გული ამოვარდნაზე მქონდა, არ ვიცოდი, რა მექნა. ჭრილობა მეწოდა და თავს სულ უფრო ცუდად ვქრძნობდი. ჩემი საქმე წასული იყო. ვფიქრობ, არც დანარჩენებს ელოდა რაიმე სასიკეთო. მთვარე გაბადრულიყო, ამ დროს თვალი ხანოღლანსა და ელჯანს ვკიდე, გვერდი-გვერდ იდგნენ. თვალს ახარებდა მათი ჩაცმულობა.  არაფერი ენაღვლებოდათ, მიღმიღაც მათ ზურგსუკან ჩანდა, კრიალოსანს ათამაშებდა. მათმა ხილვამ რაღაცნაირად დამამშვიდა.

აყლაყუდა მოხუცი თავის ხელჯოხიანად წამოვიდა და მწკრივების შორიახლო გაჩერდა. ხელის მოძრაობით მელიშა და დავითი მოიხმო, იმათ ერთმანეთს რაღაც გადაულაპარაკეს და ფაცხისკენ გაეშურნენ. როცა ფაცხის კარი ჭრიალით გამოაღეს და შევიდნენ, დავითი მოტრიალდა და ხელით მანიშნა, მოდიო. წუთიერი ყოყმანის შემდეგ ფაცხისკენ წავედი და შიგნით შევედი.

მაგიდაზე შემოდებული ტაფის გვერდით პურის ნამცეცებზე დიდი, მუქმწვანე ბუზი იჯდა. ფეხდაფეხ შემოსულმა დაონმა ბუზს შეხედა და დავითს მიმართა:

-ეგ ბუზი ცოცხლად უნდა დაიჭირო.

დავითი უცებ გამოცოცხლდა:

-მაგის დაჭერას რა უნდა, ექიმო, ახლავე შევიპყრობ…

დავითმა ნახევრად გაშლილი ხელი ჩასაფრებულივით წაიღო ბუზისაკენ. ბუზი კი არ იძვროდა. მან სწრაფად მოიქნია ხელი და ელვისებურად მოკუმა. მაგრად მოკუმული მუჭიდან აშკარად მომესმა ბუზის ბზუილი.

ამ დროს კარი გაიღო და ხანოღლანი და ელჯანი შიგნით შემოვიდნენ, მათ მიღმიღაც შემოჰყვა. მოხუცს ხელჯოხი დაუვარდა. იგი ოდნავშესამჩნევად შეტორტმანდა და შედგა:

-შეჩერდით… როგორ გაბედეთ? როგორ მოხდა, რომ აფთრებმა არ დაგგლიჯეს?…

-ისინი ჩვენნაირებს არ ერჩიან…- ეს მიღმიღამ თქვა ღიმილით, – როგორც რუსები იტყვიან, „ზარაზა კ ზარაზე ნე პრისტაიოტ…“

მოხუცი გაფითრდა.

დავითი ხმას არ იღებდა, თუმცა ბუზის ბზუილი კვლავ ისმოდა. მელიშა ჩუმად ტიროდა. მე კი გამოთაყვანებულივით ვიდექი და ვიყურებოდი.

ხანოღლანმა ხელჯოხი აიღო და მოხუცს მიაწოდა. მერე პიჯაკის ღილი შეიბნია, გალსტუკი მოიქაჩა, ჩაახველა და დაუნს მბრძანებლური ხმით მიმართა:

პატივცემულო, ექიმო, მომიტევეთ… ბოდიშს გიხდით… კარგად გამიგეთ… კარგად გვესმის, რომ საითაც არ უნდა წავიდეთ, ბოლოს ყველას თავისი მოეკითხება. ეს ადრეც ასე იყო და ამის მერეც ასე იქნება… მაგრამ საქმე იმაშია, რომ…

-საქმე არაფერშიც არ არის, – მოხუცმა სიტყვა შეაწყვეტინა, – აქ ბრძანებებს მე ვიძლევი… რახან გარისკეთ, და შემოხვედით, ძნელი გამოცდა გელოდებათ. ერთი კი იცოდე, შენ რომ მიდიიოდი, მე მოვდიოდი… გამიგე?…

მიღმიღამ რაღაც ჩაიბურტყუნა, ელჯანი შეიშმუშნა, ხანოღლანმა კი უღიმღამოდ გაიღიმა…

დავითი კვლავ სდუმდა, მაგრამ მის მუჭში მომწყვდეული ბუზიც ისევ ბზუოდა. მელიშა ტიროდა, მე გამოთაყვანებულივით ვიდექი, ექიმის ჭრილობა, რომელიც ყანყრატოსთან ჰქონდა, უფრო მეტად ყარდა.

-სიყვარულის უკმარისობაა… არ არის სიყვარული… –  ხმადაბლა ჩაილაპარაკა, – უბედურებო! უსიყვარულო უბედურებო!… თქვენ არასოდეს გაგითენდებათ. იმისათვის, რომ გათენდეს ძალისხმევა და თავისმტვრევა კი არა, სიყვარულია საჭირო, სიყვარული. ეგ კი თქვენ არც გაგაჩნდათ და არც გაგაჩნიათ! – მერე ბოთლი სინათლეს მიუშვირა და დავითს უთხრა,- ეგ ბუზი ამ ბოთლში ჩააგდე, ოღონდ ფრთხილად, არ გასრისო…

-ექიმო, ბო-ბოთლში წყ-წყალია… – დავითმა ენის ბორძიკით თქვა.

