6.
…მარტო ჩვენებურები კი არა, ნახევარი დუნია აქ იყო შეკრებილ
აქ იყვნენ ზანგები, რუსები, ევროპელები. ჩინელები, ინდოელები… მგონი იაპონელების „იაკუზები“, იტალიელი „კამოეობე“, რუსი „სკინხენდები“ და სხვა კრიმინალებიც კი აქ იყვნენ თავშეყრილები. რატომაც არ უნდა ყოფილიყვნენ? მიღმიღას და „ვორ-ზაკონა“ შუქურას თუ შეეძლოთ აქ ყოფნა, ეგენი რა, ვერ იქნებოდნენ? ალბათ შეუმჩნევლად შემძვრალან მწკრივებში და ყველაფერ ამის დასასრულს ელოდებიან. მე კი როგორც ყოველთვის, რატომღაც წინა რიგში ვიდექი. ხალხს სახეზე მთვარის მკრთალი კიაფი დასთამაშებდა. გული ბაგა-ბუგით მიცემდა. რადგანაც, როცა გვერდზე გავიხედე, ეგება დავინახო, ვისი ხელი მაქვს ჩაბღუჭული-მეთქი, ქაბირეს სახე ვიხილე. ქაბირე ჩემი სულის ნანგრევები იყო… ის ფერფლი იყო, რაც ჩემი სიყვარულის კოშკიდან დარჩა. იგრძნო, რომ მას ვუყურებდი, გამიღიმა და ხელზე ხელი მომიჭირა. რას ნიშნავდა ეს? დაგვიანებული სიყვარულის აღიარებას? ეგებ უფლის დაგვიანებული არმაღანი იყო, რათა ჩემი სიცოცხლე როგორმე გაეგრძლებინა. მეორე ხელით მელიშას ხელი მეკავა. ბოლო დროს ეგ რომ მახსენდებოდა, გული მეთანაღრებოდა… უბედური მელიშა!… თვალს ვარიდებდი, კისერზე თოკის კვალი მთლად ჩალურჯებოდა. როგორც ქაბირე მიჭერდა ხელზე, მეც ეგრე მეჭირა მელიშას ხელი.
-ახლახან ქაბირე ღვიძლმა ძმამ მუზაფერმა დანის ერთი დარტყმით მიასაკლავა… – ეს მელიშამ ჩამჩურჩულა. – თანაც პირდაპირ გულში ჩაურტყამს იმ შეჩვენებულს…
ვერაფერი ვუთხარი. გვერდულად გავხედე ქაბირეს, რომელსაც ჯერაც ჩემი ხელი ეჭირა. ბინდბუნდში წესიერად ვერაფერი გავარჩიე. ქაბირე არ შეცვლილიყო, უბრალოდ, ცოტა მობერებულიყო.
-მოსაკლავად რატომ გაიმეტა?
-რაიონის ქალების ამბავი ხომ მოგეხსენება, ჭორი გაუვრცელეს, ვითომ ვიღაცასთან დადისო. ეს ამბავი მისი ძმის ყურამდეც მისულა, მაგ სულელს კი დაუჯერებია. ეგ არის და ეგ… საწყალი არც შენ გერგო და არც არავის, ეგრე უმოწყალოდ გაისტუმრეს საიქიოს…
გავჩუმდი. მელიშას მეტი არაფერი ვკითხე. მან კი ხელზე კიდევ უფრო მომიჭირა და დასძინა:
-თაღი, გენაცვალე, დაივიწყე ეგ… ცოდო ხარ…
ვიფიქრე, რა იქნება, ამ დაონმა მე და ქაბირე მტრედებად გავქციოს. ავფრინდებოდით ამ წყვდიადში, ვიფრენდით, ვიფრენდით და მივენარცხებოდით გაყინულ ცისკარს… და მერე ერთად დავლევდით სულს…
კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო…
დაონის მსახურები აქ შეკრებილთ მწყობრში აყენებდა. დავითიცა და ჰაშიმიც მათ შორის იყვნენ. როცა ჰაშიმმა ჩამიარა, წამით შეყოვნდა, კვლავ ოფლად იწურებოდა. ხელი ჯიბეში ჩაიყო და ცრემლი მომწმინდა, „ნუ ტირი, მოთმინება მოიკრიბეო“ წაიჩურჩულა.
ჩემს უკან მდგომთა ვინაობა არ ვიცოდი. ერთმანეთში საინტერესოდ კი საუბრობდნენ. საუბარზე მივხვდი, განათლებული ხალხი ჩანდა. ერთი მეორეს ეუბნებოდა:
-მე ეს ექიმი რაღაც არ მომწონს პროფესორო. ეგ ბუზს წყალში კი არა, სპირტში ინახავს. წყალში რომ შეინახოს, არაფერი გამოუვა, არაფერი…. როგორც კი შემთხვევა ჩაუვარდება, ეგ ყველას კლონირებას გაგვიკეთებს. ყურს გაგვიკაწრავს და დედალი ნახევარუჯრედიდან ჰაპლოიდის ბირთვს ამოგვაცლის, მერე სხვა ორგანიზმის ჰაპლოიდ ბირთვს ჩაგვიდებს, ბოლოს ჩვენგან სულ სხვა არსებას მიიღებს, ისეთ არსებას, რომელიც ჩვენსავ ხელოვნურ ტყუპისცალად იქცევა… -რაზეც მეორე პასუხობდა:
-რასაც თქვენ კლონირების შესახებ ამბობთ, პროფესორო, ჩვენს წმინდა წიგნშიც მტკიცდება. იქ თუ არ ვცდები ნისას სურის119-ე აბზაცში ეშმაკი იმუქრება, რომ ვფიცავ, მათ (ანუ ადამიანებს) გავაბრიყვებ, ცრურწმენისკენ ვუბიძგებ ყველას. აუცილებლად ვბრძანებ, რომ მათ გაუკაწრონ თავიანთ ცხოველებს ყურები და შეცვალონ ღვთის ქმნილება…“ პროფესორო, ეგებ თქვენი ნათქვამი ადამიანს არ ეხება? ჰა? ეგებ კლონირება და ეგეთები მხოლოდ ცხოველებს გულისხმობს?
