… ამჯერად თვალები რომ გავახილე კვლავ საწყობის გამურული ობობბას ქსელებიანი ჭერი ვიხილე. მელიშა თავზე მადგა. მხრები უკანკალებდა და უჩუმრად ტიროდა. ხელი ფრთხილად გადამისვა თავზე და ჩაიჩურჩულა:

-რატომ დაბრუნდი, თაღი?

მე საწოლზე ვიწექი, ცოტა მოშორებით დავითი იდგა და გულხელდაკრეფილი შემომყურებდა. ის მოხუცი არსად ჩანდა. საწყობის კუთხისაკენ გავიხედე. ფარდის მაგიერ დაკიდებული ზეწარი გვერდზე გადაეწიათ, ლამპის სუსტი შუქი კუთხესაც ეცემოდა. იქაც არავინ იყო.

წყურვილი ვიგრძენი. წამოვიწიე, საწოლში წამოვჯექი და მელიშას ვუთხარი:

-მელიშა, წყალი დამალევინე…

არ ვიცი, მელიშამ თვალის დახამხამებაში საიდან მოიტანა წყალი, ჭიქა როგორ მოვიყუდე და როგორ გამოვცალე. ერთხანს მის ჭორფლიან სახეს მივაჩერდი. თავად არ ვიცი რატომ, მაგრამ იგი იმ წუთში ანგელოზივით ლამაზი მომეჩვენა. როდის-როდის ვკითხე:

-აღარ გათენდა?

არაფერი მიპასუხა, აქვითინდა და კარისკენ გაემართა. კარი ოდნავ გამოაღო, თოვლის სინათლეს ცივი, თეთრი ნისლი შემოჰყვა. მერე კი შემომხედა, თითქოს თვალებით მეუბნებოდა: „ხედავ თაღი, ჯერაც არ გათენებულა…“ სანამ იგი კარს მიხურავდა, ირგვლივ მიმოვიხედე, დავრწმუნდი, რომ არც მოხუცი იყო აქ და არც ის, ვისი ხმაც ცოტა ხნის წინ საწყობის კუთხიდან მოისმოდა. დავითმა ეს იგრძნო და ხმადაბლა ჩაილაპარაკა:

-კარგა ხანია, წავიდნენ… აქ არ არიან…

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ წესიერად ვერ ვაცნობიერებდი, რა გადამხდა, მაინც ვცდილობდი, ზოგიერთ რამეს მიმვმხვდარვიყავი. წამოვდექი და ტანისამოსი შევისწორე, არაფერი მტკიოდა. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც წყალში ჩავარდნილი მწერი, რომელსაც ცურვა არ ეხერხება. კარისკენ წავსანსალდი.

-მხეცები… ისინი კვლავ აქ არიან?

-არა, ექიმთან ერთად ისინიც გაეცალნენ აქაურობას…

-აბა, მაშინ მე წავედი, დავით.

-ჩვენც მოვდივართ. დაგველოდე, აქაურობას მივალაგებთ და ერთად წავიდეთ…

მან ღუმელზე შემოდებული ხაშიანი ქვაბი გარეთ გაიტანა და ცოტა ხანში ცარიელი ქვაბით დაბრუნდა.

-მელიშა, სალაფავიც გადავაქციე, იქ, სადაც ჯერ არს…

ახლაღა მივხვდი, რომ ქვაბში ხაში კი არა, თურმე სალაფავი დუღდა. მაგრამ როგორც ვიცოდი, დავითს აქ ძაღლი არ ჰყავდა. იმათ თუ ჰკვებავს, იმ თვალებბრიალა შემზარავ ცხოველებს…

-რას გულისხმობ, დავით? ვერაფერს მივხვდი.

-აფთრების სალაფავს ვგულისხმობ…

შემაჟრჟოლა. „აფთრების სალაფავი“… ნუთუ აფთრებსაც სალაფავს უხარშავენ?

გზას გავუდექით. თავი ვერ შევიკავე და დავითს ამის შესახებ ვკითხე. აი რა მიპასუხა:

-ეგ დაწყევლილები მოხარშულით რომ არ მეკვება, დიდი ხნის წინ გაგვფატრავდნენ და შეგვსანსლავდნენ… სხვა გზა არა გვაქვს, თაღი…

-კი, თაღი, ეგრეა… მართალს გეუბნება…

მელიშას ჩემი ხელი მაგრად ჩაებღუჭა, ჩვენ ქალაქისკენ მივდიოდით. მუხიანის ხევის გუგუნი კვლავ სულში ჩამეღვარა. გაღმა მგელი ყმუოდა, მაგრამ ეს ჩვენ აღარ გვენაღვლებოდა.

