* * *

 

აი შენ კი რა გითხრა, ექიმო!…

მდინარე არ დაგშრობოდეს და მერანი არ წაგბორძიკებოდეს!…

არ წაგბორძიკებოდეს, ექიმო, არ წაგბორძიკებოდეს! რომ წაგიბორძიკდეს, ვაი თუ კვლავ წაიქცე, ვაითუ ყანყრატოში კიდევ ერთი ჭრილობა გაგიჩნდეს. ეგრე რომ მოხდეს, მყრალი სუნი, რომელსაც ქვეყანა ისედაც მოუცავს, გაორმაგდება, მაშინ ვინ იცის, ვინ საით გადაიკარგება…

ოი, შენ კი რა გითხრა, მონა-მორჩილო! ეს რა ამბავი დაგვაწიე!

ქვეყნიერების მიმართ საწყევარი არაფერი მაქვს. აი, ჩემი თავი კი დამილოცნია… ეს, შეიძლება ვიღაცეებმა წყავლად და შეჩვენებადაც კი აღიქვან. აი ესეც: ფერფლს გილოცავ, ჩემო თავო, სიყვარულის ფერფლს გილოცავ! გილოცავ ხეიბრობას, რომელიც ოცდამეერთე ქრომოსომაშია მიმალული! გილოცავ ოცდამეერთე საუკუნეს, რომლის ანომალიაც ბრძენს გააგიჟებს და კედელზე გაიყვანს! ყინულდამზრალ ცისკარს გილოცავ!…

…მანქანის საჭე ხელებში შემითამაშდა. ვიგრძენი, რომ სიხარულისგან თითები ამიკანკალდა. შავტუხა მცველი მკლავში ჩამაფრინდა და ცივად მიბრძანა, მანქანა გზისპირას გადააყენეო.

-შენ აქეთ გადმოჯექი, საჭეს მე ვმართავ…

ადგილები შევიცვალეთ. ჩემდა უნებურად ბეჭზე მივუტყაპუნე. უაზრო სახით შემომხედა. მე კი გავუღიმე და ჩავილაპარაკე:

-ჩანს, კარგი ბიჭი ხარ, ყოველთვის ასეთი ყურადღებიანი იყავი! შავი სათვალეები გაიკეთე, თორემ მზე თვალებს მოგჭრის… ნახე როგორ ამობრწყინდა…

სეხეზე შევამჩნიე, ამას მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. წინ გაიხედა და მანქანა ადგილიდან სწრაფად დაძრა…  თანაც ჩაიბურტყუნა: „უბედური…“ შეიძლება, არც არაფერი უთქვამს, უბრალოდ მე ასე მომესმა…

მოვიწყინე. შევტრიალდი და ჰაშიმას მუხლზე ხელი დავკარი. იგი შეკრთა და სწრაფად მკითხა:

-რა გნებავთ, ბატონო? მოხდა რამე?

ხელები მოვიფშვნიტე და სიცილით მივუგე:

-მოხდა… მოხდა!… ვერა ხედავ გათენდა!? გაიღვიძე, ნუღა გძინავს!…

მართლაც, მზიანი დილა გათენდა. ჰაშიმამ მძინარე თვალები მოიფშვნიტა და ახლად ამობრწყინებულ მზეს გახედა. მერე მხრები აიჩეჩა და ჩვეულებისამებრ ცხვირსახოცი ამოიღო, აწყლიანებული თვალები მომიმშრალა და როგორც ყოველთვის მითხრა: „ნუ ტირი, მოთმინება იქონიე…“

ამაზე გამეცინა და ახლა მეორე მუხლზე მოვუტყაპუნე.

გაიღიმა, ხელი თმაზე გადამისვა და დასძინა:

-ბატონო გადაიბერტყე, თავზე ფერფლი გაყრია…

მანქანის სარკეში ჩავიხედე. ვერაფრით გავარკვიე, ჭაღარა გამრეოდა, თუ მართლა ფერფლი მეყარა. მგონი, მართლაც, ფერფლი იყო…

        აზერბაიჯანულიდან თარგმნა  

                                                                  იმირ მამედლიმ

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17