სავალუტო ფონდის ანგარიში
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში მისიას პოზიტიური პროგნოზებით ასრულებს.
ორი კვირის განმავლობაში გლობალური საფინანსო ინსტიტუტი საქართველოს ეკონომიკურ პარამეტრებს, ეროვნული ბანკის მუშაობას და მსოფლიო დაძაბულობის პირობებში, საგარეო შოკების მიმართ ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას იკვლევდა. გონივრული მონეტარული პოლიტიკა, გაუმჯობესებული საგარეო პოზიცია, რეკორდული სავალუტო რეზერვები და ობლიგაციების ბაზრის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯები – სავალუტო ფონდი ქვეყნის ეკონომიკის ფორმირებაზე პასუხისმგებელი უწყებების საქმიანობას დადებითად აფასებს. მთავარ გამოწვევად ფასების ზრდა სახელდება, რომელიც დიდი წილად ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებით არის განპირობებული. ინფლაცია, ისევე როგორც სხვა ეკონომიკური პარამეტრები, ფონდის შეფასებით კონფლიქტის დასრულების ვადებზე იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება ეკონომიკის ზრდას, საფინანსო ინსტიტუტი მაჩვენებელს უცვლელად 5,3 %-ზე ტოვებს.