252 მლნ წლის წინ, მასობრივი გადაშენება სავარაუდოდ ოზონის ფენის გათხელებამ გამოიწვია
252 მლნ წლის წინ, მასობრივი გადაშენება სავარაუდოდ ოზონის ფენის გათხელებამ გამოიწვია

252 მილიონი წლის წინ, დედამიწაზე მომხდარი ყველა დროის უდიდესი, მასობრივი გადაშენება შეიძლება კიდევ უფრო გამწვავებული იყო ოზონის ფენის გათხელებით. ამის შესახებ მკვლევრები იუწყებიან.

როგორც ჩანს, დიდი ოდენობით გაუფილტრავმა ულტრაიისფერამა გამოსხივებამ ზოგიერთი ხე სტერილურად აქცია, რამაც ნეგატიურ ეფექტთა მთელი კასკადი გამოიწვია.

პერმულ-ტრიასული გადაშენების მოვლენა აბსოლუტურად გამანადგურებელი იყო. მოსპო ხმელეთის ცხოველთა 75%, წყალში არსებული სიცოცხლის 95% და სხვა უთვალავი მცენარე მთელ დედამიწაზე.


მცენარეთა დესტაბილიზაციისა და აღდგენის პერიოდი კიდევ მომდევნო 500 000 წელიწადს გაგრძელდა, ტრიასულ ეპოქამდე.

თითქმის იმავე პერიოდში, ერთი მილიონი წლის განმავლობაში, 251-250 მილიონი წლის წინ, მიმდინარეობდა აბსოლუტურად მასიური ვუკლანური მოვლენები, რომელმაც წარმოქმნა ციმბირული ტრაპების სახელით ცნობილი ვულკანური ქანების რეგიონი.

დიდი ხნის განმავლობაში, მკვლევრებს მიაჩნდათ, რომ ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან იყო დაკავშირებული და ვულკანების ამოფრქვევებმა მოშალა ის როლი, რომელსაც ოზონის შრე ასრულებდა, მაგრამ რა იყო ეს როლი, ბოლომდე გაურკვეველი არაა.

მაგალითად, საკუთარი წვლილი შეიძლება შეიტანა მჟავა წვიმებმა, მაგრამ მისი ეფექტები უფრო ლოკალურია და არ შეიძლება ყოფილიყო ისეთი, როგორი გლობალური განადგურებაც მოხდა.


ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის მაგისტრანტს, ჯეფრი ბენკას და მის ჯგუფს სჯერა, რომ მათ შეიძლება პასუხი უკვე იპოვეს — თანაც ისეთი, რომელიც ნამდვილად გამაფრთხილებელია ამჟამად მიმდინარე კლიმატის ცვლილების პირობებში.

მათ აღმოაჩინეს, რომ თუკი ფიჭვის ხეებს მოვათავსებთ ისეთი უკიდურესი ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ, როგორიც მათი აზრით, გადაშენების დროს იყო — ისინი დროებით სტერილური ხდება.

ორი თვის განმავლობაში, მაქსიმუმ 49 სმ სიმაღლის, ბონსაის მსგავსი ფიჭვის პატარა ხეები მათ მოათავსეს მაღალ ულტრაიისფერ მზიან დღეზე 13-ჯერ მაღალი ულტრაიისფერი დასხივების ქვეშ, რათა გაერკვიათ ოზონის შრის გათხელების ეფექტები.


ამ დროის განმავლობაში, არ გამხმარა არც ერთი ხე, თუმცა დამახინჯდა მათი ყვავილის მტვერი, სულ რამდენიმე დღის შემდეგ კი, დაჭკნა და მოკვდა ყველა სათესლე გირჩი — ხეები სტერილური გახდა.

ნორმალურ სინათლეზე დაბრუნების შემდეგ, ფიჭვები თანდათან აღდგა, მაგრამ სტერილურობასთან დაკავშირებულ ზიანს, გავლენა მაინც უნდა ჰქონოდა ამ ხეების პოპულაციაზე.

„პერმული კრიზისის დასასრულს, ძლიერი ულტრაიისფერი გამოსხივების გამო, ტყეები ნაწილობრივ ან სრულად უნდა გამქრალიყო. ვულკანური ამოფრქვევების პულსებიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ პულსირებადი ოზონის ფარი შესუსტდა, რამაც შეიძლება გამოიწვია ტყეების შემცირება, რაც აქამდეც შეგვინიშნავს ნამარხებში“, — ამბობს ბენკა.

„თუკი ზოგიერთ დომინანტ მცენარეთა ხაზს გლობალურად არაერთხელ მოსპობთ, გამოიწვევთ საკვების ქსელის საძირკვლის დესტაბილიზაციას და ტროფიკულ კასკადებს, რაც ხმელეთის ცხოველებზე არც თუ ისე კარგად მოქმედებს.

„გონდვანის სუპერკონტინენტის მრავალ ზონაში ნაპოვნი იმ დროის ნამარხები შეიცავს დამახინჯებულ ყვავილის მტვერს და ტყეების დასუსტების სხვა მტკიცებულებებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ უნდა დაზიანებულიყო არა მხოლოდ ფიჭვისებრნი, არამედ სხვა ხეებიც.


მაშინ, როცა უკვე არაერთი მეცნიერი გვაფრთხილებს მეექვსე მასობრივი გადაშენების მოახლოებასთან დაკავშირებით, როცა გამონაბოლქვის შედეგად გალეულია ოზონის შრეც, რასაც მოსდევს ულტრაიისფერი B რადიაციის მაღალი დონე, რომელიც აზიანებს დნმ-ს — მკვლევრებს სჯერათ, რომ მათი ახალი აღმოჩენები კიდევ ერთხელ გვაფრთხილებს დედამიწის ბედთან დაკავშირებით.

„პალეონტოლოგებს მასობრივი გადაშენების მრავალი სცენარი აქვთ, მაგრამ მცენარეული სიცოცლხე უცაბედად ნამდვილად არ გადაშენდება, სამაგიეროდ, მოიშლება სიცოცხლის ციკლის ერთი ნაწილი, მაგალითად, რეპროდუქცია; ეს ყველაფერი დროის დიდ მონაკვეთში მოხდება და გამოიწვევს პოპულაციის შემცირებას ან მთლიანად გაქრობას“, — ამბობს კვლევის თანაავტორი სინდი ლუი.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.berkeley.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით