სულ რაღაც 50 წელიწადში, დედამიწის ველური ბუნების პოპულაციები 70 პროცენტით დაეცა — #1tvმეცნიერება
სულ რაღაც 50 წელიწადში, დედამიწის ველური ბუნების პოპულაციები 70 პროცენტით დაეცა — #1tvმეცნიერება

ჭარბი მოხმარების გამო, ცხოველების, ფრინველებისა და თევზების პოპულაციები 50 წელიწადზე ნაკლებ დროში ორ-მესამედზე მეტით დაეცა. ამის შესახებ მკვლევრები იუწყებიან და გვაფრთხილებენ, რომ გადავარჩინოთ ბუნება საკუთარი ჩვენივე გადარჩენისთვის.

ადამიანის საქმიანობამ მძიმედ დააზიანა დედამიწის ხმელეთის სამი-მეოთხედი და ოკეანეების 40 პროცენტი; ბუნების წინაშე ჩვენს დესტრუქციულ ქმედებებს აურაცხელი შედეგი აქვს ჩვენსავე ჯანმრთელობაზე და საარსებო საშუალებებზე.

ცოცხალი პლანეტის ინდექსი (Living Planet Index), რომელიც თვალყურს ადევნებს ხერხემლიანთა 4000-ზე მეტ სახეობას, გვაფრთხილებს, რომ ტყეების ჩეხვისა და სასოფლო-სამეურნეო ექსპანსიის გაზრდილი მაჩვენებელი სწორედ ის საკვანძო ფაქტორებია, რომლებზეც მოდის პოპულაციათა საშუალოდ 68-პროცენტიანი შემცირება 1970-2016 წლებში.

ინდექსი ასევე გვაფრთხილებს, რომ ბუნებრივი გარემოს დაკარგვა, რაც შეუჩერებლად გრძელდება, ზრდის მომავალში პანდემიების რისკს, რადგან ადამიანები სულ უფრო და უფრო ახლო კონტაქტში შედიან ველურ ცხოველებთან.

ახლახან, ბუნების მსოფლიო ფონდმა (WWF) და ლონდონის ზოოლოგიურმა საზოგადოებამ გამოსცეს 2020 წლის ცოცხალი პლანეტის მოხსენება — ორ წელიწადში ერთხელ გამომავალი პუბლიკაციის მე-13 გამოცემა, რომელიც მიმოიხილავს მსოფლიოს ველური ბუნების პოპულაციებს.

ბუნების მსოფლიო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მარკო ლამბერტინიმ გამოცემა AFP-ს განუცხადა, რომ 1970 წლიდან დედამიწის ბიომრავალფეროვნებაში შემაძრწუნებელი დანაკარგები დაიწყო.

„ამ აჩქარებულ დაცემას 30 წელიწადზე მეტია ვაკვირდებით და ის არასწორი მიმართულებით სვლას აგრძელებს. 2016 წელს ჩვენ დავადასტურეთ 60-პროცენტიანი კლება, ამჯერად კი სახეზე გვაქვს 70-პროცენტიანი კლება. ეს ყველაფერი უბრალოდ თვალის დახამხამებაა იმ მრავალ მილიონ წელიწადთან შედარებით, როდესაც პლანეტაზე ამდენი სახეობა ცოცხლობდა“, — ამბობს ლამბერტინი.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკა უპრეცედენტოდ გაიზარდა, რასაც თან ახლდა ბუნებრივი რესურსების გლობალური მოხმარების ნამდვილი აფეთქება.

1970 წლამდე კაცობრიობის ეკოლოგიური ნაკვალევი უფრო პატარა იყო, ვიდრე დედამიწის მიერ რესურსების აღდგენის უნარი. ბუნების მსოფლიო ფონდის ახალი გათვლებით, პლანეტის ამ უნარს ახლა ნახევრით ვაჭარბებთ.

მართალია, გარკვეული წვლილი ინვაზიურ სახეობებსა და ჰაერის დაბინძურებასაც შეაქვს, მაგრამ სახეობათა დაკარგვის ერთი უდიდეს წარმმართველია ცვლილებები მიწით სარგებლობაში — როგორც წესი, მრწველობა ტყეებსა და საძოვრებს ფერმებად გარდაქმნის.

ეს კი უზარმაზარ დარტყმას აყენებს ველურ სახეობებს, რომლებიც მშობლიურ გარემოს კარგავენ.

ამ ყველაფერს ამწვავებს რესურსების არამდგრადი დონეც — ამჟამად საკვების წარმოება ხდება დედამიწის მთლიანი ხმელეთის მხოლოდ ერთ-მესამედზე და მტკნარი წყლის სამ-მეოთხედზე.

ასეთივე საზარელი სურათია ოკეანეშიც, სადაც თევზების მარაგის 75 პროცენტის გადაჭარბებული მოხმარება მიმდინარეობს.

გარდა იმისა, რომ ველური ბუნება სწრაფად მცირდება, სახეობები ზოგ ადგილებში უფრო სწრაფად ქრებიან, ვიდრე სხვაგან.

როგორც ინდექსი აჩვენებს, 1970 წლის შემდეგ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ რეგიონებში სახეობები 94 პროცენტით დაეცა.

„შემაძრწუნებელია. ეს გახლავთ ბუნებრივ სამყაროზე ჩვენი გავლენის თვალნათელი ინდიკატორი“, — ამბობს ლამბერტინი.

ცოცხალი პლანეტის ინდექსის განახლება გამოვიდა კვლევის პარალელურად, რომლის ავტორიც არის 40-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია და აკადემიური დაწესებულება. კვლევაში წარმოდგენილია ის გზები, რომლებიც საჭიროა ადამიანთა მხრიდან ჭარბი მოხმარების შედეგად გამოწვეული ზიანის აღკვეთისა და გამოსწორებისთვის.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა და გვთავაზობს, რომ „მრუდის გასწორებაში“ შეიძლება დაგვეხმაროს საკვების ნარჩენების შემცირება და უფრო ჯანსაღ და გარემოსადმი მეგობრულ რაციონზე გადასვლა.

ავტორთა ვარაუდით, რადიკალურ საკონსერვაციო ძალისხმევასთან ერთად, ასეთმა ზომებმა შეიძლება თავიდან აგვაცილოს ბიომრავალფეროვნების კიდევ ორი-მესამედით დაცემა.

„საჭიროა, ახლავე ვიმოქმედოთ. ბიომრავალფეროვნების აღდგენის მაჩვენებლები როგორც წესი გაცილებით ნელია, ვიდრე დაკარგვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოქმედების ყოველგვარი გადადება გამოიწვევს ბიომრავალფეროვნების ისეთ დანაკარგებს, რომელთა აღდგენასაც ათწლეულები დასჭირდება“, — ამბობს კვლევის მთავარი ავტორი დევიდ ლეკლარი.

ლეკლარი გვაფრთხილებს ბიომრავალფეროვნების გამოუსწორებელი დანაკარგების შესახებაც, რაშიც იგულისხმება სახეობის გადაშენება.

ბუნების მსოფლიო ფონდის გენერალური დირექტორი მარკო ლამბერტინი კი აღნიშნავს, რომ ზუსტად ისე, როგორც კლიმატის ცვლილების ირგვლივ, ადამიანები სულ უფრო მეტად არიან შეშფოთებული პლანეტის ჯანმრთელობასა და ადამიანის კეთილდღეობას შორის არსებული კავშირით.

„ჩვენ გვაქვს ჩვენს პლანეტაზე არსებულ სიცოცხლესთან თანაარსებობის მორალური ვალდებულება“, — ამბობს ლამბერტინი.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.