* * *
ბაქოს განაპირა უბანში ვცხოვრობ. ამ რაიონს ადრე რაზინის დასახლებას ეძახდნენ. უწინ აქ ყოველწლიურად „მაისობა“ ტარდებოდა. აქაურობას ადრინდელი იერსახის არაფერი შერჩენია. ყველგან ვილებია წამომართული. ორი მოსამსახურე მყავს. შუახნის ცოლ-ქმარია. განათლებულ ხალხს ჰგვანან. ადრე მერიდებოდა მათი დასაქმება, მერე კი ნელ-ნელა მივეჩვიე. სახლში ყველა საქმეს ეგენი აკეთებენ. კაცი ეზო-კარს უვლის, ქალი კი საშინაო საქმეებითაა დაკავებული. ეზოში ხანოღლანის აღქმული ტაოტიანი მანქანა დგას. გასარები მომცა და მითხრა იკაიფეო. მე ასეთი მანქანები ადრე მხოლოდ კინოში მენახა. რაიონი და მამული მენატრება. ვერაფრით ვეგუები ამ ვილას, თავს სტუმარივით ვგრძნობ. მგონია, ყურადღებით თუ არ ვიქნები, რაღაც შემეშლება. ფეხისადგილიდან დაწყებული საწოლი ოთახით გათავებული ყველაფერი თანამედროვეა ამ სასახლეში, ვერაფრით მოვერგე ამ უცხო გარემოს. რომ არა გულსუმი და ხანოღლანი, რომელიც დროგამოშვებით შემივლიან ხოლმე, ალბათ, გავგიჟდებოდი. არაფერი მიზიდავს, არც მობილური ტელეფონი, არც პლაზმური ტელევიზორი და არც ვიდეო-პლეარი… მგონია, ეს ყველაფერი დიდი ხნის მოყირჭებული მაქვს.
…ყველაფერი ნელ-ნელა დალაგდა. სახლსაც რაღაცნაირად შევეგუე. დროგამოშვებით ქალაქშიც გავდიოდი. მანქანით დავდიოდი, მაგრამ შორს არა. ბოლო დროს ერთ კაფეს მივეჩვიე, უცნაური სახელი – „დემონუსი“ – ერქვა. თავიდანვე მომეწონა იქაურობა. ამ პატარა კაფეში კაცის ჭაჭანება არ იყო, აქაურობა კაფეზე უფრო მეტად ბარს წააგავდა. პირველად ლუდის დასალევად რომ შევედი, ორმოციოდე წლის ოფიციანტი ქალბატონი ხელის ჩამორთმევით მომესალმა და ვნებიანად გამიღიმა, ცოტა ცივად რომ არ მოვქცეულვიყავი, ყელზეც კი ჩამომეკონწიალებოდა. მერე იმავე ხნის მამაკაცი გამოვიდა და ძველი ნაცნობებივით ხელი მხარზე ჩამომადო და მითხრა: „როგორ ხარ ძმაო, კეთილი იყოს შენი მობრძანება. მოდი, სადაც გაგეხარდება, იქ დაბრძანდი“. ისე თბილად მომეპყრნენ, რომ ენით ვერ აღწერ. ვიფიქრე, ალბათ ხანოღლანს იცნობენ და იმიტომ მცემენ პატივს-მეთქი. თუმცა მომდევნო დღეებში ისეთი რაღაცეები მოხდა, რომ მივხვდი, ვცდები.
…იმ კაცს სახეზე მოლურჯო ჭრილობა რომ შევამჩნიე, ტუჩზე ვიკბინე. მე მას ვიცნობდი. უფრო სწორად სადღაც მენახა. ამაში ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული.
მას შემდეგ, რაც გულსუმუ რაიონში გავუშვი, ამ კაფეში ხშირად დავიარებოდი. ესენიც ისე მიღიმოდნენ, გეგონება, ჩემს შესახებ რაღაც იცოდნენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ მიმხელდნენ, მხოლოდ ღიმილით მიმანიშნებდნენ.
ერთ დღეს ლუდის კათხა მაგიდაზე ახალი დადებული მქონდა, როცა ის კაცი მომიახლოვდა, სკამი გამოსწია, დაჯდა, გამიღიმა და მითხრა:
-რაო, ძმაო, ხომ არ მოიწყინე? ხომ არ იცი, დუნიამალი ექიმის ბუზი გაცოცხლდა?…
მეგონა, დენმა დამარტყა-მეთქი. ვერ გავიგე ლუდით სავსე კათხა როდის გამივარდა ხელიდან. მან კი ვითომც არაფერიო, მაგიდა გადაწმინდა და განაგრძო. მის სიტყვებს ვეღარ ვაცნობიერედი, ხითხითებდა და გაუთავებლად ლაპარაკობდა. ჩასმულ სპილენძის კბილებში სილურჯე შეჰპარვოდა. მე მას ვეღარ ვუსმენდი, მთელი ყურადღება მის კბილებზე მქონდა გადატანილი. უცებ გავიხსენე კაცი, რომელიც დაონის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ბოლო შეკრებაზე ჩემგან სამიოდ ნაბიჯში იდგა. ეს ის კაცი იყო. მაშინ გვერდით მდგომს ეუბნებოდა: „ნათლიმამავ, დადგა ჩვენი აღსასრული, დადგა…“ მერე კი შიში რომ დაეფარა, უაზროდ იღიმებოდა. მთვარის შუქი ჩაჟანგულ სპილენძის კბილებზე ეცემოდა და შავდებოდა. მე კი ვუყურებდი და ის შუქი მენანებოდა. ქალი, რომელიც მის უკან იდგა, რაღაცას ეჩურჩულებოდა, მერე კი ორივენი თავჩაქინდრულნი სდუმდნენ. ის ქალი კი ეს ტკბილადმომღიმარი ოფიციანტი გახლდათ! ნათლიმამა კი პასუხობდა, „ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, თუ არა გჯერა, გივის ჰკითხეო“. თავადვე დააყოლებდა ხოლმე: „ეგრე არ არის, კაცო?!“ ის კი მხრებს იჩეჩავდა და ჰპასუხობდა: „არ ვიცი, თაღის ეცოდინება“. ისიც მახსოვს, რომ მათი ეს გადაჩურჩულებანი დაონს არ გამოჰპარვია. მან სწორედ ეგ ნათლიმამა აფრესა გამოიძახა და დაკითხვა მოუწყო. ბოლოს ნათლიმამას მოლა მუხთარზე მიუთითა და ჰკითხა:
-აბა მითხარი, შენმა მღვდელმა მეტი იცის, თუ ამ მოლამ?
-დოქტორჯან ცავატანემ, რა თქმა უნდა, მღვდელმა უფრო მეტი იცის.
-რა იცის მაგ შენმა მღვდელმა?
-ჩემმა მღვდელმა ბევრი რამ იცის, ახპერჯან… მაგალითად ის ყოველთვის იტყვის ხოლმე: „დღეს ავდარი, ხვალ დარია…“
-მიქარავს ეგ შენი მღვდელი. მორჩა ავდარი, მაშ რატომ არ გამოიდარა? შე უბედურო, დაიმახსოვრე, იმისათვის რომ გამოიდაროს და მზე ამობრწყინდეს, აფერისტობა და მამაძაღლობა კი არა, სიყვარულია საჭირო, სიყვარული… სიყვარული კი არც შენს მღვდელს გააჩნია და არც ამ მოლას. ამიტომაც ხართ ასეთ დღეში… კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანის ქორომოსომებს შორის მხოლოდ ერთადერთია, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია, იგი 21-ე ქრომოსომაა. მისი ანომალიით გამოწვეული ტრისომია კი შიზოფრენიაა და მეტი არაფერი. ამის ნიშნები კი ყველას გაქვთ! ამიტომაც საშინელება მოგელით ყველას. 21-ე საუკუნისა და 21-ე ქრომოსომის დამთხვევა ამისი მიმანიშნებელია. თქვენ ხვდებით რას ნიშნავს ეს?! ეს საუკუნე ყველა დროის 21-ე ქრომოსომაა! ამიტომაც უსაზღვრო იქნება მისი ანომალია!…
აქაოდა ეს ყველაფერი მე არ მეხებაო, მოლამ მხრები აიჩეჩა. აფრესა ნათლიამ კი კეფა მოიფხანა და თქვა:
-მე მაგდენს ვერ ვხვდები. აბა, მეჩექმემ საიდან უნდა იცოდეს ეგეთებიო? მაგ სიტყვებიდან მარტო „ხრომი“ მეცნო. დრო იყო, როცა ხალხი ხრომის ჩექმებს იცვამდა. ახლა არავინ იცის ეგ რას ნიშნავს…
… ჩემი მასპინძელი ჯერაც მაგიდაზე დაღვრილ ლუდს წმენდდა და ხით-ხითით იმეორებდა:
-საინტერესოა, მართლა თუ გაცოცხლდა ეგ ბუზი?…
მანქანაში როგორ ჩავჯექი და შინ როგორ მოვედი, არ მახსოვს. იმ დღეს შინამოსამსახერეების უწყინარი ღიმილიც კი ჩემში ეჭვს ბადებდა. ოთახში ჩავიკეტე, ლოგინში შევძვერი და თვალები მაგრად დავხუჭე, შევეცადე, გავიხსენებინა, ეს ცოლ-ქმარიც თუ იყო იქ.
მგონი, ეგენიც იქ იყვნენ. დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, მაგრამ, მგონი, იყვნენ.
მეორე დღეს ალი მოვიდა. შექის ხალვა მომიტანა. ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ დუნიამალი არ უხსენებია, ჩანს, მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. დღეს ჩემი შვილიშვილის დაბადების დღეაო, ალი მალე დამემშვიდობა. შევკრთი, ალის შვილიშვილი ჰყოლია. მე კი ჯერაც არ დავოჯახებულვარ… ალის მოტანილი გაზეთები გადავათვალიერე. მაგრამ წაკითხვის თავი არ მქონდა.
…თურმე უკვე დავბერებულვართ!
საღამოობით ეზოში პატარა შადრევანთან ვიჯექი და ვფიქრობდი, მაგრამ ვერაფერი გამეგო, ყველაფერი ბურუსით იყო მოცული. მინდოდა რაიონში დავბრუნებულვიყავი, მაგრამ ხანოღლანის ნებართვის გარეშე ვერ ვბედავდი, არ მინდოდა გამენაწყენებინა.
ერთ საღამოს კვლავ შადრევანთან ვიჯექი. შინამოსამსახურე ჰაშიმა ყვავილებს რწყავდა. საღამოს სიგრილის მიუხედავად, გაოფლიანებული ჩანდა.
-რა მოგივიდა, ჰაშიმ, ავად ხომ არა ხარ? ოფლში ხარ გაწურული…
-მას შემდეგ ერთთავად ავად ვარ…
-რის შემდეგ? რას გულისხმობ?
-შენ რომ გულაღმა დავარდი, მას შემდეგ…
ვერაფერი გავიგე. მე სად დავვარდი გულაღმა? შემაჟრჟოლა. წამოვდექი და სახლისკენ გავემართე. წასვლისას ჩემთვის ჩავილაპარაკე:
-სად დავვარდი გულაღმა?
-დუნიამალი ექიმის მისაღებში…
მუხიანის ხევის გუგუნი მომესმა.
სახლისკენ გავიქეცი… მაგრამ ხუთიოდ ნაბიჯიც ვერ გადავდგი…