იმ ადგილს მივადექით, სადაც გუშინ ავარია მომივიდა. ჩემი მანქანა აღარ დამხვდა. რატომღაც ამას ჩემზე დიდად არ უმოქმედია გეგონება, აქ ავტო-კატასტროფა სხვას მოუვიდა და ცოცხალ-მკვდარი სხვა გამოძვრა მანქანიდან. გეგონება, ეგ მანქანა მამაჩემის სახსოვარი არ ყოფილიყო. უფრო მეტიც, თითქოს, არც არასოდეს ყოფილა ჩემი შემოსავლის წყარო…

მეთუნუქეთა უბანში მარცხნივ ავუხვიეთ და დაბალსახლებიან ქუჩას ზემოთ ავუყევით. დავითის მამიდა აქეთ ცხოვრობდა. მას ამ ძველ ქალაქში ყველა იცნობდა. ერთი ასეთი გამოთქმა არსებობდა – „ბიქას კიბე“ – ეს ყველას პიეზე ეკერა. ამბობენ, ვითომდაც გიჟი უსუბას ამ ჭკვიან დას სადღაც უთქვამს, მილიციელ დადახანას, ქუჩაში მზესუმზირით ვაჭრობის ნება რომ დამრთოს, ყოველთვიურად ხუთ მანეთს ვუხდი და ამ თანხის გარკვეული ნაწილი ბრეჟნევის ჯიბეში მიდისო. უკითხიათ, შეგიძლია, ეს დაამტკიცოო? მაშინ ბიქას უპასუხნია: ამისი დამტკიცება სულ იოლიაო, აი, მე რომ მილიციელს ფულს ვაძლევ, ის იქიდან თავის პატარა წილს იღებს და დანარჩენს უბნის რწმუნებულს გადასცემს, უბნის რწმუნებულიც თავის მხრივ თავის პატარა წილს ჩაიჯიბებს და ამ ფულს უფროსს აძლევს, უფროსი თავისას იღებს და დანარჩენ თანხას უგზავნის მინისტრს, მინისტრიც თავისას ჩაიჯიბავს და რაც დარჩება, იმას უგზავნის ბრეჟნევს. ბრეჟნევი კი თავის მხრივ… არა ბრეჟნევი აღარავის აძლევს, ლენინს ხომ ვერ მისცემს, ლენინი ხომ დიდი ხანია გაუნძრევლად წევს თავის სამოთხეში… ამიტომაც ბრეჟნევი იჯიბავს დანარჩენს… ახლა ხომ ნახეთ, ბიქას ფულები სად მიდის?…

ჩვენი ჯამაათი, რომელიც ისედაც მიდრეკილია ხუმრობანარევი მეტაფორული აზროვნებისაკენ, ამას, როგორც გითხარით, „ბიქას კიბედ“ მოიხსენიებს ხოლმე.

ახლა, როცა მის ალაყაფს გავუსწორდით, დავითი წამით შეყოვნდა:

-აბა კარგად… მე მამიდა ბიქასთან შევივლი. კიდევ შევხვდებით… – თქვა და იქითკენ გაემართა.

მელიშამ კიდევ უფრო მაგრად მომიჭირა ხელზე.  ისე მიჭერდა, გეგონება გაქცევას ვაპირებდი.

-ხელი გამიშვი, მელიშა, სირცხვილია, დაგვინახავენ. – ჩავილაპარაკე.

-ნუ გეშინია, ჩვენ ისედაც ვერავინ გვხედავს. დავითი მამიდასთან რომ შევიდა, გგონია, იქ ვინმე დაინახავს მაგას? – ჩურჩულით თქვა და ხელი ოდნავ მოუშვა.

-რას გულისხმობ? – შევჩერდი, მისი გაოფლილი ხელი მოვიცილე და გაუცებული მივაჩერდი. ყინულის სვეტივით იდგა, ბინდბუნდში შემაძრწუნებლად მოსჩანდა.

-ეგრეა, თაღი, ახლა ჩვენ ხალხმრავლობაშიც რომ აღმოვჩნდეთ, ვერავინ დაგვინახავს. შეგიძლია მშვიდად იყო…

საშინელმა შეგრძნებამ მომიცვა. მისმა ნათქვამმა და ჩახრინწულმა ხმამ ტვინი ამირია, კანკალმა ამიტანა…

-შენ ხომ არ გაგიჟდი?

-ეგრეა, თაღი. ადრე არც მე მჯეროდა. იმ დაონმა კაცმა ამიხსნა. ეს მწარე სიმართლეა….

-დაონი კაცი ვინაა?

-ის მოხუცი… თმამოშვებული კაცი… შენ რომ საშინელება დაგმართა, იმ კაცზე გეუბნები….

