– საწყობის ბნელი კუთხიდან სხვა ხმაც მოისმა, ვიღაცამ, თითქოს სული ეხუთებაო, აქლოშინებულმა იკითხა:

-ექიმო, შეპირებული რატომ არ აგვისრულე? ეს ყველაფერი როდისმე დასრულდება, თუ არა?…

იგი კვლავ შეტრიალდა ბნელი კუთხისაკენ და სერიოზულად მიმართა:

-ნუ ღელავ, სულ ცოტა დარჩა… იქ სამზადისია… მალე ორივეს წაგიყვანთ… სულ მალე… – მერე შემოტრიალდა და სხაპასხუპით წარმოთქმული ეს სიტყვები ვის უთხრა, კვლავ ვერაფერი მივხვდი:

-მრგვალი! შავი! წითელი! პუტკუნა! ძირს რომ დასცე, მიწა გასკდება!… ოჰო-ჰო-ჰო! მალე ყველას წაგიყვანთ იქ!…

დავითს არც ახლა გაუღია ხმა-კრინტი. მელიშა კი კვლავინდებურად ტიროდა…

იგი მელიშას მიუბრუნდა:

-ხო, მელიშა, ახლა გუშინდელი საუბარი გავაგრძელოთ… ესე იგი სად გავჩერდით? აჰა, გამახსენდა… ესე იგი, თვალებს მაგრად ხუჭავ. დაიმახსოვრე, მაგრად! ამის შემდეგ თვალდახუჭულ მდგომარეობაში მიაჩერდები წერტილს, რომელიც ორ წარბს შორის მდებარეობს… თვალმოუცილებლად უყურებ, უყურებ… იმდენ ხანს უყურებ, მელიშა, სანამ იმ წყვდიადში ორ წარბს შორის ხუთკაპიკიანის ხელა ნათელი წერტილი არ წარმოიშობა. იმ ნათელს, თვალების მოძრაობით, საითაც გინდა, იქით წარმართავ. უფრო სწორად, წარმართავ იმ ადგილისაკენ, რომელიც გაწუხებს, ნათელს მტკივან წერტილზე შეაჩერებ. ის ადგილი შავ ლაქასავით მოგეჩვენება. დაიმახსოვრე, შავ ლაქასავით!  ჰო, ომ შუქს დაადებ იმ ლაქას. ეს პროცესი იმდენ ხანს გრძელდება… მელიშა, გესმის ჩემი?…

-კი, ექიმო, დაგენაცვლე, გისმენ…

მელიშა ტიროდა, დავითი კი ხმა-კრინტს არ ძრავდა…

-იმდენ ხანს გრძელდება, სანამ ის ნათელი იმ სიბნელეს არ შთანთქავს, არ გააქრობს…

მისი სიტყვების მნიშვნელობა მე არ მესმოდა, არ ვიცოდი, რას მიედ-მოედებოდა, თვალი კარისკენ მეჭირა. თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა, როგორ დავაღწიო თავი აქაურობას-მეთქი. ვიღაცის კლანჭებში რომ მოვხვდი, ამას უკვე ვაცნობიერებდი. მოხუცმა ხელი აიწვდინა და საწყობის დედაბოძთან დაბალ ჭერზე ჩამოკონწიალებული ობობას გვარიანად გამურული ქსელი ჩამოიღო, თითებს შორის მოიქცია და დაამრგვალა, მერე ყანყრატოსთან პირდაღებულ ჭრილობაზე დაიდო. ამჯერად ისე გამაჟრჟოლა, რომ შევქანდი კიდეც. ვფიქრობ, მანაც იგრძნო, როცა გვერდით ჩამიარა, წამით შეყოვნდა და ხელი მხარზე ჩამომადო. მომეჩვენა, რომ წეღანდელი მყრალი სუნი გაათმაგებულიყო. გული ყელში მომებჯინა, ძლივს შევიკავე თავი, რომ იქვე არ მერწყია.  უკვე სხვა ხმით ლაპარაკობდა.

-ძმისწულო, ქვეყნიერებას ოთხი ფეხი აქვს, მათგან ხუთი მე მოვაჭამე, მიხვდი?… ჩემს გაცურებას ნუ შეეცდები, მე ყველაფერი ვიცი. ისც ვიცი, რა ოინები დააწიე ყურბანშაჰს, საფლავის ქვას რომ ურჩევდი… წესივრად მოიქეცი, ნუ არტისტობ…

მელიშას ჩემი ერთი ხელი ჩაებღუჭა და აცახცახებული მეალერსებოდა ხელისგულზე, თანაც ჩუმი სლუკუნით ტიროდა. ამ წუთში მარლაც მჭირდებოდა ასეთი მხარდაჭერა, სხვა დროს ამ ქალს, რომელიც ეგზომ მძულდა, ამის უფლებას არ მივცემდი. ამასთან ერთად თავში ერთი აზრი მიტრიალებდა, მიტრიალებდა კი არა, თავის ქალას ასკდებოდა და მოსვენებას არ მაძლევდა: „უნდა გავიქცე! თავს ვუშველო! რის ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, უნდა გავიქცე, მორჩა და გათავდა!“  ეს მოხუცი აბსოლუტურად ფხიზელი იყო, არც მე ვიყავი მთვრალი, თითქოს ერთი ჭიქაც არ დამელია. მოხუცი, რომელსაც არ ვიცნობდი, როცა საფლავის ქვაზე ალაპარაკდა, მივხვდი, რაზეც მიმანიშნებდა. უბრალოდ, მე მას ხანოღლანში ვეშლებოდი. ეგ „საკითხი“ მე კი არა, სწორედ ხანოღლას უკავშირდებოდა. საქმე იმაშია, რომ მამას გარდაცვალებამდე ერთი-ორი წლით ადრე უფიქრია, ეს გულის სნეულება, ადრე თუ გვიან, ბოლოს მომიღებს, რომ მოვკვდე, ჩემი ბიჭების ამბავი რომ ვიცი, წესიერ საფლავის ქვასაც არ მაღირსებენ. ამიტომაც იგი ქვსიმთლელ ელემთან მისულა და ძვირადღირებული მარმარილოს ქვა შეუკვეთავს. მაგრამ არ უთქვამს, ეს ქვა ვისთვის სჭირდებოდა. ანუ დაუბარებია, ჯერ-ჯერობით ზედ არაფერი წააწეროო, დაამუშავე და საწყობში გქონდესო. ელემი ხანოღლანის ბავშობის მეგობარი იყო. სანამ მამაჩემს ქვის ფასს ეტყოდა, ერთი დღით ადრე ჩვენთან დაურეკავს, ხანოღლანს სთხოვეთო. ხანოღლანისთვის უთქვამს, „შენთან სერიოზული საქმე მაქვს, მოდი შევხვდეთო“. როცა შეხვედრილან, უცნობებია, რომ „მამაშენმა ვიღაცისთვის საფლავის ქვა შემიკვეთა, შენი ხათრით ფასს დავუკლებ, მაგრამ მთლად იაფად ვერ მივცემო. ქვები ძაან გაძვირდა და ნუ გეწყინებაო“. ხანოღლანი დაეჭვებულა, ნეტა მამა საფლავის ქვას ვისთვის აკეთებინებსო, მაგრამ ვერაფერს მიმხვდარა. მითუმეტეს, რომ მამას თავისი მშობლების საფლავების ამბავი უკვე მოთავებული ჰქონდა. ეგ კი არა და, უფროსი და გვყოლია, მეხმერა რქმევია სახელად, ჩუტყვავილა ვერ გადაუტანია და წლინახევრისა გარდაცვლილა, მამამ იმის საფლავსაც კი მარმარილოს ქვა დაადგა. ხანოღლანს უფიქრია, ჩანს მამაჩემს ბევრი ფული აქვს და თავისი ბიძებისთვისაც საფლავის ქვების დამზადება გადაუწყვეტიაო. ელემისთვის უკითხავს, ქვა რაც ღირდა. ხანოღლანს მაშინვე გადაუწყვეტია, მამას გავაცურებო, რადგანაც ფულის ამბავში იგი მამასაც კი არად დაგიდევდა. უკითხავს, მამაჩემს რამდენი უნდა სთხოვოო? იმას უთქვამს, ხუთიო. ამას – ხუთი კი არა, ათი სთხოვე, მამა ჩემია და მაგისი ხასიათისა მე ვიციო, უარს არ გეტყვის, გადაგიხდისო. მაგრამ ფულს რომ გამოართმევ, ხუთი მე უნდა მომცე, იცოდე, ვალში არ დაგრჩებიო. ასე და ამგვარად შეთანხმებულან. მერე ელემს მამაჩემისთვის იმდენი ფული გამოურთმევია, რამდენიც ხანოღლანმა უთხრა. რაც მამას ზედმეტი დასცანცლა, ხანოღლანისთვის გადაუცია. ამის შემდეგ რამდენ ხანს გაუვლია, ვერ გეტყვით, ის კი ვიცი რომ, ერთ მშვენიერ დღეს მამა მისულა ელემთან და უთქვამს, ეგ ქვა ჩემთვის გაგაკეთებინე და ჯერ იდოს მანდ საწყობშიო. ჩემი დრო იწურება, ვიცი, მალე უნდა მოვკვდეო და საფლავის ქვას ყურბანშაჰ ხანმუსა ოღლი წააწერე;  ჩემი დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებიც მიაწერო. ჩემი სურათი შეგიძლია არც დაახატო, მაგრამ ბოლოში აუცილებლად მიაწერე: ვაჟებისგან — ხანოღლანსა და თაღისაგან სამარადისო სახსოვარი… ელემი ჩემს ძმას შეხვედრია და ეს ყველაფერი მისთვის უამბნია. ხანოღლანი გაფითრებულა, თურმე აღარ იცოდა, რა ექნა, არადა თავისი წილი ფული უკვე დახარჯული ჰქონია, თორემ ელემს მისცემდა, რომ ამ უკანასკნელს როგორმე მამასთვის დაებრუნებინა. იმ პერიოდში ერთხელ მაგრად გამომთვრლა, მისულა ელემთან, შესულა საწყობში და მამას საფლავის ქვა გულში ჩაუკრავს და გულამოსკვნილი აქვითინებულა, მამა, მაპატიე, ეს დაუდევრობა მაპატიეო.  როგორც მერე გავიგე, ჩემს ამ გულქვა და უმოწყალო ძმას დიდხანს უტირია… მამა რომ დავასაფლავეთ, სანამ ორმოცს გადავუხდიდით, საფლავის ქვა დავადგით, მაგრამ მასზე ხანოღლანის სახელი არ იყო ამოტვიფრული. „თაღისგან სამარადისო სახსოვარი“-ო ეწერა. ხანოღლანს თავად უთხოვია ელემისთვის, ჩემი სახელი არ წააწეროო, სინდისს შეუწუხებია… ეტყობა, ეს ყველაფერი  სიმთვრალეში ელემს სადღაც უყბედია. მოკლედ, ჩვენი სამარცხვინო საიდუმლო მთელ ქეყანას მოედო…

