როცა ჯარიდან დავბრუნდი, დედამ მითხრა: ერთი თვის განმავლობაში შენი არაფერი ისმოდა. წერილიც არ მოგვდიოდა, მაგრამ სწორედ იმ ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე მესიზმრებოდი, სულ მტვერში იყავი ამოგუნგლული… ერთხელ გკითხე, თაღი, რატომ ხარ მტვერში ამოგუნგლული, ხომ არ წაიქეცი? არაო, მიპასუხე, ვლოცულობ და იმიტო ვარ ეგრეო. მე მოგიგე, ღმერთმა გისმინოს, თაღი, შვილო. რაზე ლოცულობ? მითხარი, რომ შენზე ვლოცულობ, დედა, შენზეო. ყოველდღე ფერხთით გემთხვევი და ვლოცულობ. აი მაშინ გამომეღვიძა, მამაშენიც გავაღვიძე და ვუთხარი: ბავშვი გასაჭირშია, გული მიგრძნობს. ხვალვე სამხედრო კომისარიატს ფული მიუტანე და სთხოვე, შვილი დაგიბრუნონ. რამდენიც გითხრან, იმდენი მიეცი, შვილი დამიბრუნონ, თორემ ნავთს გადავისხამ და თავს დავიწვავ… საწყალ მამაშენს იმ ღამით თვალი აღარ მოუხუჭავს. ისედაც გულმტკივანი დილამდე კვნესოდა. თურმე დილით მისულა და დედის ნათქვამი სიტყვა-სიტყვით გადაუცია კომისრისათვის. მას უთქვამს, რომ ქალი როგორმე დაამშვიდე, თავი არ დაიწვას, თქვენს ვაჟს ორ თვეში სამსახური უთავდება და დაგიბრუნდებათო. თუმცა მამას თავისი გაუტანია, გინდა, თუ არა დააბრუნეო. დამაბრუნეს. ამასობაში ათმა დღემ განვლო და როცა დაბრუნების თაობაზე მითხრეს, ჩვენ უკვე ულან-უდეში ვიყავით…

ასე, ტკბილ მუსაიფში რომ ვიყავით, კარზე კაკუნი გაისმა. მელიშა საწოლში შეიშმუშნა. მე და დავითი ერთმანეთს მივაჩერდით. მერე დავითი წამოდგა და კარისკენ გაემართა. სწორედ ამ დროს მელიშა ელდანაკრავივით წამოვარდა, სანამ დავითი კარს გამოაღებდა, მუყაოს ეცა და ლამპას ააფარა. ოთახი ნახევრად ჩამობნელდა. ქალმა  თავისთვის ჩაილაპარაკა:

– დანარჩენები შიგნით არიან, სძინავთ. ეს ისაა ნამდვილად…

-კი ეგ იქნება, აბა სხვა ვინ უნდა იყოს? – ეს კი უკვე კართან მისულმა დავითმა ჩაილაპარაკა.

ღმერთო, ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს ეს ფრაზა: „დანარჩენები შიგნით არიან, სძინავთ. ეს ისაა ნამდვილად… „შიგნითო“  რომ თქვა, ნეტა რა იგულისხმა? ეგ „დანარჩენები“ ვინ არიან ნეტავ? ნეტა ვის გულისხმობს? ვერაფერს მივხვდი, აბსოლუტურად ვერაფერს…  სიმთვრალისა და გაურკვევლობის გამო ვერ გადავწყვიტე, რა უნდა მექნა,  გაოცებული მივაჩერდი კარს.

დავითმა კარის რაზა ისე გადასწია, არაფერი უკითხავს.  როგორც კი კარი გაიღო, ოთახს ჯერ  ნისლის მაგვარი თოვლის  ნათელი მოეფინა, მერე კი ზღურბლს თეთრწვერა, ახოვანმა მოხუცმა გადმოაბიჯა.  შემოვიდა თუ არა, ხმადაბლა თქვა:

-აჰა! ესეც მე!… დავით, ღამე მშვიდობისა!  მოვედი! – გაიღიმა.

