მან კვლავ წყალი მოსვა. მერე კვლავ შეათვალიერა, რამდენი დარჩაო, შემდეგ კი ისევ მხცოვან აშუღს მიუბრუნდა:

-ჰა, რას გაჩუმებულხარ? მითხარი, როგორ მოიქცეოდი?

აშიგ ალჯანი კვლავ ცახცახებდა, თავს ვერაფრით ერეოდა, გეგონება ეს ის ცნობილი შემსრულებელი არ იყო, რომელიც ყველას ხიბლავდა. იგი შემოტრიალდა და ხალხს თვალი მოავლო, მერე კი დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით ხმის კანკალით ამოილუღლუღა:

-შემოგევლე, ექიმო… იმ უკუნეთში ერთადერთი იმედი წეროთა გუნდის ნათებაა, შემოგევლე, წეროთა გუნდისათვის ანთებული შუქურაა… ალბათ ვინმე ღვთისმოსავი გამოჩნდება და ქვემოთ იმ შუქურას ამინთებს… ალბათ გამოჩნდება… რატომაც არ გამოჩნდება… ქვეყნად კეთილ ადამიანებს რა გამოლევს, შმოგევლე… კი, ეგრე დავაღწევ თავს მაგ წყვდიადს…

-კაცმა იმ შუქურას მცხუნვარებაში უნდა მოგხრაკოს, როგორი უტვინო მომღერალიც ხარ, ეგეთადვე დარჩები, უყურე ამას დრო და ჟამიც კი არევია… მიდი, დაბრუნდი შენს ადგილას!…

თითქოს მუხიანის ხევის შემზარავმა გუგუნმა იმატა. ხალხს თვალი მოვატარე, ვცადე, ხანოღლანი და გულსუმი მომეძებნა. ისინი საკმაოდ შორს იყვნენ, ბინდ-ბუნდში ვერც გავარჩიე. რაც შეეხება ძია აქიფს, მაგისი ნახვაც კი არ მინდოდა. რატომღაც მეგონა, რომ  ჩემი გონს მოსვლა არ უხაროდა. პირველად რომ მინახულა, ასე მითხრა, საწყალი ჩემი და შენმა დარდმა გადაიყოლა. სჯობდა ეს არ  ეთქვა და გულში დანა გაეყარა. მაგრამ ჯაჰანგირი მალ-მალე მნახულობდა, მეუღლეც და თავისი პატარა ბიჭუნაც ახლდა ხოლმე. ერთხელ ვკითხე, თქვენი ბიჭი ჯერაც დააქროლებს სკეითბორდს? გაიცინა და მომიგო, ეგ საიდან გახსოვსო? აღარ ვუთხარი, რომ როცა უგონოდ ვიყავი, სწორედ მაგ სიტყვას ვბოდავდი… ჯაჰანგირმა ბევრი რამ ამიხსნა; მითხრა რომ ხანოღლანი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, მაგარი „კრუგი“ აქვსო. მარტო ბიზნესმენები კი არა, ყველანი პატივს სცემენო. მაგრამ ბიძა თვალით დასანახავად ეჯავრებაო. მიუხედავად იმისა, რომ სანათესაოში ყვალაზე მხცოვანია, მაინც არაფრად აგდებსო.

მე მესმოდა ხანოღლანის.

-შენ, თუ არ შეწუხდები, მოდი აქ…

მოხუცმა ვიღაცას მოუხმო, გავიხედე, მაგრამ ვინ იყო, ვერ დავინახე. მწკრივისკენ რომ შემოტრიალდა, მაშინღა მივხვდი, რომ ეს მოლა მუხთარა იყო. იგი იმათგანი გახლდათ, ორმოცდარვაში სამხრეთიდან რომ გადმოსახლდნენ. რაიონში მოლაც ეგ იყო და მიცვალებულების გამპატიოსნებელიც. დიდი ხნის განმავლობაში ხალხი მაგას ღვთისმოსავ კაცად თვლიდა. მაგრამ ბოლომდე ვერ დამალა თავისი ჭეშმარიტი სახე. თურმე რომელიღაც სოფელში მიცვალებულს რომ ჰბანდა, ჭირისუფალმა მაშინ შეუსწრო, როცა ცხონებულს ოქროს კბილებს აძრობდა. იმასაც ამბობდნენ, იქაურებმა მაგრად სცემეს და გამოაგდესო. ისე უცემიათ, რომ კარგა ხანს ლოგინადაც კი ჩავარდნილა… მერე არც მოლად იწვევდნენ და გამპატიოსნებლად. ამიტომაც ჩაკეტილა თავის მიწურში და დარჩენილი ცხოვრება მონანიებასა და ლოცვაში გაუტარებია.

-კაცო, შენ მორწმუნე ხარ, ხომ?

-კი, ექიმო…

-რახან ეგრეა, დავუშვათ უდაბნოში მიდიხარ, უცებ ადამიანის ჩონჩხს გადააწყდი. როგორც ღვთისმოსავი გულგრილად ვერ ჩაუვლი. გინდა დამარხო. საფლავს უთხრი, მაგრამ არ იცი, ეს ჩონჩხი ვის ეკუთნის, მუსლიმანს, თუ ქრისტიანს? არ იცი, როგორ მოიქცე, მუსლიმანური წესით მარჯვენა გვერდზე გადაბრუნებული დამარხო, თუ ქრისტიანულად – გულაღმა? მითხარი, როგორ მოიქცეოდი? ჰა?…

მოლა მუხთარი მართლა შემეცოდა, საწყალი მოიბუზა და თვალსა და ხელს შუა დაპატარავდა. არ იცოდა, რა ეპასუხნა. არადა, რა უნდა ეთქვა? ძალზედ რთული შეკითხვა იყო. აბა, როგორ უნდა გაერკვია, ეგ მუსლიმანის ჩონჩხი იყო, თუ ქრისტიანის?…

მე წინა რიგში ვიდექი და ყველაფერი კარგად მესმოდა. თანაც შიგადა-შიგ აფთრებისკენ ვიყურებოდი, რომლებსაც მსხვერპლის მოლოდინში ნერწყვი სდიოდათ. მოლა მუხთარი ისე იდგა, თითქოს შეკითხვა არც კი ახსოვდა, ნირწამხდარი იყურებოდა აფთრებისაკენ, კაცი ვერ გაიგებდა, რას ფიქრობდა…

დრო გადიოდა, მუხთარი კი სდუმდა. მოხუცი მასთან მივიდა, ხელი მხარზე დაადო და ოდნავ გაღიმებულმა უთხრა:

-ახლა რასაც გეტყვი, კარგად დაიმახსოვრე… გამოგადგება… ჯერ ეს მითხარი, სადაური ხარ?

-სარაბელი ვარ…

-სამხრეთიდან ხარ?

-კი.

-ალბათ განათლებულიც ხარ.

-კი, ვსწავლობდი…

-მაშინ მომისმინე. თუ გინდა, გაიგო, რომ ის ჩონჩხი მუსლიმანისაა, თუ ქრისტიანის, მისი რომელიმე ძვალი, ვთქვათ ხერხემალი უნდა გადატეხო  და ყურადღებით დააკვირდე, თუ ძვალს, თუნდაც ნემსის წვრისოდენა სიყვითლე შეჰპარვია, იცოდე, რომ ეგ ჩონჩხი მუსლიმანს ეკუთვნის, თუ არ და, ანუ ძვალი თუ თეთრია, ქრისტიანის, ან სხვა რომელიმე რელიგიის მიმდევრის ჩონჩხია, იცოდე. რატომ? საქმე იმაშია, რომ თუ ადამიანი მთელი ცხოვრება დათრგუნულად ცხოვრობს, თუ მას ყველაფერი ეკრძალება და ერთთავად შიშის ქვეშაა და ყალბ მორალს ექვემდებარება, მაშინ მას ძვალში უთუოდ სიყვითლე ეპარება.  გაიგე? ახლა კი წადი, აღსაკალო, და იცოდე, უდაბნოში თუ ჩონჩხი შეგხვდა, აუცილებლაბ დამარხე, მითუმეტეს, რომ მისი რწმენის გარჩევის გზა გასწავლე. წადი და იქ დადექი, სადაც წეღან იდექი. ჰა მიდი, რას უდგეხარ!…

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17