*  *  *

 

…ტკივილი სხეულში მივლიდა. ნაცნობი იონის ნათურა ჭერზე კვლავინდებურად ანათებდა. ცივ უფლში ვიწურებოდი. ორი ცისფერსამოსიანი, სახეაკრული მედიცინის მუშაკი მომიახლოვდა (სიტყვამ მოიტანა და მედიცინის მუშაკები დღემდე ცისფერ ხალათში არ მენახა, ისინი მხოლოდ თეთრ ხალათში მყავდა ნანახი) მკლავებზე მომეფათურნენ, მგონი სისტემას მიდგამდნენ. მერე სახეზე და კისერზე ოფლი შემიმშრალეს. ისინი ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა მეორეს უთხრა: „თვალები აახამხამა… მგონი მობრუნდა… ქააა, ნაზო, საოცრება მოხდა, შეხე, მგონი, მოსულიერდა!“ მეორემ მიუგო: „კი, თვალები გაახილა, ღმერთმანი, თვალები გაახილა! ღმერთმა უშველოს ამის ძმას, ბატონი ხანოღლანი რომ არ ყოფილიყო, ეს დიდი ხნის წასული იქნებოდა საიქიოში…“  მერე კი: „ნაზო, გიხაროდეს, ეგ საკმაოდ შეძლებული კაცი ჩანდა, კარგი სამახარობლო გვექნება!… ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება…“ – „ქაა, რა უნდა მიხაროდეს?! განა ფირუზა ექიმი დაგვაცდის, რომ ჩვენამდე სამახარობლომ მოაღწიოს!?…“ – „რაც არ უნდა იყოს, ბატონი ხანოღლანი ექიმთან ერთად ჩვენც გვცემს პატარა  პატივს… ხუმრობა საქმე არაა, მაგხელა საქმოსანი კაცია… გგონია, ის ხალხი, რომელთაც ყოველდღე აგზავნის აქ, ჩვენ არაფრით გადაგვიხდის მადლობას? როგორც ვიცი, მხარჯველი კაცია… მას შემდეგ რაც ეს გერმანიიდან ჩამოიყვანეს, მზრუნველობას არ ვაკლებთ, დღე და ღამე თავზე ვადგავართ… მგონი კარგად დაგვიფასებს…“ – „გოგო, ფული ულევი კი არაა, აგერ უკვე თექვსმეტი წელია, ბაქოში, მოსკოვში, გერმანიაში მილიონები დაახარჯა თავის ძმას… თექვსმეტი წელი ცოტა დრო როდია!…“ – „ამიტომაა, რომ ღმერთიც უხვად ასაჩუქრებს, მაგას ძმისთვის ემეტება, ღმერთს კი – მაგისთვის.“ „ კი ეგრეა, მაგ გულუხვობისთვისაა, რომ უფალმა ავლა-დიდებისა და სიკეთის კალთა დააბერტყა…“ – „მაგრამ თუ რამე მოგვცა, ფირუზა ექიმმა არ უნდა გაიგოს… საიდანმე ყური რომ მოკრას, თავი მოგვეჭრება… ეგ შეჩვენებული, ყურანზე დაგვაფიცებს… თუ რამეს გამოვკარით ხელი,  უნდა დავუმალოთ…“ – „ახლა რა ვქნათ, ფირუზა ექიმი კლინიკაში არ იმყოფება. მოდი, ამის ექიმს, იმ ნემეცს დავუძახოთ… რა გვარია?… დამავიწყდა, ქაა!…“ – „შაიფლერი!“ – „ჰი-ჰი-ჰი… შაიფლერი არა, შიფერი… ჰო, მოდი მაგას დავუძახოთ…“

დაუძახეს და შემოვიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თვალები ახელილი მქონდა. ჯერ ბოლომდე ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ. გაოცებული ვუყურებდი ექიმებს, რომლებიც ჩემს საწოლთან იდგნენ. მათ რეაქციებს ვერ ვხედავდი, რადგანაც სახე აკრული ჰქონდათ, მხოლოდ თვალები მოუჩანდათ. ერთ-ერთი მათგანს, გამხდარსა და აწოწილს ცისფერი თვალები ჰქონდა. გერმანელიო, რომ თქვეს, მგონი ამას გულისხმობდნენ. დამაკვირდა და მსუბუქად გაიღიმა, ჯერ პირჯვარი გადაიწერა, მერე კი ხელი მომუჭა და უცხო კილოზე ხმადაბლა თქვა: „ყესსს!“ მე უბედური  უკვე ვაცნობიერებდი, რომ საავადმყოფოში, თანაც რეანიმაციაში ვიმყოფებოდი. თუმცა ძალა არ შემწევდა, იმასაც მივმხვდარვიყავი, რატომ ვიყავი აქ. ჩანს, ჯერ მთლად საამქვეყნო არ ვჩანდი… საყრდენი არ გამაჩნდა… ჯერ არ მქონდა კუთხე-კუნჭული, რომელსაც შევეხიზნებოდი და ვიტყოდი „ჩემია!“…

მერე ის უცხოელი წავიდა.

