რა ქრომოსომა? რისი ქრომოსომა? რა ოცდა მეერთე საუკუნე? ეს რეებს მიედ-მოედება, ღმერთო? ისევ გამაჟრჟოლა. ჩაჩოქილს კანკალი ამიტყდა… ეს ისეთ რაღაცეებზე მელაპარაკება, რაც ყველაზე მაგრა მეჯავრება – ქიმია, ანატომია და ეგეთები საჩემო საქმე არაა.

გეგონება, წვეთი არ დამელია. არ ვიცი შიშის გამო, თუ სხვა რამ მიზეზით, მთლად გამოვფხიზლდი. მაგრამ დამუნჯებულივით ვიყავი. ამ უცნაურ მოხუცს ვერაფერს ვეუბნებოდი. ერთადერთი გამოსავალი გაქცევა იყო. როგორმე უნდა გავიქცე და თავს ვუშველო… არ ვიცი, როგორ განვთავისუფლდი მისი ხმისა და სიტყვის ჯადოსაგან, ერთი კია, წამოვარდი და კარს ვეცი…

-არ წახვიდე!!!- მელიშამ დაიკივლა.

მაგრამ ახლა ტანკიც ვერ შემაჩერებდა. რაზა გადავწიე, კარი გამოვაღე და ცივ ღამეს შევერიე. ზურგს მოხუცის მწარე ხითხითი მისუსხავდა…

დავითი ხმას არ იღებდა. მელიშა კი ტიროდა…

გარეთ როგორი სისწრაფითაც გავვარდი, ისე სწრაფადვე შევჩერდი, ადგილზე გავშეშდი. ნაბიჯი ვერ გადავდგი. მუხლამდე თოვლში ვიყავი ჩაფლული. ყველა მხრიდან ავად მოელვარე თვალები მომჩერებოდნენ. ეს შეიძლება ცოფიანი ძაღლების ხროვა იყო, მგლის ხროვაც შეიძლება ყოფილიყო. გაავებულ აფთრებსაც ჰგავდნენ. ასე ისხდნენ თოვლში და თვალებით მბურღავდნენ. მაგრამ მე ახლა უკიდურესად უძლური ვიყავი და არ შემეძლო გამერჩია,  რა ხროვა იყო. მერე შემზარავი ღრენის ხმა მომესმა. მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე: „უფალო, მიშველე!…“  და კიდევ ვიგრძენი ზურგიდან ხელი მწვდა მკლავში და ოთახში, ანუ მუზეუმის იმ ვიწრო საწყობში შემათრია. ეს დავითი იყო. შევტრიალდი და სახეში შევხედე. ისე მომიგო, თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარიყოს:

-გვიანია… შემოდი შიგნით…

კართან ჩავიჩოქე და თავი ხელებში ჩავრგე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გაოგნებულს სისხლი გამიშრა, იმ წუთში ჩემთვის თავში ტყვია რომ დაეხალათ, წვეთი სისხლი არ გამოვიდოდა. დავითმა კარი გადარაზა. მოხუცი სდუმდა, თუმცა ვგრძნობდი, ჩემი დაბრუნება უხაროდა. რამდენჯერმე ჩაახველა კიდეც, თითქოს მანიშნებდა, ჯერ კიდევ აქა ვარო.

ახლა მე ვიყავი არა საფოსტო ყუთში ჩაგდებული ბარათი, არამედ ობობას ქსელში გახვეული ქინქლა, ან აკლდამაში გამოკეტილი მიცვალებული…  სინამდვილეში მიცვალებულიც აღარ მეთქმოდა… გეგონება, ის , რომ აქ მოვხვდი და ის, რასაც ვხედავდი და ვისმენდი, სინამდვილეში კი არ ხდებოდა , არამედ რაღაც საშინელი ზღაპარი იყო, ვიღაც მიყვებოდა, მე კი გამოთაყვანებულივით ვუსმენდი…

იგი ჩემს წინაშე იდგა და ხელჯოხით რაღაც ფიგურებს ხაზავდა ძველ ხალიჩაზე, რომელიც იატაკზე ეფინა.

-ახალგაზრდა კაცი ხარ, – მითხრა, – ნუ გეშინია, შენს ჭრილობას ხელსაც არ ვახლებ. დახედვაც არაა საჭირო. ნუ ღელავ. აქ საშიში არაფერია. პირველად აქ რომ მოვხვდი, შენზე უარეს დღეში ჩავვარდი, დავითსა და მელიშაზეც იგივე შემიძლია ვთქვა… ჩვენ ყველანი ერთ ხელთათმანში ვართ… თუ გახსოვს, ერთი ასეთი ზღაპარი იყო წარსულში, „ვინ არის ამ ხელთათმანში?“ გახსოვს? არ გახსოვს? თაგვი თუ გახსოვს, მალ-მალე რომ გარბოდა, ერთთავად თავის დაღწევას ცდილობდა… აბა, ბაყაყი? მოკლეკუდა კურდღელი, ხომ გახსოვს? თუ მეხსიერება არ მღალატობს, „ხელთათმანი“ ერქვა იმ ზღაპარს. ახლა ჩვენც იმათ ბედს ვიზიარებთ, იმ თათმანში რომ იყვნენ გამომწყვდეულები… მაგრამ ნუ დაივიწყებ, რომ თუ სამუდამოდ მოხვედი, ათასმა წელმაც რომ განვლოს, არავინ მოვა და იკითხავს, აქ ხარ, თუ არა… არასოდეს… შენ ამას უნდა შეურიგდე… ერთხელ და სამუდამოდ!… რადგანაც ის დილა, რომელსაც შენ ელოდები, აღარასოდეს გათენდება… გახსოვდეს, აღარასოდეს!… თუმცა შენსას კაცი ვერ გაიგებს, შეგიძლია წახვიდე კიდეც, რადგანაც შენი ოცდა მეერთე ქრომოსომა ოცდამეერთე საუკუნის ტყუპის ცალია… ის ხომ ჯერ არ დასრულებულა, გამორიცხული არ არის, შეიძლება, შენ გელოდება… შენ ხომ ერთობ ნიჭიერი ხარ, შენ ჩემო სინდრომო… არა, ამას ყურადღებას ნუ მიაქცევ, ეს შენ არ გეხება, სრულებით არ გეხება! შენ სხვა სიმპტომები გაქვს, სხვა დარდის მატარებელი ხარ!…

მან მწარედ გაიღიმა, მერე გამურულ ჭერს ახედა,  მომიბრუნდა და განსხვავებული ტონით მომიგო:

-აგერ, ჭერზე რომ ობობას ქსელია, აიღე დააგორგოლავე და ჭრილობაზე დაიდე, მარგებელია… მიდი, ნუ გეშინია… დაივიწყე ის შეჩვენებული ოცდამეერთე ქრომოსომაცა და ოცდამეერთე საუკუნეც… მათგან სასიკეთოს ნურაფერს მოელი… დარჩენა თუ გინდა, ნუ შეგეშინდება, მითხარი და დღესვე წაგიყვან… კარგად დაფიქრდი, მანდვილად თუ გინდა წასვლა… იცოდე, ეგ შენი გადასაწყვეტია…

დავითი ხმას არ იღებდა. მელიშა ტიროდა…

წეღან აქ შემოსვლისას ეს უბედური მოხუცი რომ მიაშტერდა, საწყობის იმ ბნელ კუთხეში რაღაცამ გაიჩხაკუნა, ამას კვნესის მაგვარი ხმა მოჰყვა, მერე კი ვიღაც ჩახლეჩილად ახველდა. წამით ხველება შეწყვიტა და უხეშად ჩაიბუზღუნა:

-გვაცალეთ ძილი!… – ხველების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბერიკაცი უნდა ყოფილიყო, ხმაზე კი მივხვდი, რომ დაახლოვებით თანატოლები ვიქნებოდით…

თავში ყველაფერი ამერია, ვეღარ ვაცნობიერებდი რა ხდებოდა. უცნაურია, რომ შიშის გრძნობა აბსოლუტურად გამიქრა. თითქოსდა, მოხუცსაც მივავიწყდი, შეტრიალდა და ბურტყუნით გაემართა იმ კუნჭულისაკენ, საიდანაც ხველება და ბუზღუნი მოისმა. იქ მისული შეჩერდა, ფარდის მიერ დაკიდებული ზეწარი  ხელჯოხით ოდნავ გადაწია და ნაღვლიანი ხმით თქვა:

-მომიტევე ბატონო, თუ არ გეძინება, ეგებ კეთილი ინებო და შემოგვიერთდე?!…

ხელჯოხი უკან გადაწია, ზეწარი პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა, მერე დვითისკენ შემოტრიალდა და თვალი ჩაუკრა.  ეს სიტყვები კი არ ვიცი, ვისი მისამართით თქვა:

შე ძველო!

დაგეღვარა კომპოტი!

თუ გინდა რომ წყნარად იყო,

მშვიდად იყავ ბოლომდი!…

დავითმა არაფერი თქვა, ხელკავი გამიყარა, მიმიყვანა და იმ საწოლზე ჩამომსვა, სადაც მელიშა იწვა.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17