დავითმა ერთ-ერთ მათგანს ხელი ჩაჰკიდა და თან გაიყოლა. მისი სიქაჩალე სასაცილოდ გამოიყურებოდა. შეიძლება, სიბნელის გამო ჩანდა ასე.
ცოტა ხანში ჰაშიმაც დაბრუნდა. მელიშას ჩემი ხელი გააშვებინა, მანიშნა, რომ ქაბირესთვისაც გამეშვა ხელი. მერე მითხრა:
-ექიმი გეძახის, წამო…
ამჯერად მუხიანის ხევის პირას არ ვიმყოფებოდით. აქედან არც მამაჩემის რესტორანი და არც პაპაჩემის ტყეები მოსჩანდა. ცოტა წინ დავითს წეღანდელი პროფესორი მიჰყავდა… თანაც წამდაუწუმ უმეორებდა: „შენი საქმე წასულია, პროფესორო, შენი საქმე წასულია, პროფესორო…“ ეგ რამ გათქმევინა, „ცხოველივით ჩრდილოეთისკენ, ან სამხრეთისკენ პირშებრუნებულები ამოვიყორავთ მუცელს, ვძღებით და ვმშვიდდებით…“
ჰაშიმი სდუმდა. ჩვენ ხალხის რიგს ჩავუარეთ.
…ქაბირესთან ერთად მტრედად გადაქცევის სურვილი სულშივე ნამსხვრევებად მექცა…
გრძელი რიგის ბოლოს ჰაშიმმა ექიმს მიმგვარა. თავად დაონისკენ დაიხარა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. მან შემხედა, მერე თვალთ მანიშნა, ახლოს მოდიო. მუხლები მიკანკალებდა, მაგრამ გამბედაობა მოვიკრიბე და მივუახლოვდი. ამომხედა და მითხრა:
-თაღი, ყველაფერი კარგად იქნება… შორს არ წახვიდე, აქ იტრიალე.
მაგიდასთან ადგილი გამითავისუფლა. ეკრანი ადგილზე დაამაგრეს და ორი პროჟექტორი მოანათეს მაგიდას, რომელიც ამ სივრცის შუაგულში იდგა. შევამჩნიე ბუზი, რომელიც ბოთლში ტივტივებდა. მივხვდი, რომ დაონი ახლა ყველას თვალწინ გააცოცხლებდა მას. დაონი წინ წამოდგა, წამით შედგა და ხელის ერთი მოძრაობით შეაჩერა აფთრები, რომლებიც მას კვალდაკვალ მიჰყვებოდნენ. იგი თეთრ სამოსში იყო. პეპელას მაგვარი ჰალსტუჰიც ეკეთა. ერთობ კოხტად გამოიყურებოდა. დავაკვირდი, მაგრამ ჭრილობა ვერ შევამჩნიე, ყელი ლამაზად ჰქონდა შეხვეული. დავითმა ჯერ კიდევ მაშინ მომიყვა ჭრილობის ამბავი – ექიმი ცხენიდან გადმოვარდნილა და ყანყრატოში მუხის ტოტი გარჭობია… ახლა მას პროჟექტორების შუქზე ვუყურებდი და შიშს აღარ განვიცდიდი; რაღაც მშობლიური გრძნობაც კი გამჩენოდა მის მიმართ.
ეკრანზე დუნიამალი ექიმი გამოჩნდა. მან ბოთლი და მიკროფონი აიღო და ხმამაღლა თქვა:
-ბატონებო და ქლბატონებო! კარგად მოგეხსენებათ, რატომ შეგკრიბეთ აქ. იცით, რომ დაახლოვებით ერთი წლის წინ ბოთლში ბუზი დავახრჩე და შეგპირდით, რომ მე მას გავაცოცხლებდი. ხოლო, თუ რატომ ვაკეთებ ყოველივე ამას, ბოლოს შეიტყობთ!
რამდენიმე კაცი ჰყავდა თანაშემწედ შერჩეული, მან ერთ-ერთი მათგანი მოიხმო. თანაშემწემ მიირბინა და ტაშტი მოიმარჯვა. დაონმა ბოთლს საცობი ახადა და წყალი ტაშტში დაცალა. მერე სხვა თანაშემწეც მოიხმო. იგიც სწრაფად მოვიდა. მკვდარი ბუზი სახაზავით აიღო და ბროლის საფერფლეზე დადო. ეს ყველაფერი დიდ ეკრანზე მოსჩანდა. ექიმმა თავისთან მოიხმო ათამდე პიროვნება, რომლებიც წინა რიგებში დაესვა. „მარლბორო“ ამოიღო და ყველას თითო ღერი სიგარეტი გაუწოდა. მერე კი „ზიპოს“ სანთებელათი ყველას მოუკიდა.
-ამ საფერფლეში ჩააფერფლეთო, – თქვა. – ეცადეთ, თქვენი სიგარეტის ფერფლი ბუზს არ შეეხოს.