რა გახდა დედამიწის ისტორიაში ყველაზე დიდი გადაშენების მიზეზი — #1tvმეცნიერება
რა გახდა დედამიწის ისტორიაში ყველაზე დიდი გადაშენების მიზეზი — #1tvმეცნიერება

გასული 540 მილიონი წლის განმავლობაში მომხდარი ყველაზე სასტიკი გადაშენებისას, დედამიწაზე წყლის სახეობათა 90 პროცენტი და ხმელეთის სახეობათა 75 პროცენტი მოისპო. პერმულ-ტრიასული გადაშენება 251 მილიონი წლის წინ მოხდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მისი გამომწვევი მიზეზი ამჟამინდელი ციმბირის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ვულკანური ამოფრქვევები უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერ ხსნიდნენ მექანიზმს, რის გამოც გახდა ამოფრქვევები ამდენი და ასეთი მრავალფეროვანი სახეობების გადაშენების მიზეზი როგორც ოკეანეებში, ისე ხმელეთზე.

ამის გასარკვევად, ამერიკელმა, ჩინელმა, კანადელმა და შვეიცარიელმა მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს. კვლევის ავტორმა, ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლაურა ვასილენკიმ ლაბორატორიაში ნიკელის იზოტოპური ანალიზები ჩაუტარა არქტიკულ კანადაში შეგროვებულ გვიანდელ პერმულ დანალექოვან ქანებს. ნიმუშებში ნიკელის იზოტოპთა პროპორცია ყველაზე დაბალი აღმოჩნდა ამ დრომდე გაზომილ დანალექოვან ქანებს შორის; ამის ერთადერთი შესაძლოა ახსნა კი ის არის, რომ ნიკელის წყარო ვულკანური რელიეფია, საიდანაც ის სავარაუდოდ აეროზოლურმა ნაწილაკებმა წაიღო და ოკეანეში დალექა, სადაც მან დრამატულად შეცვალა ზღვის წყლის ქიმიური შემადგენლობა და მწვავედ მოშალა საზღვაო ეკოსისტემა.

„კვლევის შედეგები იმის ძლიერ მტკიცებულებას გვთავაზობს, რომ ნიკელით მდიდარი ნაწილაკები აეროზოლოს სახით ავიდა ჰაერში და ფართოდ გაიფანტა როგორც ატმოსფეროში, ისე ოკეანეში“, — ამბობს ვასილენკი.

მისი განცხადებით, ნიკელი გადამწყვეტი ლითონია მრავალი ორგანიზმისთვის, მაგრამ მისი რაოდენობის ზრდა უნდა იწვევდეს მეთანოგენების პროდუქტიულობის უჩვეულოდ აზვირთებას; მეთანოგენები არიან მიკროორგანიზმები, რომლებიც მეთანს აწარმოებენ. მეთანის რაოდენობის ზრდა კი შეიძლება წარმოუდგენლად საზიანო იყოს ჟანგბადზე დამოკიდებული სიცოცხლის ყველა სახეობისთვის.

„ჩვენი კვლევა პირდაპირ კავშირს გვთავაზობს ნიკელით მდიდარ აეროზოლთა გლობალურ მიმოფანტვას, ოკეანის ქიმიური შემადგენლობის ცვლილებასა და მასობრივ გადაშენებას შორის“, — აღნიშნავს ვასილენკი.

მისივე თქმით, მონაცემები ასევე წარმოაჩენს, რომ გარემოს გაუარესება გადაშენების მოვლენამდე ბევრად ადრე დაიწყო — დაახლოებით 300 000 წლით ადრე. ამ კვლევამდე, საკმაოდ ბუნდოვანი იყო კავშირი ციმბირის ტრაპების ბაზალტურ ვულკანიზმს, ოკეანეში ჟანგბადის უკმარისობასა და მასობრივ გადაშენებას შორის; ახლა კი უკვე გვაქვს სიკვდილის კონკრეტული მექანიზმის მტკიცებულება. გარდა ამისა, აღმოჩენა წარმოაჩენს ნიკელის იზოტოპურ ანალიზთა ძალას დედამიწის მეცნიერებებში დიდი ხნის პრობლემათა გადასაჭრელად. ეს მიმართულება შედარებით ახალია.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.