გიგანტური ზარმაცები სამხრეთ ამერიკაში ათასწლეულების განმავლობაში არსებობდნენ ადამიანების გვერდით — #1tvმეცნიერება
გიგანტური ზარმაცები სამხრეთ ამერიკაში ათასწლეულების განმავლობაში არსებობდნენ ადამიანების გვერდით — #1tvმეცნიერება

ადამიანების გვერდით მოლეკულური დათარიღება აჩვენებს, რომ რამდენიმე გადაშენებული არსება, მაგალითად, გიგანტური ზარმაცები და მამონტები, სამხრეთ ამერიკაში იმაზე გვიანდელ პერიოდამდე არსებობდნენ, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა; ეს კი აჩენს კითხვებს დედამიწის დიდი ცხოველების ყველაზე ბოლოდროინდელი გადაშენების ძირეული მიზეზების შესახებ.

„სამეცნიერო საზოგადოებაში არ არსებობს კონსენსუსი იმ მიზეზის ან მიზეზების შესახებ, რომელმაც სამხრეთ აფრიკის მეგაფაუნის გადაშენება გამოიწვია“, — ამბობს რიო-დე-ჟანეიროს ფედერალური უნივერსიტეტის მკვლევარი ფაბიო ენრიკე კორტეს ფარია.

ერთ დროს, სამხრეთ ამერიკაში მრავალი დიდი ცხოველი ბინადრობდა, მათ შორის, გიგანტური არმადილი (ჯავშნოსანი), სპილოები, ხმალკბილა კატები და ზარმაცები, რომლებიც ოთხ ტონაზე მეტს იწონიდნენ. ფართოდაა მიჩნეული, რომ ეს არსებები პლეისტოცენ-ჰოლოცენის საზღვრიდან (11 700 წლის წინ) მალევე გადაშენდნენ, როცა დედამიწის კლიმატი გათბა და ადამიანთა პოპულაციამ მთელ მსოფლიოში დაიწყო გავრცელება.

„ქცევის თვალსაზრისით თანამედროვე ადამიანთა გამოჩენამ და გლობალურმა გავრცელებამ წარმოქმნა წნეხები, რომლებსაც მეგაფაუნის მრავალმა სახეობამ ვერ გაუძლო. ნადირობით და ალბათ ლანდშაფტის ცვლილებებით, ადამიანებმა დრამატულად შეამცირეს მეგაფაუნის მრავალფეროვნება მთელ მსოფლიოში“, — ამბობს დანიის ორჰუსის უნივერსიტეტის მკვლევარი ჯენს-კრისტიან სვენინგი.

თუმცა, კორტესის განცხადებით, როგორც ბოლოდროინდელი მონაცემები აჩვენებს, მრავალი გადაშენება ამ ადამიანთა მისვლიდან კარგა ხნის შემდეგ მოხდა. ამერიკის კონტინენტზე ისინი მრავალი ათასწლეულის განმავლობაში თანაარსებობდნენ მეგაფაუნასთან ერთად. ეს თანაცხოვრება და ასევე ძლიერ სანადირო სახეობების, მაგალითად, ირმის გადარჩენის ფაქტმა, კორტესს და მის ჯგუფს აფიქრებინა მიჰყოლოდნენ ადამიანის ფაქტორით გამოწვეული გადაშენებების ჰიპოთეზის ალტერნატივებს.

რადიონახშირბადული დათარიღებით, მკვლევრებმა დაადგინეს მანამდე დაუთარიღებელი რვა ბრაზილიური სახეობის კბილების ასაკი. მათ შორის იყო Smilodon populator-ი — ხმალკბილა კატა; Notiomastodon platensis-ი — სამხრეთამერიკული სპილო; Eremotherium laurillardi — ბეჰემოთის ზომის ზარმაცა; და Palaeolama major — დიდი, გადაშენებული ლამა.

შედეგებმა აჩვენა, რომ რამდენიმე ეს სახეობა წინა შეფასებებზე რამდენიმე ათასწლეულით უფრო დიდხანს გადარჩა, ანუ გადაშენდნენ სამხრეთ ამერიკაში პირველი ჰომო საპიენსის გამოჩენიდან კარგა ხნის შემდეგ. ამ ცხოველთა უმეტესობა ჯერ კიდევ არსებობდა დაახლოებით 6000-80000 წლის წინ, მაგრამ ორი სახეობა Palaeolama major-ი და აქლემის მსგავსი Xenorhinotherium bahiense ჯერ კიდევ 3500 წლის წინაც არსებობდნენ; შედეგად, ისინი სამხრეთ ამერიკის მეგაფაუნის ბოლო გადარჩენილი წარმომადგენლები არიან.

„კვლევა აშკარად აჩვენებს, რომ სახელგანთქმული პლეისტოცენ-ჰოლოცენის გადაშენება წარმოადგენდა პლეისტოცენის ეპოქის ძუძუმწოვართა ბიომრავალფეროვნების შემცირების გრძელვადიან პროცესს“, — ამბობს რიო-დე-ჟანეიროს ფედერალური უნივერსიტეტის მკვლევარი, ჯგუფის წევრი ისმარ დე სოუზა კარვალიუ.

კორტესი და მისი ჯგუფი ირწმუნება, რომ სამხრეთამერიკული გადაშენებები დიდწილად განპირობებული იყო გარემოებითი ფაქტორებით. ჰოლოცენმა მოიტანა კლიმატის ცვლილებები, რომლებმაც გააფართოვა ტყეები და შეამცირა სავანები, რამაც დრამატულად შეამცირა დიდი ცხოველების არსებობისთვის საჭირო გარემო (ჰაბიტატი). მართალია, მათ შემცირებაში წვლილი ალბათ ადამიანების მხრიდან ნადირობამაც შეიტანა, მაგრამ მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ეს არ იყო წამყვანი ფაქტორი.

თუმცა, სვენინგის აზრით, კვლევის შედეგები შესაბამისობაშია მოსაზრებასთან, რომ გადაშენებები გამოიწვია ადამიანთა პოპულაციების ზრდიდან წამოსულმა წნეხებმა. მიუხედავად იმისა, რომ ის ეთანხმება, რომ გარემოებითმა ფაქტორებმა შეიძლება როლი შეასრულა გარკვეულ ადგილობრივ დონეებზე, იგი ირწმუნება, რომ ახალი მონაცემები კარგ თანხვედრაშია ბოლოდროინდელ აღმოჩენებთან, რომელთა მიხედვითაც, აზიაში, მეგაფაუნის ნაწილი ჰოლოცენის ხანაშიც გადარჩა.

„ეს კვლევა მიუთითებს, რომ ადამიანის საქმიანობის, კლიმატური და გარემოებითი ცვლილებების ურთიერთზეგავლენა მეგაფაუნის გაქრობის კრიტიკული წარმმართველი იყო. შესაბამისად, მართალია, ადამიანები ერთადერთი დამნაშავეები არ არიან, მაგრამ არც სრულიად უდანაშაულონი არიან“, — ამბობს ბრისტოლის უნივერსიტეტის მკვლევარი სარეშ სინგჰი.

კვლევა Journal of South American Earth Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.