5.

…ოთახში გულსუმისა და ექიმის გარდა არავინ იყო. ერთი საწოლის მარცხნივ, მეორე კი მარჯვნივ იჯდა. არ ვიცი, ტელევიზორში, თუ რადიოში მუსიკა ისმოდა, სალამურის ხმა სულში მეღვრებოდა. გულსუმმა ხელი შუბლზე გადამისვა და ჩამოყრილი თმა შემისწორა. სათვალეებიანი ექიმი ქალი კი მუხლებზე ჩამოდებულ ჟურნალს კითხულობდა. მერე გულსუმს რაღაც გადასჩურჩულა, წამოდგა და წავიდა. იქითკენ ვიყავი მიყურადებული, საიდანაც მუსიკა მოისმოდა და რა თქვა, ვერ გავიგე. მუსიკა რომ დამთავრდა, რეკლამები გაისმა, მერე კი „წეროები“ იმღერეს, ეს სიმღერა გიჟივით მიყვარდა. თვალებზე ცრემლი მომადგა. ქაბირე! გულქვა ქაბირე! ცხოვრება ამიწეწა და წავიდა!…

გულსუმი თვალებს მიმშრალებდა და თავადაც გულაჩუყებული მკოცნიდა.

-რა მოგივიდა, თაღი, დაიკო გენაცვალოს, რატომ ტირი?…

-ისე, არაფერი… – ვუპასუხე. მაგრამ ვერ მოვითმინე და ვკითხე, – ქაბირესი რა ისმის? სად არის, ისევ ბარში ცხოვრობს?

სიმღერა დამთავრდა. წარსულშიც ეს სიმღერა ყოველთვის მიჩუყებდა გულს. ახლა კი ჯვარცმულივით ვიყავი…

-დაიკო!…

იგი დაიხარა და თვალებზე მეამბორა.

-დაიკო დაგენაცვლოს.

მე კი გავიფიქრე, ჩანს, სიყვარულის ნაიარევი ჯერაც არ შემხორცებია..

ამ დროს სათვალეებიანი ქალი მობრუნდა და აღელვებულმა გვამცნო:

-ბატონი ხანოღლანი მოდის!

მერე ორი მედდაც მოვიდა და აჩქარებულებმა თავსასთუმალი ოდნავ წამომიწიეს და წამომაჯინეს. ოთახი მიალაგ-მოალაგეს. სახე შემიწმინდეს და ხომ არაფერი გაწუხებსო, მკითხეს. თავი გადავიქნიე და მივუგე:

-ყველაფერი რიგზეა.

ხანოღლანი კვლავ სამეგობროსთან ერთად მეწვია. დიდხანს არ შეყოვნებულა. მომიკითხა და მთავარ ექიმს რაღაც ჰკითხა და მომიბრუნდა:

-ცოტაც მოითმინე, თაღი, ამ დღეებში გაგწერენ… – მერე კი გულსუმი გვერდზე გაიხმო და რაღაც უთხრა. შემდეგ კვლავ ჩემთამ მობრუნდა და ხელი მხარზე ჩამომადო: -„სულ ცოტაც მოითმინე. ბაქოში შენთვის ვილა შევიძინე. ეზოში კი ტაოტიანი „პრადო“ გელოდება… ჯერ ცელოფანიც კი არ გადამიხსნია…

-ხანოღლან, ძმაო…

სათქმელი ვერ დავაბოლავე, ტირილი მომერია. მან გულში ჩამიკრა და ფირუზა ექიმს მიმართა:

-ექიმო, ხვალე სახლში გაუშვათ თაღი. ვინეს მიამაგრებ და რაც საჭიროა სახლშიც გაუკეთებენ. შეიძლება?

მთავარი ექიმი უყუყმანოდ დათანხმდა. ექიმი ხანოღლანს დიდ ანგარიშს უწევდა, პირდაპირ თრთოდა მის წინაშე.