-ფიქრობ, დაიხრჩობა, – ირონიულად გაიღიმა.

– კი, ექ-ექ-ექიმო, – დავითმა კვლავ ენის ბორძიკით ამოღერღა, – კი, იქ რომ ჩავაგდო, დაიხრჩობა.

-მერე რა, დაიხრჩოს… რომ გადარჩეს, ვითომ რა? თუ დაიხრჩობა, თქვენნაირი გახდება. ისედაც ერთნაირები ხართ… ჩააგდე ბოთლში! მაგას ექვს თვეში გავაცოცხლებ… თქვენ თავზე იფიქრეთ… ბუზი თქვენზე ბედნიერია…

ამ დროს გავიფიქრე, ნეტავ ხანოღლანი და მისი მეგობრები ამ მოხუცს ამდენს რატომ უთმენენ, რატომ არ მიბეგვამენ ამ უტიფარ კაცს, რომელიც ბუზს გვადარებს და მასხარად გვიგდებს. სად გაგონილა ასეთი თავგასულობა?

მათ რომ შევხედე, ვერაფერი გავიგე, ბეჩავად გამოიყურებოდნენ.

დავითმა ბუზი ბოთლში ჩააგდო. ბუზმა წყლის ზედაპირზე რამდენიმე წრე დაარტყა, მერე კი გადაბრუნდა და გულაღმა დაიწყო ცურვა. დაუნმა ერთხანს უყურა, მერე კი ცერა თითი საცობის მაგიერ ჩააჭირა ბოთლს და მაგრად შეანჯღრია. მოხუცმა ბოთლს კვლავ სინათლეზე შეხედა და გაიცინა, თანაც ოთახში მყოფთ არ არიდებდა თვალს. მერე ბოთლს საცობი დააცო და მოგვმართა:

-ეს ვითომ თქვენზე მეტია? თქვენც ხომ ამ ბუზივით ხართ დამხვრჩლები. ყველანი ასე ხართ, ცოცხლებიცა და მკვდრებიც. უბედურებო! ცოცხლებიცა და მკვდრებიც ასე ტივტივებთ წყლის ფსკერზე. ასე არაა? ხომ მართალი ვარ? – იგი ერთხანს დადუმდა, სახე მოეღრუბლა. მერე ენის კანკალით, ათრთოლებული ხმით თქვა: – ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ სიყვარულს გაურბიხართ, სიყვარულს…

მერე კარი გამოაღო და მწკრივისკენ დაიყვიარა:

-მე ექვს თვეში, სულ გვიან, ერთ წელიწადში თქვენს თვალწინ გავაცოცხლებ ამ ბუზს!…

ყველა სდუმდა, მაგრამ მე ვხედავდი, ისინი როგორ ღაფავდნენ სულს, როგორ ილეოდნენ და პატარავდებოდნენ…

მოულოდნელად მან კარი მოხურა და პირდაპირ ჩემსკენ გამოემართა. მე რატომრაც ჭერს ავხედე, იქ კვლავ ობობას ქსელი მოსჩანდა… „ყველანი ასე ხართ, ცოცხლებიცა და მკვდრებიც“. ნათურის  თეთრ შუქს ნელ-ნელა სიმწვანე ეპარებოდა… „უბედურებო! თქვენ ცოცხლებიცა და მკვდრებიც ასე ლივლივებთ წყლის ფსკერზე“. ვიგრძენი, რომ სახე მიბუჟდებოდა. გეგონება, სხეულზე ჭიანჭველები დამეხვივნენ. „ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ სიყვარული გაკლიათ, სიყვარული…”

…ნეტავ, მართლაც, უსიყვაროლობა იყო ყველაფრის მიზეზი?… მოლა მუხთარს როგორ უნდა ყვარებოდა?… ამ კაცმა ხომ მოინანია ცოდვები, განდეგილობა აირჩია, მეტი რა ექნა?!  ან აშუღ ელჯანის სიყვარული მეჯლისებსა და შაბაშებზე იქით ხომ ვერ წავიდოდა? ხანოღლანსა და მის სამეგობროს რომელ სიყვარულზე უნდა ელაპარაკო?! მათ თავიანთი სამყარო და თავიანთი გაგება აქვთ. სხვებსაც…

-შენ… მიმიხვდი, ხომ…

ყანყრატოს ჭრილობა ისე უყარდა, რომ სული შემიღონდა…

ერთხანს თავი ბაქოს ბულვარზე ეშმაკის ბორბალში გაჩერილივით ვიგრძენი. „თქვე უბედურებო!…“ – ეს ფრაზა ჩამრჩა ყურში, დანარჩენი ვერ გავიხსენე. პირში მჟავე ქაფი მქონდა… და ნატრული თეთრი სინათლე დავინახე, რომელიც ჭერზე რძისფრად აკიაფდა…

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17