დედამიწაზე მიმდინარე მეექვსე მასობრივი გადაშენება ახალ ძალებს იკრებს — ახალი კვლევა
დედამიწაზე მიმდინარე მეექვსე მასობრივი გადაშენება ახალ ძალებს იკრებს — ახალი კვლევა

გასულ საუკუნეში ცხოველთა ასობით უნიკალური, ძვირფასი სახეობა სამუდამოდ გადაშენდა. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ სწორედ ასე გამოიყურება მასობრივი გადაშენება, მაგრამ არა მისი ყველაზე უარესი ნაწილი.

მკვლევართა განცხადებით, დედამიწაზე ამჟამად მიმდინარე მასობრივი გადაშენების ფენომენი ჩქარდება; მეოცე საუკუნეში დაწყებული ხერხემლიანთა გადაშენების პროცესი 21- საუკუნეშიც გრძელდება, მაგრამ ამჯერად, ასობით მეტი სახეობის სამუდამოდ გაქრობას შეიძლება, სულ რამდენიმე ათწლეული დასჭირდეს.

დომინოს თითოეული ქვის წაქცევას მომიჯნავე სახეობებისთვის მოსდევს უფრო სარისკო ეფექტები, დესტაბილიზებული ეკოსისტემებითა და შესუსტებული კვების ქსელით, რაც ნებისმიერი სახეობის, მათ შორის ადამიანთა გადარჩენას უფრო ნაკლებად სარწმუნოს ხდის.

„რა ნაბიჯებსაც ამჟამინდელი გადაშენების წინააღმდეგ მომდევნო ოც წელიწადში გადავდგამთ, გადაწყვეტს მილიონობით სახეობის ბედს“, — განმარტავს მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის ეკოლოგი ხერარდო სებალიოსი.

ხუთი წლის წინ, სებალიოსმა ჩაატარა კვლევა, რომელშიც კონსერვატიული შეფასებები გამოიყენა სახეობათა გადაშენების ჩვეულებრივ და ამჟამად მიმდინარე მოულოდნელი ამოწყვეტის მაჩვენებლებს შორის არსებული შეუსაბამობების გამოსავლენად.

დადგინდა, რომ ხერხემლიანთა სახეობების გადაშენების საშუალო მაჩვენებელი (ყოველ ას წელიწადში ორი ძუძუმწოვრის გადაშენება 10 000 სახეობაში) დრამატულად ნაკლები იყო დღევანდელი გადაშენების მაჩვენებელზე, რომელიც გასულ საუკუნეში 100-ჯერ მაღალი იყო.

მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ მასობრივი გადაშენების ფენომენი სწორედ ახლა იწყებს მოქმედებას, რაზეც მიუთითებს ამჟამინდელი გადაშენების დონე, რაც უპრეცედენტოა არა მხოლოდ ადამიანთა ისტორიაში, არამედ მთლიანად დედამიწის ისტორიაშიც.

„შეგვიძლია მკაფიოდ დავასკვნათ, რომ თანამედროვე გადაშენების მაჩვენებლები განსაკუთრებით მაღალია, თანაც მზარდი, მასობრივი გადაშენება ძალას იკრებს, რაც მეექვსე ამ სახის გადაშენება იქნება დედამიწის 4,5 მილიარდ წლიან ისტორიაში“, — წერს ჯგუფი 2015 წლის კვლევაში.

სებელიოსმა და მისმა კოლეგებმა ახლახან კიდევ ერთი კვლევა დაასრულეს; ოპტიმისტური არც მისი შედეგებია.

ამჯერად, მკვლევრები ამბობენ, რომ წინა კვლევაში სამომავლო გადაშენების მაჩვენებლები სათანადოდ არ იყო შეფასებული; ხერხემლიანთა გადაშენების ამჟამინდელი სწრაფი მაჩვენებლები მიუთითებს, რომ უკვე შეგვიძლია ველოდოთ ამ მაჩვენებლის სწრაფ ზრდას მომავალში.

კვლევაში ჯგუფმა გამოიყენა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობათა წითელი ნუსხა ორგანიზაცია BirdLife International-ის მონაცემები. მათი მიზანი იყო გადაშენების პირას მისულ ხერხემლიან ისეთ სახეობათა პოპულაციების შესწავლა, რომლებმაც დაკარგეს თავიანთ გეოგრაფიული დიაპაზონის დიდი ნაწილი და ამჟამად მსოფლიოში შემორჩენილია მათი 1000-ზე ნაკლები ინდივიდი.

მკვლევართა ცნობით, ხმელეთის შესწავლილ ხერხემლიანთა სახეობების 1,7 პროცენტი, საერთო ჯამში 515 სახეობა, ამ აღწერილობას აკმაყოფილებს და მათი თითქმის ნახევარი მსოფლიოში 250-ზე ნაკლები ინდივიდითღაა წარმოდგენილი.