-თაღი, შემოგევლე, აბა, თვალებში ჩამხედე, იმანის სურათი იქ ჯერ კიდევ ჩანს? მე სარკეში ვიხედები, მაგრამ იქ ვერაფერს ვხედავ…

მგონი მელიშამ ეს შეკითხვა იმიტომ დამისვა, ეცადა, ჩემი ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა. არადა ამ სიტუაციაში ეს ერთობ უადგილო შეკითხვა იყო. გაოგნებული ვიყავი, იმ წუთში სახელი რომ ეკითხათ, ვერ ვუპასუხებდი. ასეთმა სულელურმა შეკითხვამ მთლად გამაცეცხლა, მაგრამ ხმა არ ამოვიღე. მან მუჯლუგუნი გამკრა:

-თაღი, ჩამხედე თვალებში, რა იქნება… ამბობენ მოკლულის თვალებში მკვლელის სურათი ირეკლებაო… ეგებ ჩემს თვალებშიც აირეკლა მისი სურათი… ჩამხედე, რა, გეხვეწები…

„მელიშა, გაფიცებ ნუ სულელობ…“ მინდოდა მეთქვა, მაგრამ თავი ბოლო წამს შევიკავე. მელიშას ხასიათი ვიცოდი, ერთს თუ ჩაგაცივდებოდა, ვერაფრით მოიშორებდი.  აღარ ვიცოდი, რა მექნა, ამ მოხუცისთვის მეპასუხნა, მელიშას თვალებში იმანის ანარეკლი მეძებნა, თუ დრო მეხელთა და კიდევ ერთხელ მეცადა გაქცევა, როგორმე თავი დამეღწია ამ დასაქცევი საწყობიდან, რომელიც ამ წუთში საცხედრეს მაგონებდა.

-ხო მიხვდი რას გეუბნები? ხომ არ გწყინს?… – ეს უკვე მელიშა არა, მოხუცი იყო, მე მომმართავდა.

ყველაფერი ამის შემდეგ დაიწყო.

ერთი თვალის დახამხამებაში ჯერ ლამპა ჩაქრა, მერე კი გაზქურის ლურჯი ალი უკვალოდ გაქრა. მერე აღარაფერი მესმოდა. აღარც მელიშა ჩანდა სადმე, არც დავითი და არც ის მოხუცი, რომელმაც ასე მალე დამიმორჩილა. თითქოს და აღარც მე ვიყავი იქ, დიახ, იქ არ ვიყავი მე…

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17