-ეს ხომ მთლად მობრუნებულა, ნაზო… აბა, ვნახოთ, იმ დღევანდელ სიტყვას კვლავ გაიმეორებს? იმ დღეს რომ ბოდავდა, გახსოვს რას ამბობდა?

-რა ვიცი ქაა, იმ დღეს ყელში გატარებულ შლანგს რომ ვუცვლიდი, მეც მოვკარი ყური. სვეტოფორს, თუ რაღაც მაგდაგვარს ამბობდა…

რაო? სვეტოფორიო? რა სვეტოფორი? რისი სვეტოფორი? ესენი რას ლაპარაკობენ? თითქოს თავში რაღაც ბურღები გამიჩნდა, თითქოს მიძინებულ ტვინს ფერფლი ეცლებოდა და იქ მიმალული ნაღვერდალი ხელახლა ღვივდებოდა… ღვივდებოდა და მისი ნათელი ტვინს ეფინებოდა… აჰა, გამახსენდა, სვეტაფორი კი არა, სკეითბორდი! კი, ნამდვილად სკეითბორდი, რომელსაც აქიფა ძიას ბიჭი მთელი დღე აქეთ-იქით დააჭნავებდა. გვერდებამოკეცილი ოთხთვალა, რომელიც მიწას სულ რაღაც ხუთი სანტიმეტრითაა აცილებული. ერთი შეხედვით პატარა თვითფრინავსაც წააგავს. სკეითბორდი!… თუმცა არ ვიცოდი, რამ გამახსენა ეს სიტყვა, რატომ ვიმეორებდი?  ჰო, სკეითბორდი ბიძაჩემს ერთმა კოლეგამ და მეგობარმა აჩუქა, რომელიც მოსკოვის ცენტრალურ ბანკში მუშაობდა, მახსოვრობა თუ არ მღალატობს, იმ კაცს გრიშა ერქვა. მას კი ეს სათამაშო ურიკა უცხოეთიდან თავისი შვილისთვის ჩამოეტანა, მაგრამ იმის გამო, რომ მისმა გულდედალმა ბიჭმა ვერ გაატარა, აიღო და მეგობრის შვილს, ანუ ჩემს ბიძაშვილ ჯაჰანგირას აჩუქა, რომელიც იმხანად მამას ახლდა მოსკოვში.

-როგორა ხარ? – ქალთაგანი იყო. ჩემი მარჯვენა ხელი ხელში აიღო და ეგრე მკითხა.

თვალები დავახამხამე… კი, მგონი თვალის დახამხამება შევძელი: მინდოდა მეთქვა, კარგად ვარ-მეთქი. ამ დორს, სრულიად მოულოდნელად დედა გამახსენდა… დედა? დედაჩემი სადაა? რა დამემართა მე? ხომ არ მოვკვდი?… სადაა დედაჩემი? ეს რაა? პირში შლანგი მაქვს გაჩრილი, პირდაპირ ყელში გადამდის?

არეული ხმით: დედა… დედაო… ამოვიკვნესე.

-ნაზო, ეგ მგონი რაღაცას ამბობს… გესმის?…

ამ დროს ოთახში შემოვიდა კისერზე ფონენდოსკოპ ჩამოკიდებული საშუალო ტანის ჩაფსკვნილი კაცი, იგი რწევა-რწევით წამოვიდა ჩემსკენ და დამაკვირდა, მერე კი სახეზე ნათელი მოეფინა.  მაჯაზე ხელი მომკიდა და პულსი გამისინჯა. მერე ფონენდოსკოპის ბოლოები ყურებში გაიკეთა და ხელსაწყოს მეორე ბოლო გულზე დამადო. რამდენჯერმე ადგილი მოუნაცვლა და იგი ფილტვებისკენ გადაიტანა. გულისა და ფილტვების მუშაობას ყურადღებით მოუსმინა. მერე ჯიბიდან  წიგნაკი ამოიღო და რაღაც ჩანაწერები გააკეთა. ამ დროს ცისფერხალათა ორი მედმუშაკიც შემოვიდა. ერთ-ერთმა მათგანმა თვალის გუგები ამიწია და ჩამხედა. თავი კმაყოფილად დაიქნია და გვერდით მდგომს რაღაც წასჩურჩულა, რა უთხრა ვერ გავიგე. შემდეგ წეღანდელი უცხოელი ორ კაცთან ერთად მობრუნდა, მათ უცხო ენაზე ერთმანეთს რაღაც გადაულაპარაკეს და ნელა გადამაბრუნეს გვერდზე. მგონი ნემსი გამიკეთეს, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ფუტკარმა დამნესტრა…  მერე კი რეზინის ხელთათმანიანმა ამ კაცებმა თავიდან ფეხამდე დამზელეს. ამას ერთობ ფრთხილად, მოზომილად და აუჩქარებლად აკეთებდნენ….

