პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში
ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირება განხილვის თემა იყო პარლამენტში.
პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ნაწილი სწორედ რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მიეძღვნა. ამ კონტექსტში მმართველი გუნდის ლიდერებმა ხელისუფლების პრაგმატულ პოლიტიკაზე და მშვიდობის დაცვაზე გააკეთეს აქცენტი. დებატების თემად იქცა ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესები და ცხრა პოლიტიკური ძალის მიერ ფორმირებული ახალი ალიანსი. „ქართული ოცნებისთვის“ ოპოზიციის ნაწილის ახალი ერთობა „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი და ყოფილი წევრების გაერთიანებაა, რომელიც გარე ძალების დავალებით შეიქმნა. სახელისუფლებო გუნდის მწვავე კრიტიკის სამიზნედ იქცნენ ის ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც ახალ ალიანსს არ შეუერთდნენ. მათ შორის გიორგი გახარიას პარტია, რომლის წევრები ახალი ოპოზიციური ერთობის მიმართ თავადაც სკეპტიკურად არიან განწყობილები. ყოფილი პრემიერის საპარლამენტო გუნდმა გამოსვლები ძირითადად სოციალურ პრობლემებზე საუბარს დაუთმო და „ქართულ ოცნებას“ კონკრეტული ინიციატივებით მიმართა.