლოა, იმაზე ადრე აღმოცენდა, ვიდრე გვეგონა - ახალი კვლევა
დედამიწაზე სიცოცხლე შესაძლოა, იმაზე ადრე აღმოცენდა, ვიდრე გვეგონა - ახალი კვლევა

ახალგაზრდა დედამიწა სრულ ქაოსში იყო გახვეული. 4,5 მილიარდი წლის წინ, როცა ჩვენი პლანეტა საკუთარი ადგილის მოპოვებას ცდილობდა ახალგაზრდა მზის სისტემაში, პარალელურად იმყოფებოდა კომეტების, ასტეროიდებისა თუ არშემდგარი პროტოპლანეტების დარტყმის ქვეშ.


მთელი ამ ქაოსის აბსოლუტურ ზენიტს წარმოადგენდა ე. წ. გვიანდელი მძიმე ბომბარდირების პერიოდი, რომელიც ასტრონომთა დიდი ნაწილის აზრით, გამოწვეული იყო გაზის გიგანტი პლანეტების მიგრაციით.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამ პერიოდში იუპიტერმა და სატურნმა მზესთან ახლოს მისვლა დაიწყეს , ურანმა და ნეპტუნმა კი უკან დაიხიეს; მთელ ამ პროცესს თან ახლდა ნარჩენების ტალღა, რომელიც თავს დაატყდა სხვა პლანეტებსა და მთვარეებს.

ამ თეორიას დამატებითი დამაჯერებლობა შესძინა უძველესი ასტეროიდებისა და მთვარის ქანების ახალმა ანალიზებმა. დინამიკური მოდელების გამოყენებით, ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ ეს დიდი მიგრაცია დაახლოებით 4,8 მილიარდი წლის წინ მოხდა, რაც გაცილებით ადრეული პერიოდია, ვიდრე აქამდე გვეგონა.

თუ ასეთი ქრონოლოგია მართალია, ეს იმას ნიშნავს, რომ ფორმირებიდან სულ მალე, ჩვენი პლანეტა საკმარისად მშვიდი და ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო სიცოცხლის პირველი ფორმების აღმოცენებისთვის.


კვლევის ავტორის, კოლორადო-ბულდერის უნივერსიტეტის გეოლოგის, სტივენ მოჯზისის განცხადებით, იმისათვის, რათა მზის სისტემის გარე ნაწილის პლანეტათა ამჟამინდელი სტრუქტურა აიხსნას, უნდა მომხდარიყო გიგანტურ პლანეტათა მიგრაცია. თუმცა, ამ დრომდე არავინ იცოდა, როდის მოხდა ეს პროცესი.

გიგანტურ პლანეტათა მიგრაციის თარიღის დადგენის წინა მცდელობა ეფუძნებოდა „აპოლოს“ მისიების დროს შეგროვებულ მთვარის ქანებს. ისინი 3,9 მილიარდი წლის წინანდელ პერიოდზე მიუთითებდა, რაც გაცილებით ცოტაა, ვიდრე თავად მთვარის ასაკი.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მთვარის ქანების ნიმუშები ამის დასადგენად ყველაზე ხელსაყრელი წყარო ნამდვილად არ იყო. მკვლევართა აზრით, ამ ქანების უმეტესობა მთვარეზე მოგვიანებით მომხდარი შეჯახებებისას დაილექა, რამაც მძიმე ბომბარდირების არასწორ თარიღამდე მიგვიყვანა.


Ზუსტი ქრონოლოგიის დასადგენად, ასტრონომებს უფრო სუფთა წყარო უნდა ეპოვათ; ასეთი კი აღმოჩნდა ასტეროიდები, რადგან ისინი პლანეტებზე უფრო ადრეა წარმოქმნილი.
ტოკიოს დედამიწის სიცოცხლის მეცნიერების ინსტიტუტის ასტრონომის, რამონ ბრასერის განცხადებით, შიდა პლანეტების ზედაპირი ძლიერ არის დამუშავებული როგორც შეჯახებების, ისე ადგილობრივ მოვლენათა შედეგად, რაც 4 მილიარდზე მეტი წლის წინ უნდა მომხდარიყო. თუმცა, ასე არ არის ასტეროიდების შემთხვევაში; მათი ჩანაწერები გაცილებით ძველია.

დედამიწას შეჯახებულ მეტეორიტთა მონაცემთა ბაზის შეჯერების შემდეგ, ჯგუფმა დაადგინა, რომ ეს ჩანაწერები ყველაზე შორს 4,48 მილიარდი წლის წინ მიდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მძიმე ბომბარდირება, რამაც დედამიწის ქერქი ერთ დროს მთლიანად გაადნო, ამ თარიღამდე სულ ცოტა ხნით ადრე უნდა მომხდარიყო.

მკვლევართა განცხადებით, პირვლი ასი მილიონი წლის განმავლობაში, შესაძლებელი არ იქნებოდა სტაბილური პრებიოტური ქიმიური ნიშების არსებობა სიცოცხლის წარმოსაქმნელად.

მათივე აზრით, თუკი დედამიწის ქერქის ბოლო გლობალური მასშტაბის გადნობა 4,45 მილიარდი წლის წინ უზარმაზარი შეჯახების შედეგად მოხდა, ასეთი მოვლენა ამოჭამდა ჰიდროსფეროს, გაადნობდა ქერქს, წარმოქმნიდა მაგმის თავთხელ ოკეანეებს და მოახდენდა პლანეტის სერტილიზაციას.


მხოლოდ მას შემდეგ, რაც ზედაპირი გადასუფთავდა, დედამიწა სტაბილური და ცოცხალ ორგანიზმთათვის ხელსაყრელი გახდა. როგორც ჯგუფის მოდელები მიუთითებს, როცა მძიმე ბობმარდირება ბოლოდაბოლოს ჩაწყნარება დაიწყო, ჩვენი პლანეტის ზედა ქერქი სრულად სტერილიზებული არ უნდა ყოფილიყო.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 4,4 მილიარდი წლის წინ სრულიად შესაძლებელი იყო, ღრმა ჰიდროთერმულ ღრმულებში გაჩენილიყო გარკვეული დნმ-პეპტიდური მიკრობები. ჯგუფის ვარაუდით, ამ მერყევი პერიოდის დასრულების შემდეგ, ქერქის უსაფრთხო ნაწილებიდან ეს მიკრობები პლანეტაზე ხელახლა გავრცელდა.

ეს უკანასკნელი მოსაზრება ამ ეტაპზე მხოლოდ ჰიპოთეზაა. მიუხედავად ამისა, მართლაც გასაოცარია იმის გააზრება, რომ დედამიწაზე სიცოცხლე ჩვენი პლანეტის დაბადებიდან სულ რამდენიმე ასეული მილიონი წლის შემდეგ აღმოცენდა. დღეისათვის, ჩვენთვის ცნობილი უძველესი მიკრობული ნამარხი 3,5 მილიარდი წლისაა.

კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.