…იონის ნათურა მიინავლა და ჩაქრა.

ჩვენს ეზოში ვიყავით. ხეივნის ქვეშ გაშაშლელ საწოლზე უნიათოდ ვიყავი გაშხლართული. მაშინ დედაჩემი ჯანმრთელად იყო, გულსუმთან ერთად ისხდნენ ჩემს შორიახლოს. ხანოღლანიც იქვე იყო. ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, ეზოში მიმოდიოდა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა, მისი მეგობარი – „მოტორისტ“ გამბარას ბიჭი ჯავანშირიც თან ახლდა. ჯავანშირის დედა, დეიდა ხავერა მამის მხრიდან კიდეც გვენეთესავებოდა.  ხანოღლანი და ჯავანშირი კი ბავშობიდან იყვნენ შეძმაკაცებულები. ეგეც ხანოღლანივით ნაჯდომი იყო, თანაც რამდენჯერმე. ყოველთვის ანაშას გამო იჯდა ხოლმე, უფრო სწორად, ანაშით ვაჭრობის გამო. ჯავანშირს მიღმიღა ამარაგებდა. მიღმიღა მარტო ჩვენს რაიონში კი არა, მთელი ბაქოს ნარკომანებში ცნობილ კაცად ითვლებოდა.  მუშტრები ბაქოდან, სუმგაითიოდან და განჯიდანაც კი ჩამოუდიოდნენ. მაგრამ ბოთლების შემგროვებელი შაჰნაზარის ცალტვინა ბიჭმა ბაბაშამ  დაბრიდა და იმქვეყნად გაისტუმრა. იმანაც ანაშისთვის. დღემდე მახსოვს, ახალგაზრდობაში ეგ და ხანოღლანი გემით თუქმენეთში ჩავიდნენ, ქალაქ ნებითდაღში ბლომად ანაშა შეიძინეს და რაიონში ჩამოიტანეს გასასაღებლად. თითო შეკვრას ხუთ მანეთად ყიდდნენ. ჯავანშირის უმცროსი ძმის კაფეს წინ ლენინის პარკში სკამზე ისხდნენ, აეროდრომა კეპკები შებრუნებულად ეხურად, ორივეს მუქი ლურჯი ფერის „ჩარლსტონის“ შარვალი და თეთრი ფერის „ტვისტის“ ტუფლები ეცვათ. არავისი ეშინოდათ, არაფერს ერიდებოდნენ. მოგნიტოფონში „დოლია ვოროვსკაია“ მთელი ხმით ჰქონდათ ჩართული, ერთი სიტყვით ქვეყანა ფეხებზე ეკიდათ. როგორც „უჩასტკოვოი“ გარიბოვის წილი წინდაწინ ჰქონდათ გადახდილი. ამ დროს, პირდაპირ ჩაიხანის წინ, სადაც მე და ჩემი მეგობარი ალი ჩაის ვსვამდით, წითელი „06“ გაჩერდა.  მანქანიდან ერთი ტიპი გადმოვიდა და მათკენ გაემართა. მიღმიღა და ეგ ტიპი გვერდზე გადგნენ და რაღაც ჩაიბუტბუტეს, მერე ორივე კაფეში შევიდა. ცოტა ხანში მანქანით მოსული კაფედან გამოვიდა, ხელში რაღაც შეფუთული ეჭირა, ირგვლივ მიმოიხედა და „06“-კენ გაემართა. მანქანაში ჩაჯდა და სწრაფად გაეცალა იქაურობას. მანქანა თვალს რომ მიეფარა, მიღმიღაც გამოვიდა კაფედან, ხელები მოიფშვნიტა და ხანოღლანს თვალი ჩაუკრა: „ნახევარი კილო! ჰა-ჰა-ჰა!… თანაც სულ ანაშა არ იყო, ხანიშ, გეფიცები, წამიერად მოვასწარი და მუშტისხელა ქვა ჩავუგდე ცელოფანში.  „ლოხი“ იყო, ვერაფერს მიხვდა. ნახევარი კილო ავუწონე და მივაჩეჩე, მალე აითესე, არავინ დაგინახოს-მეთქი. ვერაფერი გაიგო, ამოიიღლიავა და უკანმოუხედავად მოუსვა“.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17