რატომ გადაშენდა დედამიწაზე სიცოცხლის 80 პროცენტი 250 მლნ წლის წინ
რატომ გადაშენდა დედამიწაზე სიცოცხლის 80 პროცენტი 250 მლნ წლის წინ

დაახლოებით 252 მილიონი წლის წინ, დედამიწა დრამატულად და კატასტროფულად შეიცვალა. ციმბირში მიმდინარე მასიურმა ვულკანურმა აქტივობამ პლანეტა თითქმის მილიონი წლის განმავლობაში გაახვია ფერფლის სქელ საბურველში. შედეგად, მოისპო იმ დროს არსებული სიცოცხლის უდიდესი ნაწილი.

ეს მოვლენა, რომელსაც „დიდი კვდომა“ უწოდეს, წარმოადგენდა ყველაზე სასტიკ გადაშენებას, რაც კი ოდესმე მომხდარა დედამიწაზე. მოისპო წყლის სახეობათა 96 პროცენტი და ხმელეთის ხერხემლიანთა 70 პროცენტი.

ვულკანური აქტივობა იმდენად ინტენსიური იყო, რომ კვალის სახით დატოვა ვულკანური ქანების უზარმაზარი რეგიონი, რომელსაც დღეს ციმბირის ტრაპებს უწოდებენ. დედამიწის ქერქში წარმოქმნილი ვულკანური ნახვრეტებიდან საერთო ჯამში ამოვიდა 1,5 მილიონი კუბური კილომეტრი ლავა.

საფრანგთის პეტროგრაფიული და გეოქიმიური კვლევების ცენტრის გეოლოგის, მაიკლ ბროუდლის თქმით, ამ გადაშენების მასშტაბი იმდენად წარმოუდგენელი იყო, რომ მეცნიერები ხშირად ფიქრობენ, რატომ იყო ციმბირის ბაზალტის ნაკადები გაცილებით მომაკვდინებელი სხვა მსგავს ამოფრქვევებთან შედარებით.

მაგრამ ამჯერად, მას და მის ჯგუფს სჯერათ, რომ ამ კითვხვაზე პასუხს უკვე მიაგნეს.

დიდი კვდომის დროს დედამიწამ დრამატული ცვლილებები განიცადა. პლანეტა მნიშვნელოვნად გათბა. ამის მიზეზი გახლდათ დიდი ოდენობით ამოფრქვეული ისეთი ვულკანური აქროლადები, როგორიცაა ნახშირორჟანგი. მიჩნეულია, რომ ამ პროცესმა მნიშვნელოვნად გაათხელა ოზონის შრეც, რამაც გამოიწვია მცენარეების სტერილიზაცია — მათ გამრავლება აღარ შეეძლოთ.

როგორც მკვლევრები დოკუმენტში აღნიშნავენ, ციმბირის ბაზალტის ნაკადებიდან გამოყოფილი ვულკანური აქროლადები არასაკმარისი უნდა ყოფილიყო გარემოს იმ დეგრადაციისა და კლიმატური რყევებისათვის, რაც პერმიული ეპოქის კრიზისის დასასრულს მოხდა.

საინტერესოა, საიდან მოვიდა დამატებითი აქროლადები?

მკვლევართა ჯგუფის დასკვნით, ისინი მიწაში იმალებოდა, დედამიწის ყველაზე გარე ფენაში, რომელსაც ლითოსფეროს უწოდებენ.

მათ შეისწავლეს პერიდოტიტის ნამსხვრევები. ეს არის მანტიის ერთ-ერთი ქანი , რომელიც ზედაპირზე ამოიტანა ციმბირის მაგმის ნაკადებმა, იგივე ქსენოლიტებმა. ზოგიერთი ეს ქსენოლიტი 360 მილიონი წლის წინანდელი, ანუ ამოფრქვევამდელი აღმოჩნდა. ზოგიერთის ასაკი კი 160 მილიონი წელია, ანუ მიეკუთვნება ამოფრქვევათა შემდეგ პერიოდს.

ამ ქანების ანალიზებმა რაღაც საინტერესო აჩვენა. როგორც ჩანს, ამოფრქვევამდე, ციმბირის ლითოსფეროში უხვად იყო ჰალოგენების სახელით ცნობილი ელემენტთა ჯგუფი, განსაკუთრებით ქლორი, ბრომი და იოდი. ეს ელემენტები ზღვის წყალშია წარმოდგენილი და სავარაუდოდ, ლითოსფეროში სუბდუქციის, ანუ ტექტონიკურ ფილებს შორის არსებული ზონების გზით შევიდა.

160 მილიონი წლის ქსენოლიტების შედარებამ ჰალოგენების მკვეთრი შემცირება აჩვენა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ქანებიდან მათი გამოყოფის მიზეზი რაღაც მონუმენტური მოვლენა გახდა, მაგალითად, უზარმაზარი ვულკანური ამოფრქვევა.

ჯგუფის გათვლების მიხედვით, ამოფრქვევების კვამლის აქროლადთა შემცველობის 70 პროცენტი ლითოსფეროდან გამოიყო. ამას კი თავის მხრივ გამანადგურებელი შედეგები მოჰყვა.

„ჩვენ ვასკვნით, რომ ვულკანური ამოფრქვევების დროს, ციმბირის ლითოსფეროში შენახულ ჰალოგენთა ვრცელი რეზერვუარი დედამიწის ატმოსფეროში გაიტყორცნა, რამაც თანდათან გაანადგურა ოზონის ფენა და გამოიწვია მასობრივი გადაშენება“, — ამბობს საფრანგთის პეტროგრაფიული და გეოქიმიური კვლევების ცენტრის გეოლოგი, მაიკლ ბროუდლი.

კვლევა ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი