სავალუტო ფონდის ანგარიში

ინფლაცია საქართველოში მიზნობრივ ანუ 3%-იან მაჩვენებელს 2024 წელს დაუბრუნდება – ასეთია სავალუტო ფონდის მისიის პროგნოზი.

საფინანსო ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანას 38 მილიონ დოლარს გამოუყოფს. მისია საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის პირველ მიმოხილვას ასრულებს და ქვეყანას დადებით შეფასებას აძლევს. ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება ტურიზმიდან შემოსავლების მატებამ, სატრანზიტო ვაჭრობის ზრდამ და ფინანსური ნაკადების შემოდინებამ განაპირობა. მისია ასკვნის, რომ უკრაინაში ომის ნეგატიური შედეგები ქართულ ეკონომიკაზე მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა. სავალუტო ფონდი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ფასების ზრდას მიიჩნევს. მისიის პროგნოზით, ინფლაციის შემცირება 2023 წლიდან დაიწყება, რის შესანარჩუნებლადაც ფონდი ეროვნულ ბანკს მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებას ურჩევს.