დამატებითი 388 სახეობა ოდნავ უკეთეს მდგომარეობაშია, რადგან მათი პოპულაციები 1000-დან 5000 ინდივიდამდე მერყეობს, მაგრამ როგორც ჯგუფი აღნიშნავს, ამ ცხოველთა 84 პროცენტი იმავე რეგიონებში ბინადრობს, სადაც გადაშენების პირას მყოფი 515 სახეობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინიც იგივე გეოგრაფიულ საფრთხეთა წინაშე არიან; მათ შორის არის კვების ჯაჭვის დარღვევის შედეგად დესტაბილიზებული ეკოსისტემები, დეფორესტაცია (ტყის დაკარგვა), დაბინძურებული ჰაერი და ადამიანებისგან მომდინარე სხვა უამრავი საფრთხე.

„გადაშენების პირას მყოფ სახეობათა ახლო ეკოლოგიურ ურთიერთქმედებებს სხვა სახეობებიც ამოწყვეტისკენ მიჰყავს, როცა ისინი თავად ქრებიან — გადაშენება კვებავს გადაშენებებს“, — წერენ მკვლევრები.

ეკოსისტემების ქვაკუთხედი სახეობების დაკარგვით გამოწვეული „გადაშენების კასკადები“ ეკოლოგიაში კარგად ცნობილი ფენომენია. იმის გამო, რომ მრავალი სახეობა უახლოვდება გადაშენების ზღვარს, მასობრივი გადაშენება შეიძლება მოსალოდნელზე მალე მოხდეს, რადგან როდესაც ცხოველთა პოპულაციები ასეთი მასშტაბის ზეწოლას განიცდის, ისინი როგორც წესი, დიდხანს ვერ ძლებენ.

მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, გასულ საუკუნეში დაიკარგა გადაშენების პირას მყოფ ძუძუმწოვართა და ფრინველთა 77 სახეობის 94 პროცენტი. მათივე თქმით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა სახეობას ერთმანეთის მსგავსი ტენდენციები აქვს, 1900 წლიდან დღემდე ამოწყდა 237 000 სახეობაზე მეტი.

თუ გადაშენების ზღვარზე მყოფი 515 სახეობა კიდევ მხოლოდ რამდენიმე ათწლეულს გასძლებს, როგორც ამას მკვლევრები ვარაუდობენ, შემდეგ ამას დავუმატებთ 1900 წლიდან დღემდე გადაშენებულ ხერხემლიანთა 543 სახეობას, გადაშენების მაჩვენებელი შეიძლება, წინა მაჩვენებელზე 117-ჯერ მაღალი იყოს, უფრო მაღალიც, ვიდრე ეს მკვლევართა ხუთი წლის წინანდელი პროგონოზით იყო; ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ წინა ჯერზე ამ პროცესის სისწრაფის შეფასებისას შევცდით.

მკვლევართა განცხადებით, ამ პროცესის შენელება ჯერ არც ისე გვიანია, თუკი გარკვეულ ღონეს ვიხმართ ბიოსფეროზე ადამიანთა წნეხის შესამცირებლად. ეს შეიძლება იყოს გარეულ სახეობათა ფართომასშტაბიანი აკრძალვა, ტყის ჩეხვის შემცირება და ყველა იმ სახეობის კრიტიკულად საფრთხის ქვეშ მყოფად გამოცხადება, რომელთა პოპულაციებშიც 5000-ზე ნაკლები ინდივიდი დარჩა.

რაც არ უნდა ვიღონოთ, მოგვიწევს გავაანალიზოთ, რომ ეს არ გახლავთ მხოლოდ იმ ცხოველთა ბედი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

„როდესაც კაცობრიობა სხვა ქმნილებათა პოპულაციებსა და სახეობებს სპობს, ამით ჭრის იმ ტოტს, რომელზეც თავად ზის, ანგრევს სიცოცხლის მხარდამჭერ სისტემას“, — ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის ბიოლოგი პოლ ერლიხი.

მისი თქმით, საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობათა კონსერვაცია მთავრობებმა და ინსტიტუციებმა სახელმწიფო და გლობალური საგანგებო მდგომარეობის ეტაპზე უნდა აიყვანონ, კლიმატის ცვლილების მსგავსად, რომელთანაც ეს ყველაფერი კავშირშია.

მკვლევართა განცხადებით, მთელ ამ ყველაფერში ტრაგედია ის არის, რომ ვიცით, როგორ გადავარჩინოთ სახეობები გადაშენებას, მაგრამ ვაკეთებთ იმას, რაც უფრო იაფია.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია scimex.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი