3.

არ ვიცოდი სად ვიმყოფებოდი, მაგრამ თვალი რომ ავახილე, ის რაც პირველად ვიხილე ქათქათა ჭერზე იონის ნათურის სიმშვიდის მომგვრელი რძისფერი შუქი იყო. თვალები კვლავ მიმელულა, მაგრამ ჩემდაუნებურად გავიფიქრე, სინათლე თუ ანთია, ეს იგი, ღამეა, თუ ღამეა, გამოდის, რომ ჯერ არ გათენებულა… თუ არ გათენებულა, მაშინ კვლავ მომიწევს ბრძოლა მოხუცთან, კვლავ უნდა ვუსმინო მელიშას სულელურ შეკითხვებს და კიდევ უნდა ვუყურო მდუმარე დავითს და მივეცე უკიდურეს სასოწარკვეთას. თანაც ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ საწყობად წოდებულ დილეგს, ალბათ, თავს ვერასოდეს დავაღწევ. რადგანაც თუ არ გათენებულა, გამოდის, რომ ის მხეცები ისევ იქ, საწყობის წინ დგანან და ჩემს გარეთ გასვლას ელოდებიან, მათ ხომ ჩემი სისხლის სუნი იგრძნეს და ამიტომ მოჯარდნენ ამ შუაღამეზე… ყველაფერ ამას ერთვოდა მუხიანი ხევის იდუმალი გუგუნი, რომელიც სხეულში ჩუმი ჟრუანტელივით გამჯდომოდა… ყველაფერმა ამან კიდევ უფრო მეტ სასოწარკვეთილებაში ჩამაგდო.

არა, მაინც სად ვიმყოფები?

შევეცადე, კიდევ ერთხელ გამეხილა თვალები. ამჯერად ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ზღვის ფსკერზე ვიყავი, ძლიერი ბიძგი მინდოდა, რომ ზედაპირზე ამოვსულვიყავი… ძალ-ღონე მოვიკრიბე და „წყლის ზედაპირზე“ ამოვტივტივდი და ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე. თვალები ისევ გავახილე და სიმშვიდის მომგვრელი ის სინათლე ვიხილე. ამჯერად თვალები მალე არ დამეხუჭა, რძისფერ შუქს კარგა ხანს ვუყურე. მერე ვიგრძენი, რომ თეთრ ზეწარგადაფარებულ საწოლში ვიწექი…  ისე ვიყავი, თითქოსდა მართლაც ზღვის წყალი ამოვარღვიე და როგორღაც ზედაპირზე ამოვედი. თუმცა აშკარად ვგრძნობდი, ვიღაც ფეხებზე მეკონწიალებოდა და კვლავ ფსკერისაკენ მექაჩებოდა. მე ვუძალიანდებოდი, ვცდილობდი, რაც შეიძლება დიდხანს დავრჩენილიყავი „წყლის ზედაპირზე“… ვფართხალებდი, არ ვნებდებოდი…  საიდანღაც წვეთების ხმა ჩამესმოდა. იონის ნათურის რძისფერი სინათლე ნისლივით ლივლივებდა. ეს ნისლი შეუმჩნევლად ილექებოდა ჩემში, ილექებოდა და მუხიანის ხევის გუგუნს ახშობდა და თანდა-თან მის ადგილს იკავებდა, თანაც სულიერ სიმშვიდეს მიბრუნებდა. მაგრამ, ძალა რომელიც დაბლა, ფსკერისაკენ მექაჩებოდა, თავისას არ იშლიდა. მეც ჯიუტად ვუძალიანდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ წუთებში მარტოობა და მდუმარება სიკვდილივით შემაძრწუნებლია, წვეთების ხმა, რომელიც დროგამოშვებით მესმოდა, ამ მდუმარებას რითმულად არღვევდა: ტუკ…ტუკ…ტუკ… ახლა იონის ნათურას ნისლი მთლიანად ჰგავდა თოვლის იმ ნათელს, რომელიც კარის გაღებისას მოხუცზე უწინ შემოვიდა საწყობში. თუმცა მიუხედავად მათი მსგავსებისა, თოვლის ცივ ნათელთან შედარებით ნათურას თბილი სინათლე სულ სხვა რამ იყო. რა კარგია, რომ ჯერ კიდევ შემწევდა უნარი, ესენი ერთმანეთისგან გამერჩია. სინათლე კი ენთო, ეს იმას ნიშნავდა, რომ ჯერ არ გათენებულა. წვეთების დაცემის ხმა აშკარად მესმოდა – რაც იმის დასტური იყო, რომ რასაც აღვიქვამდი, ყველაფერი ნამდვილად ხდებოდა. ოღონდ ეგ არის, რომ ერთი რამ უნდა დამეზუსტებინა: სად ვიმყოფები? ეს რა სინათლეა? წვეთების ხმა საიდან მესმის? რას ნიშნავს ყველაფერი ის, რაც ჩემს ირგვლივ ხდება?…  ჭკუიდან ხომ არ შევიშალე? როცა ამეებს ვფიქრობდი, უეცრად ერთი უცნაური სიტყვა მომადგა ენაზე, არ ვიცი ეგ სიტყვა სადღაც გამეგო, თუ ამომეკითხა, არც მისი მნიშვნელიბა ვიცოდი, მაგრამ სიტყვა, რომელსაც ჩემს ახლანდელ მდგომარეობასთან არავითარი კავშირი ჰქონდა დაუფიქრებლად ჩავიჩურჩულე: „სკეითბორდი“ სწორედ ამ დროს გამახსენდა ჯემალა, რომელსაც ჩემი ორწლიანი სტუდენტობის დროს ვემეგობრებოდი. კი… ჯემალა… ჯემალა კარგი მეგობარი… კვლავ ჩავიჩურჩულე: „სკეითბორდი“… და კვლავ ჯემალი ამოტივტივდა ჩემს ბურუსიან მეხსიერებაში.

ჯემალს მაშინ დავუმეგობრდი, როცა უნივერსიტეტში მოვეწყე.  მიუხედავად იმისა, რომ ბაქოში საკმაოდ შეძლებული ბიძა მყავდა, მე ჯემალთან ერთად „სოვეტსკად“ წოდებულ უბანში პატარა ოთახს ვქირაობდი, ოთახი ისეთი ვიწრო ოყო, რომ ორი თაგვი ერთმანეთს გვერდს ვერ აუქცევდა. მახსოვს, თებერვლის ქარბუქიანი დღე იყო, შუაღამეზე გამომეღვიძა და რას ვხედავ, ჯემალი ლოგინში წამომჯდარა და ტირის. ჩავაცივდი, მაგრამ ტირილის მიზეზი არ მითხრა. რამდენიმე დღემ ჩაიარა. ვერ მოვისვენე და კვლავ ვკითხე, რა გატირებდა-მეთქი. ვიფიქრე, ეგებ ფული შემოელია და იმიტომ წუხდა, თუ ეგრეა, თავად მოვიკლებ და ამას რაღაცას გავუხერხებ-მეთქი… მიპასუხა, „იმ დღეს მამაჩემის გარდაცვალების დღე იყო. – მერე ამოიოხრა და დაამატა: მამაჩემი ერთობ უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა… მისი ეგეთი სიკვდილის ამბავი დღემდე სუყველას გვტანჯავს…“ მეტი არაფერი ვკითხე, „ღმერთმა მათელში ამყოფოს“-თქო ვუთხარი და გავჩუმდი. მაგრამ გულში ჩამრჩა, „მამაჩემი ერთობ უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა…“-ო, რომ მითხრა, ნეტავ  რას გულისხმობდა? მაგრამ ამ თემაზე ლაპარაკს არ ვაპირებდი. ვფიქრობდი, უხერხული იქნებოდა. კარგა ხანმა რომ გაიარა, თავად ჩამოაგდო სიტყვა. მამამისს ცხოვრების გრძელი გზა გაევლო, თავის დროზე რიგითი მწყემსი ყოფილა და ბოლოს კოლმეურნეობის თავმჯდომარე გამხდარა. მას მერე, რაც თავმჯდომარედ აურჩევიათ, რაიკომის მდივანს „გაუძარცვავს“, ასობით ცხვარ-ბატკანი გაუყიდინებია და ფული  მიუტანინებია. თუმცა ხარბ მდივანს უფრო მეტად აღძვრია მადა. მამაჩემს მუშაობის საშუალებას არ აძლევდაო, გამუდმებით ფულს სთხოვდა. თურმე, საწყალმა ნამწყემსარმა აღარ იცოდა, რა ექნა. სისუსტე გამოუჩენია, მისულა მდივანთან და უთქვამს, დაკისრებულ მოვალეობას თავს ვეღარ ვართმევ და თანამდებობიდან უნდა წავიდეო. მდივანს ჩაუცინია და კარგიო, მიუგია. ბეჩავი სულ რაღაც სმაოცდა თორმეტი დღე ყოფილა თავმჯდომარედ, როგორც ჯემალა იტყდა ხოლმე, პარიზის კომუნასავით ერთობ დღემოკლე ყოფილა მისი თავმჯდომარეობა. მაგასა ჰგონებია, სამსახურიდან თუ წავალ, ყველაფერი კარგად იქნებაო… თუმცა, როგორც კი დაკავებული თანამდებობიდან გაუთავისუფლებიათ, კოლმეურნეობაში კომისია გაუგზავნიათ, ყოფილი თავმჯდომარის საქმიანობა შეუმოწმებიათ და დაუპატიმრებიათ. ყველაფერი რომ წაურთმევიათ, მერე რაიონულ პოლიციის განყოფილებაში უთქვამთ, ვიცით, რომ საკმაოდ ოქრო გაქვს გადამალული, მოიტანე, ჩაგვაბარე და გაგათავისუფლებთო. როცა უთქვამს – „არა მაქვსო“ – ისე მიუჟეჟიათ, რომ საწყალს გონება დაუკარგავს. მაგრამ ბოლომდე თავისაზე მდგარა – „ოქრო არა მაქვსო“ მაშინ უფროსს უთქვამს, „რახან ასეა, წადით და მისი ცოლიც მოიყვანეთ განყოფილებაშიო“.  ეს რომ გაუგია, ჯემალას მამა  ლამის გაგიჟებულა, ჰგონებია, მის მეუღლეს მართლა მიუყვანდნენ განყოფილებაში. უბედური საგიჟეთში გაუმწესებიათ და ერთი წლის განმავლობაში იქ ჰყოლიათ გამოკეტილი. მერე კი გამოუშვიათ. შინ დაბრუნებული ყველას ცნობდა თურმე, მაგრამ ვერ ლაპარაკობდა.  მერე მალევე გარდაცვლილა. სიკვდილის წინ, ენა ამოუდგამს და ეს ორი სიტყვა უთქვამს : „ეშმაკი ტყეშია…“ მეტი არაფერი. თურმე ათი დღის განმავლობაში მხოლოდ ამ ფრაზას იმეორებდა, ვისაც დაინახავდა,  სლუკუნ-სლუკუნით მივარდებოდა და ამ ას უმეორებდა, მეტს არაფერს. ახლობელი თუ შორებელი ყველა გაოცებული ყოფილა.  რა ტყე? რომელი ტყე? მათი სოფელი ბარში, უდაბნოსავით ხრიოკ ადგილას მდებარეობდა, ახლოში ტყე არსად ყოფილა და ამას ტყე საიდან გაახსენდა, ან ენაზე საიდან მოადგა ეშმაკი, რომელიც სადღაც ტყეში ბინადრობსო? საწყალს ბოლო წუთებშიც  ეს უთქვამს  და სული განუტევებია… ჯემალს ყველაზე მეტად ის სტანჯავდა, რომ მამამისი სიცოცხლეში ისეთი კაცი ყოფილა, რომ ეშმაკი და ქაჯი მისთვის არ არსებულა, მითუმეტეს, რომ არც ტყე უნახავს როდესმე… მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე კოლმეურნეობის ცხვრის ფარას მწყემსავდა ნახევრად ხრიოკ მინდვრებზე და სიცოცხლის ბოლოს მაინც და მაინც ტყეში მობინადრე ეშმაკი საიდან გაახსენდა, კაცმა არ იცის.

და აი ახლა სიტყვა „სკეითბორდი“, რომელიც ენაზე მეკერა და ჩემდა უნებლიედ ჩურჩულით ვიმეორებდი, რაღაცით ჯემალის მამის იმ უკანასკნელ ფრაზას მაგონებდა. როგორც ჩანს, ჩემი ძველი მეგობარიც სწორედ ამიტომ გამახსენდა… ნეტავ რას ნიშნავდა სიტყვა „სკეითბორდი?“ აზრზე არ ვიყავი. თავს ვიმტვრევდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა.

ჭერს ვხედავდი, ნათურა კვლავინდებურად ენთო. ერთი პირობა დავაპირე, დამეძახა: „სად ვარ? არის ვინმე აქ?“ ამის მაგიერ კვლავ წავიჩურჩულე: „სკეითბორდი“… „სკეითბორდი“… კიდევ კარგი, არ დავიყვირე. მერე გავიფიქრე, ნეტავ ეს ჩურჩული ჩემს გარდა ვინმეს თუ ესმის? მაგრამ ამ დროს მთელი ჩემი ტკივილებით კვლავ „ფსკერისაკენ“ დავეშვი და აზრი გამეფანტა. ფართხალი დავიწყე, მაგრამ არაფერი გამომივიდა, სიღრმემ ჩამისრუტა… წვეთების ხმა, რომელიც წეღან ჩამესმოდა, ახლა მჭედლის უროს ხმად ქცეულიყო. ყოველი წვეთი ისე ეცემოდა, თითქოს გრდემლს უროს ურტყამენო… ხელებს ვამოძრავებდი, თუ რამეს ვახერხებდი, მხოლოდ ხელების მეშვეობით. ისე ვიყავი, როგორც ჩიტი, რომელმაც ფეხი კაკანათში გაყო, ვფართხალებდი, მაგრამ უშედეგოდ, კვლავ „ფსკერისკენ“ მივექანებოდი. ძალა, რომელიც ქვემოთ მექაჩებოდა, დაუნდობელი იყო, მის კლანჭებს თავს ვერ ვაღწევდი, ძალისხმევა უნაყოფო იყო, ვიხრჩობოდი. მერე საშინელი დარტყმის ხმა მომესმა და მგონი ამით ყველაფერი დამთავრდა…

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17