გადავა თუ არა საქართველოს პარლამენტი დისტანციურ მუშაობაზე

გადავა თუ არა საქართველოს პარლამენტი საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას დისტანციურ მუშაობაზე, ეს დისკუსიის საგანი იყო დღევანდელ პლენარულ სხდომაზე. დეპუტატებმა რეგლამენტში მომზადებულ ახალ ცვლილებებზე იმსჯელეს, რომლის გათვალისწინებითაც, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, ობიექტური გარემოების არსებობისას, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პარლამენტს უფლება ექნება, საქმიანობა დისტანციურად წარმართოს.

დეპუტატების კითხვები ეხებოდა – რა საფრთხეებს შეიცავს დისტანციური მუშაობა, რამდენ ხანში მომზადდება შესაბამისი პროგრამა, რამდენად არის შესაბამისობაში ცვლილებები კონსტიტუციასთან. ამასთან, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა მოითხოვეს, რომ დაკონკრეტდეს, რა იგულისხმება ობიექტურ გარემოებაში.

მმართველი გუნდის ლიდერებმა განმარტეს, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში დისტანციური მუშაობის გამოცდილება აქამდე არ ყოფილა და ცვლილებების მიღებამდე, საჭიროა, პოტენციური საფრთხეების შესწავლა მოხდეს და ცვლილებების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხიც დაზუსტდეს.