ბათუმში კლიმატის ცვლილების „თეთრი წიგნის“ საჯარო განხილვა გაიმართა
ბათუმში კლიმატის ცვლილების „თეთრი წიგნის“ საჯარო განხილვა გაიმართა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნის“ პრეზენტაცია და საჯარო განხილვა გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შემაჯამებელ შეხვედრას, რომელიც სსიპ – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა, ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა, სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა- ლეჩხუმის ადმინისტრაციების წარმომადგენლები.

მათივე ცნობით, ღონისძიების მონაწილეებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე მიესალმა, რომელმაც კლიმატის ცვლილების შესახებ ჩარჩო კანონის მომზადების მნიშვნელობასა და აღნიშნულ პროცესში პარლამენტის ჩართულობაზე ისაუბრა.

„ბათუმის უნივერსიტეტში კლიმატის ცვლილების „თეთრი წიგნის“ ძირითადი მიმართულებები საჯარო ფორმატში გაიმართა. დოკუმენტში მოცემული მიდგომები და რეკომენდაციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობას და დაინტერესებულ პირებს უკვე გავაცანით და ახლა უკვე პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. კლიმატის ცვლილების ჩარჩო კანონი, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე ჩვენი ხელისუფლების ორგანოების როლს განსაზღვრავს. კანონპროექტის მთავარი მიზანია გააძლიეროს პარლამენტის როლი კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის შესასრულებელ ღონისძიებებზე როგორც საერთაშორისო ვალდებულებების ნაწილში, ასევე დეკარბონიზაციის გეგმის შესრულების თვალსაზრისით“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ჩარჩო კანონი უპასუხებს ყველა იმ ვალდებულებასა და გამოწვევას, რომელიც საქართველომ კლიმატის ცვლილების საკითხებზე და სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულების მიერთების კუთხით აიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა კლიმატის ცვლილების კანონზე მუშაობის დაწყების მნიშვნელობა შეაფასა და აღნიშნა, რომ დოკუმენტის მომზადების მიზანს ქვეყანაში არსებული გამოწვევების დაძლევა წარმოადგენს.

„კლიმატის ცვლილების პროცესები ძალიან დაჩქარებულია, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში უარყოფითად აისახება. მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოწვევების პარალელურად კლიმატის ცვლილების კანონზე მუშაობა დავიწყეთ, რომელიც რეგიონების და საზოგადოების მხრიდან მაღალი ჩართულობის შესაძლებლობებს ითვალისწინებს. ჩვენთვის აუცილებელია, რომ კანონპროექტმა, რომლის განხილვა პარლამენტში მომავალი წლიდან დაიწყება, დაფაროს ის საკითხები და გამოწვევები, რომელიც ქვეყანას კლიმატის ცვლილების კუთხით აქვს“, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნის“ განხილვის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა და ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მიმართეს. კანონპროექტის მომზადების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს ასევე შეხვედრის მონაწილეებმა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.