შორეულ წარსულში დედამიწაზე ბიომრავალფეროვნებამ ასტეროიდის მტვრის წყალობით იფეთქა - ახალი კვლევა
შორეულ წარსულში დედამიწაზე ბიომრავალფეროვნებამ ასტეროიდის მტვრის წყალობით იფეთქა - ახალი კვლევა

დაახლოებით ნახევარი მილიარდი წლის წინ, რაღაც იდუმალმა მოვლენამ დედამიწაზე არსებული სიცოცხლის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია. უცბად იფეთქა სახეობებმა, უხერხემლო ცხოველთა ოდენობა საკმაოდ დაბალი დონიდან გაიზარდა დღევანდელის მსგავს მასშტაბამდე.

ამ „დიდი ორდოვიციული ბიომრავალფეროვნების მოვლენის“ ყველაზე პოპულარული ახსნის მიხედვით, ეს ყველაფერი გამოიწვია არაკომფორტულად ცხელი დედამიწის გაციებამ და თანდათანობით გამყინვარების ხანაში შესვლამ.

თუმცა, რამ გამოიწვია სინამდვილეში ტემპერატურის ცვლილება? ახალი კვლევის ფარგლებში, შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტის გეოლოგმა ბრიგერ შმიტცმა და მისმა ჯგუფმა დაადგინა, რომ ეს ეტაპი ზუსტად ემთხვევა გასული ორი მილიარდი წლის განმავლობაში ასტეროიდთა სარტყელში მომხდარ უდიდეს ასტეროიდულ მსხვრევას. საქმე ეხება ორი უზარმაზარი ასტეროიდის შეჯახებას.

დღესაც კი, დედამიწაზე ჩამოცვენილ მეტეორიტთა მესამედი ამ ობიექტის ნამსხვრევებს წარმოადგენს. სავარაუდოდ, ეს გახლდათ მარსსა და იუპიტერს შორის მოძრავი 150 კმ სიგანის ასტეროიდი.

ამ მოვლენის შემდეგ, მთელ მზის სისტემაში უნდა გავრცელებულიყო უზარმაზარი ოდენობის მტვერი. მტვრის ბლოკირების ეფექტს მნიშვნელოვნად უნდა შეემცირებინა დედამიწამდე მოღწეული მზის სინათლე, რაც თავისთავად გამოიწვევდა ტემპერატურის კლებას.

ახალ კლიმატს შეეგუა უხერხემლოთა დიდი მრავალფეროვნება, მათ შორის მწვანე წყალმცენარეები, პრიმიტიული თევზები, ცეფალოპოდები და მარჯნის რიფები.

ზღვის ფსკერის დანალექები

მკვლევართა ჯგუფმა დეტალურად შეისწავლა ორდოვიციული ეპოქის (485-443 მილიონი წლის წინ) ზღვის ფსკერის დანალექები, რომლებიც მოშიშვლებულია სამხრეთ შვედეთის სოფელ კინეკულესთან და სანქტ-პეტერბურგის სიახლოვეს, მდინარე ლინასთან.

კინეკულეს კარიერში მათ იპოვეს 130-ზე მეტი „ნამარხი მეტეორიტი“ — უძველეს წარსულში დედამიწაზე ჩამოცვენილი კლდოვანი ნამსხვრევები, რომლებიც ზღვის ფსკერის დანალექების ჩაიჭედა და ცხოველის ნამარხებივით შეინახა.

მეტეორიტების დიამეტრი 20 სანტიმეტრია და ყველა მათგანი ერთის გარდა, ერთნაირი შემადგენლობისაა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ერთი და იმავე შეჯახების შედეგადაა წარმოქმნილი. შედგებიან იგივე მასალისგან, რისგანაც ის დიდი ასტეროიდი, რომელიც იმ პერიოდში დაიმსხვრა ასტეროიდთა სარტყელში.

ის ერთი, სხვანაირი შემადგენლობის მეტეორიტი სავარაუდოდ ეკუთვნის იმ პატარა სხეულს, რომელიც დიდ ასტეროიდს შეეჯახა.

ცნობილია, რომ ამ ასტეროიდთა შეჯახება 446 მილიონი წლის წინ მოხდა. Ამ თარიღის დადგენა ბოლო დროს ჩამოცვენილი მეტეორიტების იზოტოპებით მოხერხდა. იზოტოპები არის ერთი და იგივე ელემენტების სახესხვაობა, რომლებსაც ბირთვში სხვადასხვა რაოდენობის ნეიტრონები აქვთ.