-კეთილი იყოს შენი მობრძანება. – დავითს ხმა ჩაეხლიჩა, გაღიმება სცადა. ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, იგი სტუმრის ხუმრობაგარეულ ტონს შიშნარევი ხმით პასუხობდა. – მობრაძანდი ექიმო, მობრძანდი…

ამ კაცს პირველად ვხედავდი. ჩვენებურს არ ჰგავდა. ჩაცმულობაც უცნაური ჰქონდა.

-მე შენთვის ათასჯერ მითქვამს, ექიმს ნუ მეძახი, უბრალოდ, მონა-მორჩილი რომ დამიძახო, საკმარისია…- მან ეს თქვა და გაიცინა, მაგრამ ვიგრძენი, რომ დავითი სტუმარს სერიოზულ ანგარიშს უწევდა. მოხუცი მაგიდასთან არ მოვიდა. ღუმელთან გაჩერდა, სახეზე იგივე ღიმილი დასთამაშებდა. რატომღაც ერთ ხანობას ოთახის ბნელ კუნჭულს მიაჩერდა, შემდეგ წამიერად ჯერ მელიშა, მერე კი მე შემათვალიერა, სიცივიდან პირდაპირ თბილ ოთახში შემოსულს თვალები აუწყლიანდა, ხელის ზურგი თვალებსა  და გამდნარი თოვლისგან დანამულ წვერზე ჩამოისვა და თავი ოდნავშესამჩნევად დაგვიკრა, ანუ მოგვესალმა. მერე კი ჩემკენ გადმოიხარა და საკმაოდ სერიოზული ტონით მითხრა:

– კეთილი იყოს შენი მობრძანება. სამუდამოდ მოხვედი… თუ მეშლება?

დავაპირე, მეპასუხა, ვერაფერი გავიგე-მეთქი, მაგრამ დავითმა დამასწრო:

-კი, ექიმო, თაღი ჩემი ნამდვილი ძმაკაცია. მეც ვფიქრობ, რომ იგი სამუდამოდ მოვიდა… თანაც ძია გურბანშაჰის საყვარელი ვაჟია…

-მოიცა, თქვენს გურბანშაჰზე მეუბნები?

-კი…

-რას მელაპარაკები?! – ვიგრძენი, რომ მართლა გაიოცა. სახეზე ნათელი მოეფინა  და წამით გაებადრა, მერე კი კვლავ ძველი იერი დაუბრუნდა. ამოიოხრა, მომიახლოვდა და სევდიანად მითხრა: – მოდი, ახლოს მოდი, აბა ერთი კარგად შევხედო შენს ჭრილობას.

თავი ცუდად ვიგრძენი. დავითისკენ გავიხედე, ეს მამაცხონებული, ისე გაჯგიმულიყო, გეგონება, ლომი გადაუყლაპავსო, ლენინის მავზელიუმის საპატიო ყარაულის ჯარისკაცივით იდგა ამ კაცის წინაშე, რომელიც ამ შუაღამეზე საიქიოდან გამოცხადებულივით დაგვადგა თავს. მოკლედ, ნირწამხდარი გაქვავებულიყო. თუმცა შიგადაშიგ ჩემსკენ იხედებოდა და თვალებს ახამხამებდა, მერე შიშისა, თუ უხერხულობის გამო მალევე მარიდებდა თვალს. არ ვიცოდი, რა მექნა. ამ დროს თვალი ვკიდე მელიშას, რომელსაც ღუმლის ცეცხლის ათინათი ფერმკრთალ სახეზე დასთამაშებდა. აცრემლებული თვალებით მომჩერებოდა, თანაც ძაგძაგებდა.

მოხუცი, რომელსაც დავითი ექიმს უწოდებდა, მომიახლოვდა, ხელი მზრუნველად ჩამომადო მხარზე.