-მაგას დაონი ჰქვია? ეგ რა სახელია?…

-რა ვიცი, თავად ამბობს, რომ დაონია, ხან კი გვეუბნება, ექიმი ვარო, ხანაც მონა… მაგრამ დავითი ზოგჯერ დუნიამალისაც ეძახის ხოლმე.  ძალზედ უბედური ვინმეა… როცა მოდის, აფთრების ხროვა მოჰყვება. ვინმეს წაყვანა თუ მოიწადინა, უცებ წაიყვანს ხოლმე… იმიტომ ვტიროდი, თაღი, მეშინოდა, შენც არ წაეყვანე… მისმა შემზარავმა აზრებმა თავი მოგვაბეზრა უკვე… გვეუბნება, დამშვიდდით, ყურებზე პატარა ჭრილობებს გაგიკეთებთ და მერე თქვენისთანა ტყუპები დაიბადება ამ ქვეყნადო… ერთხელ მითხრა, იმანას ანარეკლი შენს თვალებშია და ვერსად გაგექცევაო…

სახტად დავრჩი. შეითანბაზარის ლამპიონები ბჟუტავდა. ადრე გაღვიძებულები მიმოდიოდნენ, შიგადა-შიგ ვიღაცეები ჩაგვივლიდნენ ხოლმე და ვერავინ გვამჩნევდა.  ვერ ვიჯერებდი… გეგონება, არც კი ვარსებობდით… მელიშას ნათქვამი მართალი აღმოჩნდა, სწორედ ამან გამაოგნა და გამანადგურა…

-ჰო, თაღი, სანამ თავის ჩამოხრჩობას დავაპირებდი, სოკოს სენი შემეყარა, შენ იცი რა არის სოკოს სენი? ეს ქალური ავადმყოფობაა, ამას ექიმები ვიბრომას ეძახიან. დედაჩემისგან გამიგია, ადრე ამას სოკოს სენი რქმევია. არ იკურნება. ქალისათვის ეს სიკვდილს უდრის… სისხლდენა და საშვილისმოში სიმსივნე იცის. ქალი უშვილობამდე მიჰყავს… ბოლოს კი ქირურგის დანა… შენ ეს ყველაფერი არ გეცოდინება… – მას ტუჩები აუკანკალბდა. დაჭორფლილ, ცივ სახეზე უმწეობა გამოეხატა. – იმ მოხუცმა რაღაცეები მასწავლა, რაც იქნება, იქნება, ვთქვი და ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მითხრა. წარმოგიდგენია, განვიკურნე, სენი უკვალოდ გაქრა… მასში სიკეთე და ხიფათი ერთადაა გაზავებული… თაღი, გევედრები, ფრთხილად იყავი… თუმცა, შენ მაინც არ მითხარი, ჩამრჩა თუ არა თვალებში იმანის ლანდი…

მან კვლავ ხელი ჩამკიდა… იმ წუთში ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს მისი თვალებიდან ვიღაც მწარედ მიღიმოდა…  დავაკვირდი და  იმანი ამოვიცანი… მეგონა, ახლა კი ნამდვილად გავგიჟდები-მეთქი… ხელი სწრაფად გამოვტაცე და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი…  ბორბალში გამომწყვდეული ციყვივით ვიყავი, გავრბოდი და გავრბოდი… მელიშა რაღაცას მომძახოდა, მაგრამ რას ამბობდა, არ მესმოდა.  ერთად-ერთი სიტყვა ჩამესმა გარკვევით: „არ დაბრუნდე!…“

გავრბოდი, არც გზა ილეოდა და არც მე ვაპირებდი გაჩერებას. ამასობაში, რა დრომ გაიარა, ვერაფერს გეტყვით… ხუთმა დღემ გაიარა, ხუთმა თვემ, თუ ხუთმა წელიწადმა, არ ვიცი… აბა საიდან უნდა მცოდნოდა? იმ სამყაროში სადაც მე ვიმყოფებოდი, დროის საზომი არ არსებობდა… მდუმარება უფერული მორევისა, რომელშიც მე ვიმყოფებოდი, ზოგჯერ ისე ღრმავდებოდა, რომ ლამის ყურთასმენა მეხშობოდა. ყური მივაჩვიე, ვიცოდი, რომ მდუმარებას, რომელიც ჩემთან ერთად სუნთქავდა, ცოტა ხანში ან თვითფრინავის, ან მანქანის გუგუნი დაარღვევდა… ამ მხრივ ცოტა არხეინადაც ვიყავი… მაგრამ მოულოდნელად თითქოს მთელი ჩემი არსებით კედელს მივენარცხე და ქვეყნიერების ირგვლივ რბოლა შეწყდა, ამავე დროს უცნაური ტკივილი ვიგრძენი…

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17