გამომდინარე აქედან, კარიერში აღმოჩენილი ნამარხი მეტეორიტები წარმოადგენს მასალას, რომელიც დედამიწაზე ასტეროიდთა შეჯახებისთანავე ჩამოცვივდა. თუ გავითვალისწინებთ ზღვის ფსკერზე ნაპოვნ დიდი ოდენობით მეტეორიტებსაც, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დედამიწისკენ მომდინარე მეტეორიტთა ნაკადის მასშტაბი დღვანდელზე გაცილებით დიდი იყო.

საინტერესოა, საიდან ვიცით, რომ ამ ბომბარდირებამ წარმოქმნა იმდენი მტვერი, რომ ტემპერატურამ დაიწია? საქმე ის არის, რომ მკვლევართა ჯგუფმა დანალექებში ასევე შეისწავლა ძალიან წვრილად დაფხვნილი მიკრომეტრის ზომის მტვრის ნაწილაკები.

დანალექებში აღმოაჩინეს ჰელიუმი და სხვა სუბსტანციები, რაც აშკარად მიუთითებს მათ არამიწიერ წარმოშობაზე. ამ ნივთიერებათა ჩართულობა შეიძლება აიხსნას მხოლოდ იმით, რომ მტვერს ურტყამდა მზის ქარები და დედამიწისკენ მომავალ გზაზე ამ ელემენტებითაც გაამდიდრა.

კვლევის შედეგებმა ნათლად აჩვენა, რომ ასტეროიდთა შეჯახებიდან მალევე, დედამიწამდე მოაღწია უზარმაზარი ოდენობის წვრილად დაფხვნილმა მტვერმა. როგორც გეოლოგიური მტკიცებულებები აჩვენებს, მტვრის გამოჩენიდან სულ მალე, ზღვის დონე მნიშვნელოვნად დაეცა გლობალური მასშტაბით — დაიწყო გამყინვარების ხანა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ზღვის წყალი მაღალ განედებზე გადაიტყორცნა და წარმოიქმნა ყინულის უზარმაზარი ფენები.

კვლევის შედეგები სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა — ბოლო 25 წლის განმავლობაში, უძველესი წარსულის ამ პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ძალიან განსხვავებული ჰიპოთეზა გვქონდა.

მაგალითად, მართალია, არსებობდა ეჭვი, რომ ბიომრავალფეროვნების გამომწვევი მოვლენა რაღაცნაირად კავშირში იყო ასტეროიდთა შეჯახებასთან, მაგრამ უფრო მიიჩნეოდა, რომ ამ შეჯახების შედეგად დედამიწაზე ჩამოცვივდა არა მტვერი, არამედ მრავალი პატარა ასტეროიდი, რომლებმაც გარკვეული ცვლილებები გამოიწვიეს. თუმცა, ყველაფერი თავდაყირა დააყენა მტვრის ნაწილაკებში ჰელიუმის აღმოჩენამ.

გაკვეთილი კლიმატის კვლევისთვის

ნახშირორჟანგის გამოყოფის გამო, გლობალური დათბობა გრძელდება; მაღალ განედებზე ტემპერატურა უფრო მეტად იზრდება. კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის მონაცემებით, ვუახლოვდებით სიტუაციას, რომელიც მოიტანს ისეთ გარემოს, რაც 446 მილიონი წლის წინ, ასტეროიდთა შეჯახებამდე იყო. ამ გზის მიყოლა ბიომრავალფეროვნებისთვის ნამდვილად არ არის სახარბიელო.

ბოლო ათწლულების განმავლობაში, მკვლევრებმა განიხილეს მრავალი ხელოვნური მეთოდი დედამიწის გასაციებლად იმ შემთხვევაში, თუ რაიმე დიდი კლიმატური კატასტროფა მოხდება. ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს ასტეროიდების, უფრო ხელოვნური თანამგზავრების ისე განთავსება დედამიწის ორბიტაზე, რომ მათ გამუდმებით გამოყონ წმინდა მტვერი, რომელიც ნაწილობრივ დაბლოკავს მზის სინათლეს.

კვლევამ პირველად აჩვენა, რომ ასეთმა მტვერმა იმ დროს დედამიწა დრამატულად გააცია, რაც იძლევა იმედს, რომ ის შეიძლება ხელოვნური გამოსავალიც იყოს.

თუმცა, უახლოეს მომავალში, კლიმატის ცვლილების შეჩერების ერთადერთ გზად ნახშირბადის გამოყოფის შემცირება რჩება. სწორედ ასე შეგვიძლია შევინარჩუნოთ ის მომაჯადოებელი ბიომრავალფეროვნება, რომელმაც 446 მილიონი წლის წინ, დიდი ასტეროიდის აფეთქების წყალობით იფეთქა.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.