-დღეიდან შენც შემოგვიერთდი… იცი, რამდენნი ვართ? უკვე სათვალავი ამერია…

გამბედაობა მოვიკრიბე და როგორღაც ვთქვი:

-გათენდება თუ არა, უნდა წავიდე… ბაქოში ვარ წასასვლელი… მანქანა ძალიან დამიზიანდა…

-რა გათენდებაო?… დილა?…

იგი ოდნავ დაიხარა, ჩემს თავზე წაკრული სახვევის ნასკვს მოჰკიდა ხელი, თავისკენ მოქაჩა, თვალებში ჩამხედა და მხრების კანკალით ახითხითდა. შევამჩნიე, რომ ყანყრატოსთან ჩირქოვანი ღრმული ჰქონდა. კაცს ეგონებოდა, ეს ძველი, შეუხორცებელი ჭრილობააო, თითქოს ოდესღაც ყელი შუბით გაეხვრიტათ. ღრმულს გვერდები შეშუპებოდა და ჩალურჯებოდა. იარა საშინლად ყარდა. თავბრუ დამეხვა. მოხუცის  ხელი მსუბუქი მოძრაობით მოვიცილე და ფეხზე წამოვდექი.

ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და ასევე სიცილით მკითხა:

-ესე იგი, დარწმუნებული ხარ, რომ გათენდება? ჰა?

მერე ძალზედ უცნაურად მომაჩერდა. ათასი წელიც რომ ვიცხოვრო, ამ მზერის იდუმალებას ვერ ჩავწვდები, უბრალოდ ძალა არ მეყოფა. მის მზერაში არ იყო არც სიცოცხლის და არც სიკვდილის შანსი… ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მისი თვალები მისრუტავდნენ…  უბრალოდ არა, მოჯადოებულივით მისრუტავდნენ თავიანთ იდუმალ სიღრმეში… არც ცოცხალი ვიყავი და არც მკვდარი; ცოცხალ-მკვდარივით ვიყავიო, რომ ვთქვა, არც ეგ იქნება მართალი… ერთხანს ასე მიყურა, რამდენჯერმე დაახამხამა კიდეც. მერე ხელი თავზე დამადო და მწარედ ჩაიცინა. მისმა ამ სიცილმა ჟრუანტელივით დამიარა ტანში…  შემდეგ კი ხელი მკლავში ჩამკიდა და ნელ-ნელა დაიჩოქა, მეც ჩემდაუნებურად მის ნებას დავყე და ჩავიმუხლე. ერთხანს სდუმდა, მერე კი ერთობ დარდიანად მითხრა:

-ვხედავ… აქედან რომ გიყურებ, შენს ფარულ მხარესაც ვხედავ… გულში რაც გაქვს, ყველაფერს ცხადად ვხედავ… შენში ისეთი რაღაცეებია, რაც შენ თავად არ იცი და არც არასდროს გეცოდინება… საცოდავო… ყველაფერი ხელისგულზე მიდევს… შენ კი აზრზე არა ხარ…

-რას გულისხმობთ – უნებლიედ აღმომხდა.

-აბა მითხარი, იცი, რომ შენი სხეულის უჯრედები სულ ოცდა სამი წყვილი ქრომოსომისგან შედგება? არა… არ იცი… მითხარი, შენივე ოცდა მეერთე ქრომოსომის ანომალიის შესახებ თუ იცი რამე? აბა საიდან უნდა იცოდე?… არა, შენ ესეც არ იცი… შენნაირების ოცდა მეერთე ქრომოსომა ხეიბარია, როგორც ღვთის ოცდა მეერთე საუკუნეა ხეიბარი და უმწეო…გაიგე? არც შენ გაქვს საშველი, არც ოცდა მეერთე საუკუნეს!… შენც გაიტანჯები, ისიც… ერთთავად ჭირ-ვარამში იქნებით!… თქვენ ბედკრულები ხართ!… პატრონმა მიგატოვათ, ოცდა მეერთეებო!…

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17