თავად კი საფერფლეში მოგროვილი ფერფლი სახაზავის მეშშვეობით ბუზს დააყარა. როცა ამას აკეთებდა, მეგონა, სახაზავის ყველა მოძრაობით ფერფლს მე მაყრის თავზე-თქო. დაახლოებით ათმა წუთმა გაიარა, სიგარეტები ჩაიფერფლა, მწევლები თავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ. ჩვენ დიდი ეკრანზე საფერფლეს ვუყურებდით. მოულოდნელად ფერფლის პატარა გორაკი შეირხა. „აააა!“ იქ შეკრებილი ადამიანების მასას მხოლოდ ეს ხმა აღმოხდა. ცოტა ხანში ფერფლის გორაკი დაიშალა და ბუზის ფრთები გამოჩნდა. ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ეს მე ვიყავი, თავი რაღაცის კლანჭებს დავაღწიე და გავთავისუფლდი… ბუზი ჯერ სანახევროდ, მერე კი მთლიანად ამოძვრა ფერფლიდან და საფერფლეში სიარულს მოჰყვა. მეც ადგილზე ვბორგავდი, მეგონა, ნელ-ნელა თავს ვაღწევდი ამ ბრბოს, უკიდეგანო წყვდიადსა და ყველას და ყველაფერს. ბუზმა ფერფლის დაშლილ გორაკს რამდენჯერმე შემოუარა და სცადა საფერფლეს კიდეს ზემოთ აყოლოდა. თუმცა, იმის გამო, რომ საფერფლე გლუვი იყო, კარგა ხანს არაფერი გამოუვიდა. გაოცებისაგან პირი გამიშრა, სული ამეწეწა! ვბორგავდი, რადგან მეც ვცდილობდი, თავი დამეღწია ფარული მარწუხებისთვის. არაფერი მახსოვდა. ცოტა ხანში ბუზმა ფრთები აამოძრავა, რამდენჯერმე ადგილზე დატრიალდა, ამ დროს მე თავბრუ დამეხვა. ბოლოს როგორც იქნა ბუზი საფერფლეს კიდეზე ამობობღდა. მეგონა, ამ დროს მეც მთის მწვერვალზე ავედი და უკიდეგანო უფსკრულის კიდეზე შევდექი. მერე ბუზმა ბზუილ-ბზუილით რამდენიმე წრე დაარტყა საფერფლეს კიდეს და მოულოდნელად ისე გაფრინდა, რომ კამერებმა მისი გადაღებაც კი ვერ მოასწრეს….
თვალები მაგრად დავხუჭე და მივხვდი, რომ თავი დავაღწიე ამ საშინელებას.
დაონმა მიკროფონი მოიმარჯვა და მშვიდი ხმით თქვა:
-ყველამ იხილეთ, რომ ბუზი ფერფლის ძლევამოსილებამ გააცოცხლა და იგი თქვენს თვალწინ გაფრინდა… კიდევ ერთხელ გიმეორებთ: უსიყვარულობაა თქვენი უბედურების მიზეზთ მიზეზი. საქაოშიცა და საიქიოშიც წყლის ფსკერზე მოტივტივე ბუზებივით კომაში ხართ! სანამ თავზე სიყვარულის ფერფლი არ დაგეყრებათ, ვერ გაიღვიძებთ!… მე მითქვამს და დანარჩენი თქვენ იცით… დაიხსომეთ, ვინც არ უნდა იყოთ, თქვენი ხსნა წვასა და ფერფლშია!
მერე იგი დადუმდა. მიკროფონი მაგიდაზე უნდა დაედო, მაგრამ გადაიფიქრა, ელვის სისწრაფით შემომხედა და ხმამაღლა დასძინა:
-მაგრამ არა!… შენ მოდი აქ!… მოდი! ახლოს მოდი!… დაე, ყველამ დაგინახოს და გიცნოს! დაე, ყველამ იცოდეს, რომ…
უკვე გვიან იყო. ბანალაშლილი აფთრები მიღრენდნენ.
ამ დროს მელიშას ხმა მომესმა:
-გაიქეცი, თაღი, გაიქეცი!… დაგენაცვლე, გაფრინდი, გაფრინდი!…
…კვლავინდებურად მუხიანის ხევის გუგუნი გაისმა. ამ გუგუნმა თვალისდახამხამებაში დამატრიალა, ქარბობოლასავით ამიტაცა და გაყინული ჰორიზონტისკენ ფოთოლივით გამაქროლა. მაგრამ იქ მიმანარცხა, თუ არა, ვერ გეტყვით. რადგანაც მერე რა მოხდა, აღარ მახსოვს…
7.
გზას გარიჟრაჟისას გავუდექით. ქალაქიდან პირველად გავდიოდი. ჩემი „პრადო“ ძალიან მომწონდა. ძალზედ მოხერხებული, ადამიანზე მორგებული მანქანა გახლდათ. ეს იაპონელები, მართლაც, საოცარი ხალხია.
რაიონში მივდიოდით. თეზექენდს ავუარეთ და ფირ-კეშქულის აღმართს შევუდექით. ჰაშიმა და მისი მეუღლე გუმრუ უკანა საჯდომზე ისხდნენ. ორივე ძილბურანში იყო. ჩემს გვერდით ხანოღლანის ერთი პირადი მცველთაგანი, შავტუხა ქერიმი იჯდა. ბუღასავით ძვალმაგარი იყო, რომ შეგეხედა, შეგეშინდებოდა. უკანასკნელად დაონმა თითი მისკენ გაიშვირა და ჰკითხა: „ჭკუა მეტი გაქვს, თუ ძალა?“ მან კი აი რა უპასუხა: „ჭკუით გარჭობილს ძალით ვერ ამოაძრობ…“ დაონმა არაფერი უპასუხა, მაგრამ ამ დროს ყანყრატოს ჭრილობა ჩვეულებრივზე უფრო მეტად აუყროლდა. აფთრებმაც ღრენა დაიწყეს. მაგრამ დაონმა ისინი ხელის ერთი აქნევით დაამშვიდა, ამ ჯან-ღონიან ახალგაზრდას უხეშობა აპატია. მხოლოდ ეს უთხრა: „ბარაქალა, შვილო, მამაშენს მოხვდეს შენი მუშტი.“ მერე ხანოღლანზე მიანიშნა და დასძინა: „ნურც შენს პატრონს ასცდება!…“
ახლა ჩემს სიხარულს საზღვარი არ გააჩნდა. მიხაროდა, რომ ჩვიდმეტი წლის შემდეგ პირველად მივდიოდი სოფელში, სადაც დავიბადე და გავიზარდე. მართალია, არ ვიცოდი, იქ რა მელოდა. ჩემგან დაუკითხავად და შეუთანხმებლად ხანოღლანმა ჩემი დანიშვნის ბრძანება დააწერინა ზემდგომებს. ერთ-ერთი ბანკის რაიონული ფილიალის გამგედ ვიყავი დანიშნული… უკანასკნელად, როცა მან გერმანიიდან ჩამოყვანილ ექვს ექიმს ჩემი თავი გაასინჯინა, დაასკვნეს, რომ საბედნიეროდ, ავადმყოფობის სიმპტომები აღარ გამაჩნია და გონს აღარასოდეს დავკარგავ. ხანოღლანმაც ჩემი საბოლაო გამოჯანმრთელება ამ სამსახურით აღნიშნა. უნდა ვაღიარო, რომ ამას ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ჩემს სულში საზეიმო განწყობა სულ სხვა რამის გამო სუფევდა. მობილური ტელეფონი ამოვიღე და ალის დავურეკე. მოვიკითხე და ვუთხარი, რომ საღამოზე ხანოღლანის იმ ვილაში ვიქნები, რომელიც ჯენგის ტყეში მდებარეობს. ვთხოვე, ისიც იქ მოსულიყო. თუ არა ალის, აბა ვის უნდა გადავუშალო გული? ალიმ მითხრა, ბაქოში მივდივარო, მგზავრები მყავსო, ცოტა ხანში ფირ-ქეშქულთან ვიქნები, იქ შევხვდეთ და სახელდახელოდ წავიმუსაიფოთო. შევთანხმდით. იგი ცოტა ხანში მოვიდა. განზე გავდექით და ხუთი-ექვსი წუთი ვიმუსაიფეთ. მეტი ვერ შევძელით, რადგან მგზავრები აჩქარებდნენ ალის. ის წავიდა. სიმართლე გითხრათ, მინდოდა, ხანოღლანის შემოთავაზებებით არ მესარგებლა. მსურდა, იაფი მანქანა მეყიდა და ადრინდელივით ხალტურაზე მემუშავა. ალიმ ეს რომ გაიგო, გაკვირვება ვერ დაფარა: „შენ, ძმაო ჭკუას მოუხმე!… ეგეთი რამე არ ქნა! ახლა სხვა დროა. იმ ექიმისაც ნუ დაუჯერებ! მართალია, იქ ყველამ ენა მუცელში ჩავიგდეთ… იმ შეჩვენებულმა ყველა მოგვაჯადოვა… მაგრამ ჩაცმულობაზე ეტყობოდა, რომ ვიღაცა აფერისტია და არტისტობს! ამერიკელ შპიონსა და ევროპელ აგენტს ჰგავდა, ძმაო. შენ კი მაგისი გჯერა…“ ამ სიტყვების შემდეგ აღარ გამაჟრჟოლა. იმან კი შემაკრთო, რომ ალიც იქა ყოფილა… ყოველგვარი საყვედურისა და შენიშვნისათვის მზად ვიყავი. სულში კვლავ ამოუხსნელი საზეიმო განწყობა მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ხანოღლანმა სიკვდილს გადამარჩინა, ახალი სიცოცხლე მაჩუქა, სახლზეც, მანქანაზეც და სამსახურზეც უარი უნდა ვთქვა! ეს გადაწყვეტილი მქონდა, გადაწყვეტილი, მორჩა და გათავდა! მე არც ალის რჩევა მჭირდება! ამის მერე არც არაფერი მინდა! ქვეყნიერებისგანაც არაფერს გამოველი! ჩვენი ძველი სახლი, პენსია, რომელსაც ავადმყოფობის გამო დამინიშნავენ და რაც მთავარია, სუფთა სინდისი ცხოვრების ბოლომდე მეყოფა… სინამდვილეში დღეს გასახარელი არც არაფერი მაქვს, რადგანაც იმ ნაბიჯის გამო, რომელსაც მე გადავდგამ, ჩემსა და უსაყვარლეს ძმას შორის უფსკრული გაჩნდება. შეიძლება, როგორც ახალგაზრდობაში ახლაც სახეში შემომაფურთხოს და მომახალოს: „შე უნიათოვ, შენა! აბა, შენ კაცი როგორ უნდა გენდოს!?“ – თითქოს გულის გულში მინდოდა კიდეც ასეც მომხდარიყო! თითქოს ეს აზრი თავზე ფერფლივით მეყრებოდა. ეს თუ ასე არაა, აბა მაშ ეს საზეიმო განწყობა საიდანაა? ან იქნებ ჩემში ფუძე ეყრება სიყვარულს, რომელიც ჯერ ბოლომდე ვერ გამიცნობიერებია?
…ახლა ვფიქრობ, ეგებ ამ ფერფლის გამოა ეს განწყობა, ფერფლისა, რომელმაც ბუზივით გამაცოცხლა და ფრენის ჟინი და აღტყინება დამიბრუნა. კი, სწორედ ასეა! თავზე სიყვარულის ფერფლი მეყრება, ექიმმა რომ თქვა ის ფერფლი, და ეს ამაღლებული განწყობაც სწორედ ამის ბრალია… ალბათ მითენდებოდა… რომ არ გამთენებოდა, ჩემში მზეც ვერ ამობრწყინდებოდა. აბა, უამისოდ ჩემი სულის ზარ-ზეიმი როგორ იქნებოდა? თანამდებობის გამო? მანქანის გამო? არამც და არამც! მიმიფურთხებია ყველაფრისათვის! მიმიფურთხებია!
კითხვა-პასუხისთვისაც მზად ვარ. ბოლო-ბოლო ამის მეტი რა უნდა მკითხონ:
-საიდან მოდიხარ?
-წუთისოფლიდან.
-როგორი იყო წუთისოფელი?
-ძალიან კარგი. მოვიდნენ, იცხოვრეს, დაიხოცნენ და წავიდნენ…
ანუ გიჟუსუბასებურად: „ჭამეს, სვეს და მოუსვეს…“