გარკვეულია მიზეზი, რამაც დედამიწის პირველი გლობალური დათბობა და მასობრივი გადაშენებები გამოიწვია
გარკვეულია მიზეზი, რამაც დედამიწის პირველი გლობალური დათბობა და მასობრივი გადაშენებები გამოიწვია

სიცოცხლის აღმოცენების შემდეგ, დედამიწაზე დიდი ცვლილებები დაიწყო. შედარებით ადრე განვითარებულმა მცენარეებმა და წყალმცენარეებმა დიდი წვლილი შეიტანეს ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგის ჟანგბადად გარდაქმნაში, რამაც გზა მოუმზადა ფაუნის გამოჩენას.

მაგრამ ცვლილებები აქ არ დასრულებულა. ახალი კვლევის მიხედვით, დაახლოებით 520-540 მილიონი წლის წინ ცხოველების გამოჩენამ ატმოსფერო კვლავ შეცვალა, რამაც გლობალური დათბობა გამოიწვია. მაგრამ ეს დათბობა სულაც არ იყო ისეთი ინტენსიური და სწრაფი, როგორც ამჟამინდელია.


მიუხედავად ამისა, ოკეანეში პირველი ცხოველების გამოჩენიდან პირველი 100 მილიონი წლის განმავლობაში, მათ თავს დაატყდათ რამდენიმე მასობრივი გადაშენება. ამის მიზეზი იყო ჟანგბადის დონის კვლავ კლება და ნახშირორჟანგისა და ტემპერატურის მატება, სანამ ის მართებულ ეკვილიბრუმს (წონასწორობა) მიაღწევდა.

„ზღვის ფსკერზე გადანაწილდნენ ჭიების მსგავსი ციცქნა არსებები. დაიწყო მკვდარი ორგანული მასალების შერევისა და გადამუშავების პროცესი, რასაც ბიოტურბაციას უწოდებენ“, — ამბობს ექსტერის უნივერსიტეტის კლიმატის მეცნიერი ტიმ ლენტონი.

მისი თქმით, ამ ცხოველების ეფექტი იმდენად დიდი იყო, რომ გარემოში დიდი ცვლილებები დაიწყო, რადგან ცარიელი ოკეანის ფსკერი ბიოტურბაციულ მდგომარეობაში გადავიდა.


ექსტერის, ლიდსის, ანტვერპენისა და ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა მათემატიკური მოდელები გამოიყენა, რათა ერთმანეთთან დაეკავშირებინა ცხოველების გაჩენა და 520 მილიონი წლის წინ მომხდარი გლობალური დათბობის მოვლენა.

კამბრიულ ეპოქაში, 540 მილიონი წლის წინ, ზღვის ფსკერის ბინადართა უეცარ გამოჩენამდე, რასაც კამბრიულ აფეთქებას უწოდებენ — ზღვის ფსკერი ძირითადად დაფარული იყო არათანაბრად გადანაწილებული მიკრობული არსებებით.

ჭიებსა და ხოჭოს მსგავს ქმნილებებს, რომლებმაც ყველაფერი შეცვალეს, ბევრი არაფერი ნამარხი დაუტოვებიათ, მაგრამ დიდი ოდენობით დატოვეს თავიანთ სოროების განმარხებული ნაკვალევი. როცა ისინი ფსკერს საკვებით მდიდარ მიკრობებს შორის თხრიდნენ, ისინი მათ ზღვის ფსკერის დანალექებში ურევდნენ, ზუსტად ისე, როგორც ჭიები ბოსტნის ნიადაგში. შედეგად, აქტიურდებოდა ორგანული პროცესები.


კვებისას ისინი მოიხმარდნენ ჟანგბადს და გამოყოფდნენ ნახშირორჟანგს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფსკერს ძალიან ღრმად არ თხრიდნენ და მხოლოდ 1-3 სმ სიღრმეში ჩადიოდნენ (ზღვის ფსკერის ამჟამინდელი არსებები 10-ჯერ უფრო ღრმად თხრიან), მაინც საკმარისი აღმოჩნდა, რომ დარღვეულიყო ყველაფრის ბალანსი.

„კომპიუტერული მოდელის ამუშავებისას, ნანახით გაოცებული დავრჩით. ამ პატარა ცხოველთა ევოლუციამ ნამდვილად შეამცირა ჟანგბადის ოდენობა ოკეანესა და ატმოსფეროში. ამავე დროს, იმდენად მაღალ დონემდე გაზარდეს ატმოსფერული ნახშირორჟანგის ოდენობა, რომ დაიწყო გლობალური დათბობა. ვიცოდით, რომ გლობალური დათბობა დედამიწის ისტორიის ზუსტად ამ მონაკვეთში მოხდა, მაგრამ ვერ ვაანალიზებდით, რომ მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლებოდა, ცხოველები ყოფილიყვნენ“, — ამბობს ლიდსის უნივერსიტეტის გარემოს კვლევის მეცნიერი ბენიამინ მილსი.


თუმცა, ყველაფერი ემთხვევა — ცხოველთა გამოჩენა, ბიოტურბაცია, ჟანგბადის გამოლევა და ნახშირბადის კვალი. პერიოდული გადაშენებები კამბრიული ეპოქის შუა მონაკვეთიდან ორდოვიციული ეპოქის ადრეულ პერიოდამდე დაკავშირებულია სწორედ ოკეანეში ჟანგბადის გამოლევასთან.

ტიმ ლენტონის თქმით, ეს პროცესი დიდად არ განსხვავდება ამჟამად მიმდინარე მოვლენებისგან. მაგრამ წყლის უძველესი ჭიებისგან განსხვავებით, ჩვენ, ადამიანებს, შეგვიძლია რაიმე ვიღონოთ სიტუაციის გამოსასწორებლად.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია exeter.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი