ზაჰიდ სირითორფაღი

 

ზაჰიდ სარითორფაღი აზერბაიჯანელი პროზაიკოსი და პოეტია. იგი ოთხმოციანთა ლიტერატურულ თაობას განეკუთვნება. მისი პროზაული ნაწარმოებები ღრმა ფსიქოლოგიზმითა და ცხოვრებისეული სიტუაციების მისტიკურ სიბრტყეზე გადატანითა და გააზრებით გამოირჩევა. მის სამწერლო სივრცეში რეალური და ირეალური ერთმანეთს ავსებს და ერთ მთლიანობად იქცევა. მწერლის მოთხრობები და რომანები მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი. ქართველ მკითხველს კი პირველად ხვდება.

                                                              მთარგმნელისაგან

 

 

 

ფერფლი

                                

…ვიცი, წუხელ გავეშებულმა მგელმა

დაგკბინა; ცხვირ-პირი და ხელები

              დასისხლიანებული გაქვს… ღმერთმა ქნას,

                  სულსა და გულში იმ მგელმა გაგკრას კბილი,

          რომელსაც სიყვარულის მგელს ეძახიან…

გული თუ არ დაგეფლითა, სული

  ვერასოდეს აგიჯანყდება; და სული  

თუ არ აგიჯანყდა,  მე კი არა,

             ამ წუთისოფელსაც ვერაფერს გაუგებ….

 

  1. (გაგრძელება. დასაწყისი იხ. მარტის თვეში)

იმ ღამეს სამი ბედკრული ერთად შეგვიფარა იმ ვიწრო ოთახმა. სამივემ ვიცოდით, რომ ჩვენმა დრომ უკვე ჩაიარა და ოჯახს ვერ მოვეკიდებოდით. ამიტომაც ვისხედით მთელი ღამე და თავს ვიქცევდით,  რას აღარ ვუყვებოდით ერთმანეთს, მთისას და ბარისას უაზროდ მივედ-მოვედებოდით. თანაც მე და დავითი შიგადა-შიგ არაყსაც გადავკრავდით ხოლმე. მელიშა არ სვამდა, მაგრამ ისიც იხსენებდა რუსეთში თავს გადამხდარსა თუ ყურმოკრულ ამბებს. ცოტა ხანში ქალს ძილი მოერია. რამდენჯერმე ჩასთვლიმა და გაეღვიძა, მერე ძველი ზეწარი წაიფარა და ხვრინვა ამოუშვა.

თურმე მე ბევრი რამ არ მცოდნია, ძალიან ბევრი რამ… ამ ყველაფერს მერე, მრავალი წლის მერე შევიტყობ… თურმე მე ამ საწუთროს ყველაზე უბედური ადამიანი ვყოფილვარ… თურმე მოგვიანებით მუხიანი ხევის იდუმალი გუგუნი სულში ისე ჩამელექება, რომ იძულებული ვიქნები,  მთელი ცხოვრების მანძილზე თან ვატარო…

ღამე უსასრულოდ იწელებოდა. უკვე კარგად შევთვერით. დავითმა კიდევ ერთი ბოთლი არაყი გახსნა. ჩვენი თანაარმიელი რზაბალას თვითმკვლელობის ამბავიც კი გავიხსენეთ. ვერაფრით მივმხვდარვიყავით, ეგეთმა მშვენიერმა, ძლიერმა და გულადმა ბიჭმა თავი როგორ გაიმეტა სასიკვდილოდ. მისი სიკვდილი ახლაც საიდუმლოებით არის მოცული.

მერე სიტყვა ჩამოვარდა იმაზე,  გვიან ღამით როგორ წამოგვყარეს ჯარისკაცები, აქაო და, ვოლგოგრადში უნდა გადაგიყვანოთო, მოტყუებით როგორ გადაგვსხეს თურქმენეთის ქალაქ ქუშკაში, იქიდან კი თავი ავღანეთში გვიკრეს. მახსოვს, ჩვენი ვერტმფრენი მაზარი-შერიფში რომ დაფრინდა, უკვე კარგად იყო დაღამებული. მეთაურმა მწყობრში  ჩაგვაყენა და იმ გადაუდებელ სამუშაოზე გველაპარაკა, რომელიც მალე უნდა გაგვესრულებინა. გვითხრა, ბუნკერებს ერთ თვეში თუ ვერ ავაშენებთ, ჩვენი საქმე ცუდად იქნება, ანუ უკან ვეღარ დავბრუნდებითო. მაშინ დავითი მწყობრში ჩემს გვერდით იდგა და მეჩურჩულებოდა: სად ავღანეთი და სად ჩვენ? ნეტავ რატომ მოგვატყუეს და აქ რატომ გადმოგვსხეს? აკი გვეუბნებოდნენ, ვოლგოგრადში მივფრინავთო? იარაღიც არაფერი გვაქვს. ეტყობა, ჩვენი აღსასრული დადგა, თაღი, „დუხები“ ერთი თვალის დახამხამებაში გაგვანადგურებენ. იმ ერთი თვის განმავლობაში ყოველ ღამე დედაზე ვფიქრობდი და  ვესაუბრებოდი კიდეც. მიშველე, არ მომკლან-მეთქი, დედას ისე ვეხვეწებოდი, ღმერთს რომ ეხვეწებიან. ასე მეგონა, ღმერთთან დედა უფრო ახლოსაა და ჩემს თხოვნას გადასცემს-თქო…

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17