ბოლივიის მთების ნისლიან ტყეში ცხოველების და მცენარეების 20 ახალი, აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ბოლივიის მთების ნისლიან ტყეში ცხოველების და მცენარეების 20 ახალი, აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ბოლივიის ანდების მთისწინეთში, ბურუსში გახვეულ ე. წ. ნისლის ტყის ლანდშაფტში ფლორისა და ფაუნის 20 ახალი, მეცნიერებისთვის უცნობი სახეობა აღმოაჩინეს; გარდა ამისა, ხელახლა აღმოაჩინეს ისეთი მცენარეები და ცხოველები, რომლებიც მეცნიერებს ათწლეულები და ზოგიერთ შემთხვევაში თითქმის საუკუნე აღარ ჰქონდათ ნანახი.

კორდილიერა-რეალის მთათა სისტემის აღმოსავლეთ მისადგომებში, სონგოს ხეობაში, ზღვის დონიდან 3000 მეტრზე, მასშტაბური სამეცნიერო ექსპედიციის ფარგლებში მკვლევრებმა აღრიცხეს ჯამში 1200 სახეობაზე მეტი; მათგან 770 მსოფლიოს ამ ნაწილში აქამდე არასოდეს ჰქონდათ ნანახი.

„აღმოჩენა მოჰყვა 14-დღიან ინტენსიურ საველე სამუშაოს საკმაოდ უხეშ რელიეფზე, სონგოს ხეობის ნისლის ღრუბლების ტყეებსა და კასკადურ ჩანჩქერებზე“, — ამბობს საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაცია Conservation International-ის შეფასების პროგრამის (RAP) ბიოლოგი ტრონდ ლარსენი, რომელიც ექსპედიციის თანაავტორი იყო. ექსპედიციაში 20-მდე მეცნიერი შედიოდა ბოლივიიდან და სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციიდან.

„ეს ზონა უსაფრთხო სამოთხე გახდა ისეთი ამფიბიების, რეპტილიების, პეპლებისა და მცენარეებისთვის, რომლებიც მსოფლიოში სხვაგან არსად გვხვდება“, — ამბობს ლარსენი.

გარდა ხეობაში ნაპოვნი მრავალფეროვანი სიცოცხლისა, ასევე გამორჩეულია ისიც, რამდენად ახლის არის ეს დამალული სამოთხე ბოლივიის ადამიანთა საზოგადოებასთან.

მიუხედავად იმისა, რომ სონგოს შემაღლებული ზონა ძნელად მისადგომია, ის ბოლივიის დედაქალაქ ლა-პასის ზღვარზე მდებარეობს.

„წარმოიდგინეთ, ბიომრავალფეროვნებით სავსე ამ ხელუხლებელი ხეობიდან 50 კილომეტრში მდებარეობს ხმაურიანი ურბანული ცენტრი“, — ამბობს ლარსენი.

ადამიანთა ასეთი სიახლოვე უარყოფით გავლენას ახდენს ბუნებრივ ეკოსისტემებზე და ამ მხრივ მთლად გამონაკლისი არც სონგოს ხეობაა. უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს მიწის მოსფუთავება სოფლის მეურნეობისთვის, რაც ხელყოფს ბუნებრივ ჰაბიტატს და შეიძლება, ხეობის ბინადარ სახეობებს დიდი რისკიც შეუქმნას.

ამის პრევენცისათვის, Conservation International-ის ჯგუფი, რომელიც ლა-პასსა და მის სასოფლო საზოგადოებებში მუშაობს სონგოს ხეობის ბინადარ უაილიპაიას ხალხთან ერთად, საკუთარი ექსპედიციის შედეგებს აქვეყნებს — ხეობის ბიომრავალფეროვნების ყოვლისმომცველ ბიოლოგიურ შეფასებას.

ორგანიზაციის მიზანია, შეიმუშაოს ნისლის ტყის მართვის მდგრადი მიდგომა, რაც სარგებელს მოუტანს ბოლივიის სიცოცხლის ფორმებს.

სიცოცხლის ფორმები კი იქ მართლაც მრავალფეროვანია და მოიცავს ზოგიერთ ისეთ საოცარ სახეობას, რომლის შესახებ მეცნიერებმა აქამდე არაფერი იცოდნენ.

მათ შორის არის ლილიპუტი ბაყაყი (Noblella sp. nov.), რომელიც შეიძლება, ანდების ყველაზე პატარა ამფიბიად კლასიფიცირდეს, რადგან მისი სიგრძე სულ რაღაც 10 მილიმეტრია.

მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს შხამიანი ჩხრიალა გველის ახალი სახეობა, რომელსაც ღრმულთავა გველგესლას (Bothrops monsignifer) უწოდებენ; ე. წ. ბოლივიის დროშის გველის ახალი სახეობა (Eutrachelophis sp. nov.), რომელიც ქვეყნის ეროვნული დროშის ფერებშია შეფერილი (წითელი, ყვითელი, მწვანე).

გარდა ამისა, ჯგუფმა გამოავლინა პეპლის ოთხი ახალი სახეობაც, ორქიდეის ოთხი ახალი სახეობა და ბამბუკის ახალი ტიპი, რომელიც აქამდე მეცნიერულად დოკუმენტირებული არ იყო, მაგრამ ადგილობრივი საზოგადოებები მას მუსიკალური ინსტრუმენტების დასამზადებლად იყენებენ.

სონგოს ხეობაში ცხოველთა და მცენარეთა რამდენიმე სახეობა ხელახლა აღმოაჩინეს; უკვე დიდი ხანია, ისინი მეცნიერებს ნანახი აღარ ჰქონდათ.

„ერთ-ერთი ყველაზე საოცარი აღმოჩენა იყო ეშმაკისთვალა ბაყაყის (Oreobates zongoensis) ხელახლა აღმოჩენა, რომელიც აქამდე მხოლოდ ერთხელ იყო დაფიქსირებული და შემდეგ გადაშენებულად მიიჩნეოდა“, — ამბობს ლარსენი.

„ასევე გამოვავლინეთ პეპელა Euptychoides fida, რომელიც თითქმის საუკუნე აღარავის ჰყავდა ნანახი. ბავშობაში მამაჩემთან ერთად ამ ხეობას ხშირად ვსტუმრობდი, ის მოყვარული ნატურალისტი და პეპლების კოლექციონერი იყო და შესაბამისად, ეს აღმოჩენა ჩემთვის განსაკუთრებით ამაღელვებელია“, — ამბობს კონსერვაციის ბიოლოგი ედუარდო ფორნო.

ექსპედიციის ფარგლებში მკვლევრები ზღვის დონიდან 3000 მეტრ სიმაღლემდე ავიდნენ და ახალი პოპულაციები ტყის სხვადასხვა სიმაღლეზე იპოვეს.

გარდა ცხოველთა სახეობებისა, ჯგუფმა აღმოაჩინა მცენარის თითქმის 750 სახეობა, რომელთაგან სულ მცირე 13 უცნობია, ორი მცენარე კ ბოლო ასი წლის განმავლობაში აღარ ჰქონდათ ნანახი.

„ჩვენი მიზანია ამ მიწის დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ ის შედარებით ხელუხლებელია. ვალდებული ვართ, რომ ამ გზით სონგოს ხეობა მომავალ თაობებს შევინახოთ“, — ამბობს ექსპედიციის თანაავტორი, ბიოლოგი ტრონდ ლარსენი.

სრული მოხსენება ხელმისაწვდომია Conservation International-ის ვებგვერდზე.

მომზადებულია conservation.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.