ისინი კარამდე მივაცილე, მართალია, ამისი საჭიროება არ იყო, მაგრამ, გულსუმა და სათვალეებიანი ქალი მხრებში ამომიდგნენ. კარგ განწყობაზე ვიყავი, თავს კარგად ვგრძნობდი. ისინი რომ წავიდნენ, შემოვტრიალდი, ფანჯარასთან გავჩერდი და ქალაქს გავხედე. იქ, სადაც ადრე სასტუმრო „მოსკოვი“ იდგა, ახლა შუშით მოპირკეთებული სამი ალისებური შენობა აღმართულიყო. მათ გვერდით ამწეები მოსჩანდა, ჩანს, მშენებლობა ჯერაც არ დაემთავრებინათ. თავი ზღაპარში მეგონა. მიუხედავად იმისა, რომ ორმოცს ვიყავი გადაცილებული, მეგონა, ქვეყნიერებას ახლა მოვევლინე. ყველაფერი შეცვლილიყო, ადამიანებიცა და ქალაქიც…

საღამოხანს, როცა წამოვწექი, გულსუმმა საიდანღაც იასამნის თაიგული მომიტანა და პატარა კარადასთან დამიდო… ცოტა ხანში მასაჟისტები უნდა მოსულიყვნენ, მაგრამ ყვავილების სურნელმა ათასი მოგონება აღმიძრა. ახალგაზრდობაში ხელში თაიგულით ავეყუდებოდი ხოლმე სკოლის კუთხეში…  ვიდექი და ქაბირეს გამოჩენას ველოდებოდი… ქაბირე გულგრილად ჩამივლიდა ხოლმე. ვერაფერს ვუხერხებდი. გულდაწყვეტილი მივუყვებოდი ქუჩას. გამბედაობა არ მყოფნიდა, შემეჩერებინა და თაიგული მიმეცა. ყოველთვის ნირწამხდარი ვბრუნდებოდი შინ… ახლა იასამნის სურნელმა ის განცდები განმიახლა.

რა თქმა უნდა, ყველაფერს საზღვარი გააჩნია. ახლა იმ სულელური იმედების მონა აღარ ვიყავი. მინდოდა, გულსუმისთვის მეკითხა, მასაჟისტები რატომ იგვიანებენ მეთქი, მან დამასწრო და მითხრა:

-მასაჟისტები ხვალ მოვლენ. სხვა გრაფიკით მუშაობენ. ქვემოთ მორიგე ექიმთან შენი ძველი მეგობარი გელოდება.

გულმა რეჩხი მიყო.

ალის მოსვლა ძალიან გამეხარდა. დილამდე ვისაუბრეთ. ალიმ ყველაფერი მიამბო, რაც ამ თექვსმეტი წლის განმავლობაში მომხდარიყო. ალის დონე ვიცოდი. მანაც ჩემსავით უნივერსიტეტი სანახევროდ მიატოვა. რა ექნა, მამა რომ გარდაეცვალა, იძულებული გახდა. ყველა გადასახადს ვერ აუვიდა. არც არვინ ჰყავდა, რომ მის მაგივრად გადაეხადა. ასე, რომ მიაფურთხა და წავიდა უნივერსიტეტიდან. მამის ნაქონი მანქანით არჩენდა დედასა და დას. ამ მხრივ ერთ ბედ ქვეშ ვიყავით მე და ალი.

-როდის გაეწერები?

-ხვალ…

-კარგია… მთელი რაიონი გელოდება.

-რატომ?

-ამბობენ, რომ როგორც კი გამოჯანმრთელდები, დიდ თანამდებობაზე დაგნიშნავენ… ყველა ამაზე ლაპარაკობს…

გამეცინა. ეტყობა ხანოღლანის ნათქვამმა სადღაც გაჟონა და ქვეყანას მოედო. მე არ მჯეროდა, მაგრამ ყველას პირზე ეკერა.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17