4.

უკვე ოცდამერვე დღე იყო, რაც გონს მოვედი. თუმცა, გონს მოსვლას თავად ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი. ის, რაც გადამხდა და რასაც მიყვებოდნენ, დაუჯერებელი მეჩვენებოდა. თურმე თექვსმეტი წლის განმავლობაში კომატოზის მდგომარეობაში ვყოფილვარ, სიცოცხლის ნიშანწყალი არ მეტყობოდა თურმე. თექვსმეტი წელიწადი, ერთი თვე და თორმეტი დღე!… დაუჯერებელია და რა ვქნა, ვერ დავიჯერებ! ამ დროის განმავლობაში, რა აღარ მომხდარა ამ ქვეყნად?! დედაჩემი გარდაცვლილა… საბჭოთა კავშირი დაშლილა… ჩვენ ახლა ცალკე სახელმწიფოდ ჩამოვყალიბებულვართ… სომხებს ყარაბაღი დაუპყრიათ… ხანოღლანის ფხიან და მარიფათიან მეგობრებს სარფიანი თანამდებობები დაუკავებიათ. ღმერთმა უშველოთ, თავად ხანოღლანიც მიუწვევიათ რუსეთში და შემოსავლიანი საქმე მიუციათ და უთქვამთ, ნუ გეშინია, მაგარი ბიჭი ხარ და ყველაფერს მოაკვარახჭინებო. და კიდევ უთქვამთ, რომ ქონება და ხელისუფლება ცხვრის დუმასავითაა, სანამ გელოკება ლოკე, მთელი ცხოვრება ფუფუნებაში გაატარე, მაგრამ კბილს ნურაფერს დაასობ, თუ დასე, ყველაფერი უკუღმა დატრიალდება, როგორც იტყვიან, კიტრიც უკუღმა ამოყოფს თავსო… მის ახლო მეგობარს ელჯანს აუხსნია ეს ყველაფერი. ელჯანის მამა საბირ ალიევი თავის დროზე №2 მეყურძნეობის მეურნეობის დირექტორად იყო ნამუშევარი, მამაჩემის ახლობელი იყო, ქონება თავზე გადასდიოდა, რაიონში ავტორიტეტულ კაცთაგანად მოიაზრებოდა.. ელჯანი სიჭაბუკეში ანაშას არ ეწეოდა, მაგრამ მაგარი მსმელი იყო. ხანოღლანთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა, რუსულ სკოლაში თანაკლასელები იყვნენ. ერთმანეთს დროგამოშვებით მოინახულებდნენ ხოლმე. დედისერთა ელჯანის მამის მანქანით ხანოღლანი და ეგ ხშირად ბაქოში დადიოდნენ. მახსოვს, მამამისმა ელჯანი კიროვობადში ინსტიტუტში მოაწყო დაუსწრებელზე. იმავე წელს საბირ ალიევის ხელით მამაჩემმაც ქრთამი მისცა ვისაც ჯერ არს და ხანოღლანიც მოაწყო იმავე სასწავლებელში. დიახ, ახლა სწორედ ის ელჯანი დიდი კაცია და ხანოღლანიც მისი ფრთის ქვეშაა შეყუჟული. გამოცდილი ხანოღლანიც უღალატოდ ემსახურება საერთო საქმეს, თავადაც შეძლებულად ცხოვრობს, ფული თავზე საყრელი აქვს…

ამბობენ, ახლა იმანიც საკმაოდ გამდიდრებულაო: რუსეთში სიტყვა ეთქმისო, ხელი ყველგან მიუწვდებაო, კრემლშიც კი კაცი ჰყავსო…

მობილური ტელეფონები და ვიდეო მაგნიტოფონები, რომელებიც არასოდეს მენახა, ახლა მთელ ქვეყანასაა მოდებული. ახლა ჩვენი ფულიცა გვაქვს, ამერიკული დოლარიც მაგრადაა ფეხმოკიდებული, მოკლედ, მოდაშია… ბაქოში ისეთ სახლებს აშენებენ, რომ კაცმა ბოლო სართულს რომ ახედოს, ქუდი გადაუვარდება… ყველაფერი სიზმარს ჰგავს… ამბობენ, ჩვენში უცხოური მანქანები ისე მომრავლებულან, რომ „ჟიგულის“ ზედაც კი არ უყურებენ… ცხოვრება, რომელსაც მე ვიცნობდი, ყირამალა დამდგარა. ქვეყანა, რომელიც კედელს მიღმაა, ჩემთვის უცხოა და ამოუხსნელია…

ხანოღლანი პირველად რომ მოვიდა სანახავად, ისე ჩამიკრა გულში და ისე ატირდა, თავი ვერ შევიკავე და მეც გულამოსკვნილი ავტირდი. დიდხანს ვისაუბრეთ, გამომშვიდობებისას მითხრა: „არ ინერვიულო, ყველაფერს ვიღონებ, რომ ბოლომდე განიკურნო, ისე გამოგაჯანმრთელებ, რომ უწინდელზე უფრო მაგრად იქნები, კიტრივით დაგაყენებ ფეხზე!“ – მერე კი დაიხარა და ჩამჩურჩულა, – გამოჯანმრთელდი, ფეხზე რომ დადგები, ერთ კარგ სამსახურშიც მოგაწყობ“ ვკითხე: „რა სამსახურში?“ გაიცინა და მომიგო: „მაგარი თანამდებობა გექნება… როგორ აგიხსნა, წარსულში რაიკომის მდივნები რომ იყვნენ, ისე იცხოვრებ… შეიძლება, მაგათზე კარგადაც იცხოვრო, გაიგე? შეფი იქნები, შეფი! დიდი შეფი!…“  თავი გადავაქნიე და გავიცინე, არაფერი ვუთხარი. ისე კი გავიფიქრე: „სად მე და სად ეგეთი თანამდებობა!?“ მერე კი ჩემდა უნებურად თავში ასეთმა აზრმაც გამიელვა: „ ისე კი, კაცმა ეგეთი ცხოვრებაც რომ მოსინჯოს, ცუდი არ იქნება…“

რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, თავს მით უფრო უკეთ ვგრძნობდი, თუმცა ახალი ცხოვრებისა არაფერი გამეგებოდა. ახალ ამბებს ჩემი საყვარელი დაიკო გულსუმი მიამბობდა, რატომღაც ამას ჩურჩულით აკეთებდა. კარგ ამბავზეცა და ცუდზეც უნებურად გული მიჩუყდებოდა და თვალზე ცრემლი მადგებოდა. ახლახანს მირბაბაც მომკვდარა, მაგარი ნასვამი ყოფილა, დაუძინია და აღარ გაუღვიძია. მას შემდეგ რაც დედისერთა ქალიშვილი- ლალი გაუთხოვებია, გულსუმა იმხელა სახლში მარტოკა დარჩენილა. მისი სიძე, ტოფიკაც სიმამრივით რეგვენი გამომდგარა, ლალისთან ერთად რუსეთში გადაბარგებულა, იქ მშენებლობას განაგებსო, ჯერ ჩამოსვლას არ აპირებენო, ათასში ერთხელ დამირეკავენ და მომიკითხავენ ხოლმეო, ეგ არის და ეგ, მეტი არაფერი… კიდევ კარგი, ხანოღლანს მაინც გაუღიმა ბედმა, დიდი ავტორიტეტი აქვს. მადლობა ღმერთს, მაგან გადამარჩინა, დიდი ფულები დაუხარჯავს. გულსუმსაც ეგ მფარველობს. ჯერ უთქვამს: „არ იმუშაო, მე გარჩენ, არფერს მოგაკლებო“. მერე უფიქრია, შინ მოიწყენსო და რაიონში საბავშო ბაღის გამგედ მოუწყვია. გულსუმმა მითხრა, თავის დროზე ხანმუსა პაპა მეტყევედ რომ მუშაობდა, ხანოღლანმა იმ ტყეებში დიდი ვილები აიშენაო. ვკითხე: „ვილა რაა, კაპიტალისტების სახლებივით რომ წამოჭიმავენ ხოლმე, ეგეთი?“ მიპასუხა: „კი, ზუსტად ეგეთი სახლები ააშენა, ერთი თავისთვის, ერთი კიდე ელჯანისათვის.“ ვერ ვიჯერებდი, სად გაგონილა სახელმწიფო ნაკრძალებში სახლების აშენება?! თანაც კაპიტალისტების სახლებივით. ასეთების გაგება მიჭირდა. აბა, პარტია რას აკეთებს, აღარაფერს აკონტროლებს? ჯერ ეგ რა არის, დამ მითხრა სახლების გახსნაზე ხანოღლანის მაგარი მეგობრები ჩამოვიდნენ და სამი დღე-ღამის განმავლობაში ჭამა-სმა არ შეწყვეტილა. რიმამ მითხრაო, კარტიც უთამაშიათ და თურმე სამ დღეში ხანოღლანმა ასი ათასი დოლარი მოიგო… გაოცებისაგან თვალები გადმოვკარკლე. როცა ვკითხე, რიმა ვინღაა-მეთქი? მითხრა: „ხანოღლანის მეორე ცოლია. ებრაელი ქალია. ძირძველი ბაქოელი ებრაელები არიან. ერთობ განათლებული ქალია. მანამდე ერთი ჩამოიყვანა რუსეთიდან, ანაიდა ერქვა, კარგი ხასიათის გოგო იყო, მაგრამ ვერ აეწყვნენ. ხანოღლანი ამბობს, მეტიჩრობდა, შენიშვნას რომ ვაძლევდი, უადგილოდ მეპასუხებოდა ხოლმე… იმავე წელს გაეყარა და გააგდო. მაგან ერთი გოგოც გაუჩინა, ლუბა ჰქვია, ძალზედ საყვარელი ბავშვია. ბავშვიც მისცა და გაისტუმრა, შენ კი კარგად იცი ხანოღლანის ხასიათი… ერთი გოგო კი რიმასგან ჰყავს – როია… შვლის ნუკრი გეგონება… თუმცა ჯერ ძალიან პატარაა…

დედაჩემზე ვკითხე. დედა!… ცრემლს ვერ ვიკავებ, სახის ნაჭებში პატარ-პატარა ნაკადულებს ვგრძნობ… ყელ-კისერი მისველდება… „როგორ მოხდა?… ჩემს შესახებ გაიგო? იცოდა რაც დამემართა?“ – არაფერს მპასუხობს, უხმოდ ტირის. ათრთოლებული ხელებით მეც მწმენდს ცრემლს და თავადაც იმშრალებს თვალებს და ჩურჩულებს: „ კი, თაღი, კი, იცოდა, ვერაფრით დავუმალეთ. დარდს ვერ გაუძლო. როცა გარდაიცვალა, შენ აქ არ იყავი, მაშინ ხანოღლანს ოთხი წლით ყავდი გერმანიაში გაგზავნილი. სულის ამოხდომამდე „თაღი, თაღიო“ გაიძახოდა… ხანოღლანი ეცადა, მაგრამ ვერ გადაარჩინა დედაჩვენი… უშენობაში ღიმილსაც კი გვიკრძალავდა, თავად ხომ ერთთავად მოღუშული იყო…“

მუხიანის ხევის შემაძრწუნებელი გუგუნი განმიახლდა სულში… ყურებში წუილი დამეწყო. თვალწინ დედის ცოცხალი ხატი წარმომიდგა, აღარ მესმოდა, რას მეუბნებოდა გულსუმი.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17