* * *
… დაონმა ბინდბუნდში ყარაულის ქოხის წინ ყველანი მწკრივში ჩაგვაყენა. რიგში საკმაოდ ბევრნი ვიყავით: დავითი, მელიშა, ხანოღლანი, ელჯანი, იმანი, ჩლაჩი გულაჰმედა, კუზიანი ჯუმა, ცალთვალა აღასაფარი, მზესუმზირით მოვაჭრე ბიქა, გიჟუსუბა, მეჰერემი, მიღმიღა, ფარადეი, გუბადა, ფირუზა ექიმი, ძია აქიფი, მედდები, გულსუმი, მირბაბა… სხვებიც ბევრნი იყვნენ, რომელთაც არ ვიცნობდი…
„ახალი ცხოვრების“ მწყემსს – „ლენინის ორდენოსან“ გარდაშხანსაც მოვკარი თვალი, როგორც ყოველთვის გაჯგიმული იდგა. ამბობენ, ერთხელ გარდაშხანი ცხენზე ამხედრებულა და რაიონული ცენტრისკენ გაუწევია საყიდლებზე. იალაღებს საკმაოდ დაშორებია და მდინარე გოზლუმდე ყოფილა მისული, რომ ცხენდაცხენ მდევარი დასწევია და უთქვამს, სასწრაფოდ უკან დაბრუნდი, ცოლი გიკვდებაო. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ხნიერი ყოფილა, ცხენისთვის აღვირი მოუწევია და დაოთხილს მოუკურცხლავს იალაღებისკენ. ადგილზე მისულს, უნახავს, რომ მწყემსები და მათი ჯალაბობა მის ქოხთან შეყრილან, თანაც ქალები მოთქვამენ და გოდებენ… გარდაშხანს მჭახე ხმით უკითხავს: „რა ამბავია? აქ რას შეყრილხართ? რა გატირებთ?“ – ქოხში შესულებიცა და გარეთ შექუჩულებიც დაუფრენია, თავად შესულა შიგნით ლოგინად ჩავარდნილ მეუღლესთან… ამბობენ, ნახევარ საათში ქლოშინ-ქლოშინით გამოსულა გარეთ, თან შარვლის ღილებს იკრავდაო, მერე ცხენზე შემჯდარა და რაიონისკენ გაუწევია. ცოტა ხანში მისი მეუღლეც გამოსულა ქოხიდან, მხილველები ამბობენ, გარეთ გამოსული კაჟივით იყოო, ლოყები უღაჟღაჟებდაო. წეღანდელი სულთმობრძაობისა არაფერი ეტყობოდაო, ვითომც აქ არაფერიო, ცოცხი აიღო და ქოხის ირგვლივ ეზოს დაგვა დაიწყოო…
შემდუღებელ ლაჯებკომოდა მიქელასაც მოვკარი თვალი. მიქელას მამა აზამათა თარაქამების ცნობილი ტომის – ჯიდარლარების ჯიშისა იყო. მომთაბარეობის დროს შემთხვევით რაიონულ ცენტრში ვიღაცის ქორწილში მომხვედრილიყო. უწინ არასოდეს ყოფილა ბარში გამართულ ქორწილში და კლარნეტიც არასოდეს ენახა. ამიტომაც გვერდით მჯდომისათვის მუჯლუგუნი წაუკრავს და უთქვამს: „შეხე , ბიჭო, ეს რამხელა ზურნაა!“ ჰო, იმას მოგახსენებდით, საწყალი ლაჯებკომოდა თურმე ერთხელ დასთან ყოფილა გადასული და იქიდან რომ ბრუნდებოდა, გზად „მაკაროვის“ ტიპის რევოლვერი უპოვნია. ცოტა ნასვამი ყოფილა და ცაში ერთი ტყვია გაუსვრია. ხმაზე მოსულ მილიციელებს დაუკავებიათ და ვირის აბანოში გაუმწესებიათ… ცოლის ოქროები და ძმის ჟიგული გაუყიდია და თავი ძლივს დაუხსნია… ახლა მწკრივში იდგა და მოღრეცილი ფეხები სასაცილოდ უკანკალებდა…
მწკრივის აქეთ ბოლოში ბებია ქალი რუბაბე იდგა. საცოდავად მობუზულიყო. მასშემდეგ, რაც სტალინგრადის ბრძოლებში ერთად-ერთი ვაჟის დაღუპვის ამბავი შეიტყო, ამბობენ, სახლში ლამპა არ აუნთიაო. 50-იანი წლების ბოლოს როცა ყველას სახლში ელექტრო შუქი გაუყვანიათ, მას კატეგორიული უარი უთქვამს: „ჩემი შვილი წყვდიადშია და მე სინათლე რაში მარგიაო?“ ერთხელ კი, ამბობენ, იგი ჯინებს წაუყვანიათ. ეს ამბავი ასემომხდარა: ზამთრის სუსხიან ღამით მისთვის კარზე მიუკაკუნებიათ. კარს უკან ორი მამაკაცი და ერთი ქალი მდგარა. უთქვამთ, იქ ქალი მშობიარობს და მხოლოდ შენი იმედი გვაქვსო. ბებია რუბაბა უსიტყვოდ გაჰყოლია. დიდხანს უვლიათ და ქალაქის განაპირას იმ უკაცრიელ ადგილას მისულან, ხალხი „ცხენის სასაფლაოს“ რომ უწოდებს. იქ ლამაზი სახლი მდგარა. სახლში ბევრი ხალხი ყოფილა. იგი იმ ოთახში მიუყვანიათ, სადაც მშობიარე ქალი წოლილა. მშობიარობას კარგად ჩაუვლია. მერე უთავამთ, ახლა ფაფაც მოგვიხარშეო. მოუხარშავს. ამის შემდეგ ძეობის აღსანიშნავად მაგარი ზეიმი გაუმართავთ. ბებია რუბაბაც გაუცეკვიათ და ბლომად შაბაშიც მიუციათ. მერე კი უთქვამთ, ახლა სუფრას შემოუჯექი და ჩვენთან ერთად ფაფა მიირთვიო. დამჯდარა და ღმერთი რომ უხსენებია, ქვეყანა დატრიალებულა… ირგვლივ წყვდიადი ჩამოწოლილა. თვალები დაუხუჭავს და ამოუოხრია: „ღმერთო, მიშველე, რა ხდებაო!“ თვალები რომ აუხილია, უნახავს, რომ მართლაც უკაცრიელ სასაფლაოზეა, არავითარი სახლი, ირგვლივ კაცის ჭაჭანება არ არის, სრულიად მარტოა, თანაც ღამის პერანგი აცვია, შაბაშის ნაცვლად კალთაში ხმელი ფოთლები უყრია, ფაფის მაგივრად წინ ნეხვი უდევს, კოვზის მაგივრად კი ჯოხი უკავია… მუხლებ აკანკალებულს სახლამდე ძლივს მოუღწევია, მეზობლები გაუღვიძებია და ყველაფერი დაწვრილებით უამბნია. მერე კი შეუძლოდ გამხდარა და ლოგინად ჩავარდნილა… ამ ამბის მერე შებინდდება თუ არა, ქვეყანაც რომ დაიქცეს ეს გამოცდილი ბებია ქალი, თურმე, ცხვირს არ გამოყოფს გარეთ…
მოკლედ, კაცი ვერ დათვლიდა, ახლა ყველანი აქ იყვნენ. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ცოტა ხანში დაუნი მათ ბუზებივით ობობას ქსელში გამოამწყვდევდა, მერე კარგად მოზელდა და ჭრილობაზე დამადებდა… ვერ გეტყვით, ეს სულელური აზრები რატომ მიტრიალებდა თავში? თუ ასე არ იყო, მაშ დაონმა რატომ შეკრიბა ისინი აქ? ამათ აქ რა ესაქმებოდათ? ან ეგებ ამათ ერთ ქვაბში მოადუღებდა და ნახარშს ზეცას შეაფრქვევდა, იქნება გაექრო ის მყრალი სუნი, რომელსაც ქვეყნიერება მოუცავს… არ ვიცი… ვერაფერს გეტყვით…
როცა დავაკვირდი, შევამჩნიე, რომ ექიმს ჭრილობა უფრო ჩაჰღრმავებოდა, ხელში, როგორც ყოველთვის ხელჯოხი ეჭირა, მეორე ხელში კი, უცნაურია, მაგრამ წყლით სავსე ბოთლი ეკავა. ცოტა მოშორებით გაავებული აფთრები იდგნენ, მგონი მისი ბრძანებას ელოდნენ. სხვებზე რა მოგახსენოთ, მაგრამ მე დაზაფრულივით ვიყავი, აზროვნების თავი აღარ მქონდა. მან წყალი მოსვა, მერე კი ბოთლი აწია და შეხედა, თითქოს აინტერესებდა, შიგ რამდენი დარჩაო, ხელი დაუშვა, ჩაახველა და ხმამაღლა განაცხადა:
-ასე და ამგვარად!… აბა, ერთი ახლოს მოდი, მხცოვანო!… შენ გეუბნები, მოდი აქ!…
ვინც მან მოიხმო, ბოლო რიგებში იდგა. იგი ცნობილი აშუღი ალჯანი გახლდათ. სულ ცოტა, ოთხმოცი წლისა. მაღალი, გამხდარი კაცი გახლდათ, როგორც ხელოვანს, კარგი სახელი მოეხვეჭა. მახსოვს, მაშინ, როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, მას პატარა, კოხტად გამოთლილი საზი ჰქონდა, მეჯლისებში რომ უკრავდა, ყველა მოჯადოებულივით შესცქეროდა… იგი წინ წამოდგა, მაგრამ კანკალი აუტყდა, მერე, ისე, რომ თავადაც ვერ გაიგო, შარვლის ტოტები დაუსველდა და შარდი ფეხებშორის დაუგუბდა. ექიმმა ეს შეამჩნია და რიხიანად მიმართა:
-არა უჭირს, არა უჭირს, ხდება ხოლმე… ახლა მომახსენე, დავუშვათ, შენ ფრინველი ხარ, გედი, წერო, ან იხვი. ცაში გზა აგებნა და გუნდს ჩამორჩი. ირგვლივ უკუნი ღამეა, ვერაფერს ხედავ, არ იცი, საით წახვიდე. არც დაფრენა შეგიძლია, რადგან დაბლა მონადირეები და მეძებარი ძაღლები ირევიან. ტრიალებ ცაში და არ იცი რა ჰქნა. აბა მითხარი, რას იზამ? როგორ მოიქცევი?