ცოცხალი ორგანიზმები დედამიწაზე 3,5 მილიარდი წლის წინაც იყვნენ - უძველეს ქანებში მიკრობთა ნარჩენები აღმოაჩინეს
ცოცხალი ორგანიზმები დედამიწაზე 3,5 მილიარდი წლის წინაც იყვნენ - უძველეს ქანებში მიკრობთა ნარჩენები აღმოაჩინეს

დედამიწის უძველესი სიცოცხლის ძებნისას, ხშირად ძნელია იმის გარკვევა, ნამდვილ ნამარხებს სწავლობ თუ უბრალოდ კლდის ნამცეცებს. ასეთმა ეჭვებმა დიდი ხნით დაჩრდილა 1980-იან წლებში ავსტრალიის უდაბნოში აღმოჩენილი 3,5 მილიარდი წლის ნამარხები. მეცნიერთა განცხადბით, როგორც იქნა, ყველაფერი საბოლოოდ გარკვეულია.

უძველეს მიკრობთა ნამარხები, რომლებსაც სტრომატოლიტებს უწოდებენ, ავსტრალიაში, პილბარას რეგიონში, დრესერის გეოლოგიურ ფორმაციებში აღმოაჩინეს. ახლახან, მეცნიერებმა მათში ბოლოსდაბოლოს იპოვეს ორგანული მატერიის კვალი.

„აღმოჩენა ამაღელვებელია — პირველად ისტორიაში, უკვე შეგვიძლია მსოფლიოს ვამცნოთ, რომ ეს სტრომატოლიტები მართლაც დედამიწაზე არსებული სიცოცხლის უძველესი მტკიცებულებაა“, — ამბობს ავსტრალიის სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის გეოლოგი რაფაელ ბომგარტნერი.

შეიძლება გახსოვთ შარშანდელი ამბავი, როცა მეცნიერები იუწყებოდნენ გრენლანდიაში 3,7 მილიარდი წლის წინანდელი ნამარხების აღმოჩენის შესახებ. ბოლო კვლევებმა დაადგინა, რომ ეს ნამარხები სინამდვილეში ძველი ქანებია და გვირგვინიც კვლავ პილბარას ნამარხებს დაუბრუნდა.

მიუხედავად იმისა, რომ პილბარას ნამარხების ნამდვილობაში ეჭვი არავის ეპარებოდა, ამას საბოლოო დამტკიცება მაინც სჭირდებოდა. მართალია, მათ მიკრობული სტრომატოლიტების ფორმა და სტრუქტურა ჰქონდათ, მაგრამ ვერ ხერხდებოდა ორგანული მატერიის პოვნა.

ეს ფაქტი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე „უძველეს ნამარხთა“ ტიტული. აღმოჩენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რათა პასუხი გავცეთ ჩვენი არსებობის შესახებ დასმულ ერთ-ერთ ფუნდამენტურ შეკითხვას — როდის და როგორ გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე?

შეგულიანებულმა ბომგარტნერმა და მისმა ჯგუფმა ანალიზების ჩატარება დაიწყო. შეისწავლეს ისეთი სიღრმიდან ამოღებული კერნის ნიმუშები, სადაც ქანებს წყალი ვერ დააზიანებდა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს ნიმუშები გაცილებით უკეთ იქნებოდა დაცული, ვიდრე ზედაპირიდან აღებული.

ნიმუშების ციცქნა ნაჭრებს მკვლევრებმა ანალიზი მრავალი მეთოდით ჩაუტარეს. მათ შორის, დაასკანირეს ელექტრო მიკროსკოპითა და ტრანსმისური ელექტრო მიკროსკოპით; ენერგოდისპერსიული რენტგენული სპექტროსკოპიითა და რამანის სპექტროსკოპიით; ნანომასშტაბის მეორეული იონური მასსპექტრომეტრიით და ჩაუტარეს სტაბილური ნახშირბადის იზოტოპის ანალიზები.

თუკი რომელიმე მეთოდი დადებით პასუხს აჩვენებდა, მაგრამ სხვები არა, დასკვნის გაკეთება საკმაოდ გაჭირდებოდა. თუმცა, ყველაფერი ერთ რამეს მიუთითებდა.

ჯგუფის მიერ ჩატარებულმა ანალიზებმა აჩვენა, რომ სტრომატოლიტები ძირითადად მინერალ პირიტისგან შედგება. პირიტში კი მიაგნეს აზოტის შემცველ ორგანულ მასალას, ორგანული მატერიის ბოჭკოებსა და ფილამენტებს, რომლებიც ძალიან ჰგავს მიკრობთა კოლონიების მიერ წარმოქმნილ ბიოლენტებს (ბიოფილმი).

ბომგარტნერის განცხადებით, სტრომატოლიტების პირიტში აღმოჩენილი ორგანული მატერია ამაღელვებელია, რადგან ჩვენ წინაშეა განსაკუთრებით კარგად შემონახული თანმიმდევრული ბოჭკოები და ფილამენტები, რომლებიც როგორც წესი, მიკრობთა ბიოლონტების ნარჩენებია.

უფრო ადრე, ავსტრალიელ მკვლევართა სხვა ჯგუფმა პილბარას ცხელი წყაროების დანალექებში 3,4 მილიარდი წლის მიკრობთა კვალი იპოვა. იმის გამო, რომ ეს დანალექები მარსის ქერქის ასაკისაა, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მათ შეუძლიათ გვითხრან, როგორ ვიპოვოთ პოტენციური ნამარხები მარსზე. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მტკიცებულებათა მიხედვით ირკვევა, რომ ცხელი წყაროები ერთ დროს წითელ პლანეტაზეც იყო.

მართლაც, პილბარას რეგიონი უკვე შეისწავლა ნასამ. სააგენტოს იმედი აქვს, რომ ამ ადგილის წყალობით გაიგებს, როგორ მიაგნოს გეოლოგიურ ხელწერებს, რომლებიც მარსზე სტრომატოლიტების არსებობის მანიშნებელი შეიძლება იყოს.

ბომგარტნერის განცხადებით, იმის გარკვევა, თუ სად აღმოცენდა სიცოცხლე, უმნიშვნელოვანესია ჩვენი წარმომავლობის გასარკვევად. გარდა ამისა, ამის ცოდნა ასევე დაგვეხმარება გავიგოთ, სად შეიძლება გაჩნდეს სიცოცხლე, მაგალითად, აღმოცენდა თუ არა ის სხვა პლანეტებზეც.

კვლევა ჟურნალ Geology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია unsw.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი