დედამიწის ისტორიაში ყველაზე საზარელი გადაშენების მიზეზი გარკვეულია — ქვანახშირის წვა
დედამიწის ისტორიაში ყველაზე საზარელი გადაშენების მიზეზი გარკვეულია — ქვანახშირის წვა

250 მილიონი წლის წინ, დედამიწის ისტორიაში ყველაზე საზარელი გადაშენება მოხდა; ახალი კვლევის მიხედვით, ამის მიზეზი უნდა ყოფილიყო ქვანახშირის კოლოსალური წვა, რაც ვულკანურმა ამოფრქვევებმა გამოიწვია.

პერმულ-ტრიასული გადაშენება, რომელსაც „დიდ კვდომასაც“ უწოდებენ, ჩვენი პლანეტის მასობრივ გადაშენებებს შორის ყველაზე სასტიკი იყო. ეს მოვლენა დაახლოებით 250 მილიონი წლის წინ მოხდა, გაწყდა წყლის სახეობების 96 პროცენტი და ხმელეთის ხერხემლიანთა 70 პროცენტი.

რამ გამოიწვია დედამიწის ქმნილებათა ასეთი მასშტაბური კვდომა? მთავარი დამნაშავე გიგანტური ვულკანური მოვლენაა, რომელიც დიდი კვდომის მთავარი მამოძრავებელი გახდა; სწორედ მან წარმოქმნა ვულკანური ქანების უზარმაზარი რეგიონი თანამედროვე რუსეთის ტერიტორიაზე, რომელსაც ციმბირის ტრაპებს უწოდებენ.

ეს ფორმაცია დიდი მაგმური პროვინციის მაგალითია და წარმოიქმნა უძველეს ამოფრქვევათა სერიის შედეგად, როდესაც მაგმა დაახლოებით ორი მილიონი წლის განმავლობაში იფრქვეოდა, რამაც სრულიად შეცვალა ადგილობრივი ლანდშაფტი, იმდენად, რომ იმ დროისათვის არსებულ ცხოველთა უმეტესობის ბედიც გადაწყვიტა.

უცნობი რჩება, კონკრეტულად როგორ გამოიწვია ამოფრქვევებმა გადაშენებები, მაგრამ მეცნიერებს ფიქრობენ ამ პროცესში ჩართულ რამდენიმე მექანიზმზე — სათბურის აირების გამო გაზრდილი ტემპერატურა, ატმოსფეროში ოზონის დონის შემცირება, ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი აქროლადი ქიმიური ნივთიერებების წარმოქმნა და მიკრობული ადაპტაციებიც კი.

რა თქმა უნდა, ამ ჰიპოთეტურ მიზეზთაგან ბევრი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება და შეიძლება, ამ უპრეცედენტოდ მომაკვდინებელ მოვლენაში ტანდემშიც მოქმედებდა. ახლახან, მეცნიერებმა ამ ფაზლის კიდევ ერთი ნაწილის მტკიცებულება იპოვეს, რომელიც საზარელ პარალელს ავლებს დედამიწის დღევანდელ სიტუაციასთან.

დიდი ხანია განიხილება, რომ გლობალური დათბობა, რომელიც პერმულ-ტრიასულ გადაშენებას თან ახლდა თან, გამოწვეული უნდა ყოფილიყო ქვანახშირის, კარბონატებისა და ორგანული ნივთიერებებით მდიდარი დანალექი ფიქლების წვით, რა დროსაც ატმოსფეროში გამოიყო დიდი ოდენობით ნახშირორჟანგი (CO2) და მეთანი (CH4) — ატმოსფეროს ზედა ფენებში ასვლისას ორივე აირი სათბურის ეფექტს წარმოქმნის და ბრწყინვალედ ჭედავს სითბოს პლანეტის ზედაპირთან. თუმცა, ქიმიურ ინგრედიენტთა პირდაპირი მტკიცებულების პოვნა საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

„ციმბირის ტრაპების მაგმატიზმის დროს, ნახშირბადის გამოყოფის მასშტაბი, სიჩქარე და წარმოშობა აქამდე უცნობი რჩებოდა, მიუხედავად მათი კრიტიკული ატმოსფერული მნიშვნელობისა“, — განმარტავენ ახალი კვლევის ავტორები, რომელსაც არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერი ლინდი ელკინს-ტანტონი ხელმძღვანელობდა.

ციმბირის ტრაპების რეგიონში ექვსწლიანი საველე ექსპედიციების დროს, ელკინს-ტანტონმა და მისმა ჯგუფმა ტყეებში, ქალაქებში და მდინარე ანგარის ნაპირებთან გამოავლინა და შეაგროვა ამოფრქვევის დროინდელი 450 კგ ვულკანური ქანები.

„დავადგინეთ, რომ მდინარის გასწვრივ ასობით კილომეტრეზე გადაჭიმული, აღმართული ფრიალო კლდეები ვულკანოკლასტებია. ნამდვილად საოცარი გეოლოგიური ამბავია“, — განმარტავს ელკინს-ტანტონი.

ნიმუშების ანალიზისას, ჯგუფმა აღმოაჩინა ქანების ფორმაციებში ჩაჭედილი დამწვარი ხისა და ქვანახშირის ციცქნა ფრაგმენტები, ნახშირის ნატეხები და სხვა ორგანული მასალები. ჯგუფის განცხადებით, ეს ფრაგმენტები პირველი პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ უძველესი ამოფრქვევებისას, მაგმის ნაკადები წვავდა ქვანახშირსა და მცენარეულობას.

„წარმოდგენილი დაკვირვებები არის ქვანახშირის, ორგანული მასალების წვისა და ტყის ხანძრების მტკიცებულება, რაც ვულკანიზმმა გამოიწვია“, — წერენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, დადგინდა, რომ ეს ურთიერთქმდება ფართომასშტაბიანი იყო, რის საფუძველსაც იძლევა თერმულად შეცვლილი ან დამწვარი ქვანახშირი და ორგანული ნივთიერებები და ციმბირის ტრაპების პროვინციის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში გადაჭიმულ ვულკანოკლასტებში.

ჯგუფის დასკვნით, მაგმასთან ურთიერთქმედი ორგანული ნივთიერებების მოცულობა და შემადგენლობა იმის მტკიცებულებაა, რომ ამ პროცესმა დიდწილად წარმართა პერმულ-ტრიასული გადაშენება.

შეიძლება ასეთი დასკვნა სპეკულაციური იყოს, მაგრამ ძალიან კარგად ემთხვევა დღევანდელ რეალობას. სადღაც 250 მილიონი წლის შემდეგ, პლანეტა კვლავ ყალყზე დგას — ამჯერად მიზანმიმართულად, ქვანახშირის წვით და ამ დაუდევრობით პლანეტას კიდევ ერთ გამანადგურებელ კლიმატის ცვლილება უქადის.

კვლევა ჟურნალ Geology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.